დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 23, 2013

რაიკონენმა შეიძლება კორეა გამოტოვოს

Raikkonen not ruling out missing Korea Grand Prix
23 სექტემბერი
კიმი რაიკონენი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კორეული დიდი პრიზის გამოტოვება მოუხდეს. ამის მიზეზი კი, როგორც თავად ამბობს და ყველამ კარგად იცის, შეიძლება ზურგის ტკივილი გახდეს, რომლის გასაყუჩებლადაც ფინელი მრბოლი ინექციებს იყენებს. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ კიმიმ სინგაპურის ეტაპის კვალიფიკაციაზე მხოლოდ მე-13 დრო აჩვენა.

ბევრმა კიმის ეს პრობლემა იმ ფაქტს დაუკავშირა, რომ „ფერარისთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მას „ლოტუსის“ ხელმძღვანლობასთან ურთიერთობა გაუმწვავდა და ამის გამო, ის „მიზეზებს ეძებს“, რათა ბრიტანულ გუნდთან არსებული დარჩენილი ვალდებულებები პირნათლად არ შეასრულოს. მაგრამ მას „მაკლარენის“ ფინელი ექიმი აკი ჰინსტა გამოესარჩლა, რომელმაც ფინურ გამოცემა „ტურუნ სანომატთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სინგაპურში მან კიმის კორტიზონის ინქცია გაუკეთა.
„მოხარული ვარ იმის გამო, რომ ჩემმა ჩარევამ მას რბოლაში მონაწილეობის საშუალება მისცა“, - განაცხადა ჰინსტამ და დასძინა, რომ რაიკონენს ერთ-ერთ ნეკნისა და ხერხემლის დამაკავშირებელი ხრტილოვანი ნაწილი აქვს ტრავმირებული, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს. პრესასთან საუბრისას, რაიკონენი ამბობს, რომ ჯერ დარწმუნებული არაა, იასპარეზებს თუ არა კორეულ რბოლაში.
როგორც მოსალოდნლი იყო, მის ამ სიტყვებს პადოკში ბევრი კუდი მიაბეს. ზოგმა კიმის მიერ სინგაპურში ნათქვამი გაიხსენა - შემიძლია, სეზონის დარჩენილ რბოლებში არ ვიასპარეზო, ამის საშუალებას კონტრაქტის პირობები მაძლევსო. მაგრამ მას სხვა რამეც აქვს ნათქვამი: „მე მიყვარს რბოლები და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ აქ ვარ!“.
ამასობაში კი „ლოტუსში“ დარწმუნებულები არიან, რომ კიმის ნაცვლად, კვარცხლბეკზე რომენ გროჟანი უნდა მდგარიყო, რომელმაც ტექნიკური მიზეზის გამო, რბოლა ვერ დაასრულა. „რომენის პრობლემის გარეშე, კვარცხლბეკზე კიმი ვერ ავიდოდა. ამის ცოდნა ჩვენთვის სასარგებლოა“, - იმავე „ტურუნ სანომატთან“ საუბრისას განაცხადა „ლოტუსის“ მთავარმა ინჟინერმა ალან პერმეინმა. თუმცა, მან ალბათ უფრო ის იგულისხმა, რომ „ლოტუსს“ პილოტებთან დაკავშირებით, არჩევანის გაკეთება მოუწევს და კარგი იქნება, თუ გროჟანი თავისი კარგი გამოსვლებით, ამ არჩევანს გაუადვილებს.

გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ირწმუნება, რომ კიმი „ლოტუსის“ ხელმძღვანელებთან კონტაქტს მხოლოდ ტექსტური შეტყობინებებით აგრძელებს. მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა ფინელი მრბოლის მიერ ნათქვამს მოჰყვა - მან განაცხადა, რომ გუნდს ფულის გადაუხდელობის გამო ტოვებს. ეს კი იმ დროს მოხდა, როცა გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ „ლოტუსს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა. გუნდის მფლობელმა ჟერარ ლოპესმა განაცხადა, კიმისგან ამას არ ვიმსახურებდითო.

No comments:

Post a Comment