დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 5, 2013

„ფერარი ლაფერარი“ - სუპერ ავტომობილების ახალი ეტალონი

2013 LaFerrari: Ferrari Enzo Successor Revealed in Geneva
5 მარტი
ალბათ იტყვით, რომ იმ დროს, როდესაც სუპერების ელიტარულ კლუბში ისეთი შედევრები ფიგურირებს, როგორებიცაა „მაკლარენ P1“ და „ლამბორგინი ავენტადორი“ (სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ), ეტალონის არჩევა ცოტა უხერხულია. მაგრამ ალბათ საკამათო არაა ისიც, რომ ამიერიდან, როდესაც მსგავს ახალ ავტომობილს ვინმე წარადგენს, პირველ რიგში, მას სწორედ „ფერარის“ შესანიშნავ ქმნილებას შეადრის.
მაშ ასე, იცნობდეთ - „ფერარი ლაფერარი“, აწ უკვე ლეგენდარული „ენცოს“ შთამომავალი. ავტომობილი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელოდა. ავტომობილი, რომელიც მარანელოელებმა ფაქტობრივად ნაწილ-ნაწილ გაგვაცნეს, მაგრამ მისი სახელი, ჟენევის მოტორ შოუზე გამართულ მსოფლიო პრემიერამდე საიდუმლოდ შეინახეს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილი ავტომობილი მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე „ფერარის“ გამოუშვია. ის არის მარანელოელთა პირველი კვიცი, რომლის გადაადგილებასაც ჰიბრიდული აგრეგატი ემსახურება. და ის არის ყველა დროის ყველაზე მძლავრი „ფერარი“. სახელი „ლა ფერარი“ პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ფერარი“. მოკლედ, ეს ამ კომპანიის შემოქმედების მწვერვალია და სხვა სახელი ალბათ მისთვის შეუფერებელიც კი იქნებოდა.

„ლაფერარი“ სპეციალურად მისთვის შემუშავებული HY-კერს სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც კინეტიკური ენერგიის რეგენერაციას ახდენს და მას ელექტროენერგიის სახით, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ინახავს. ამ ენერგიას კი ელექტროძრავი, საჭიროებისამებრ იყენებს. აქვე დავსძენთ, რომ ეს სისტემა ფ1-ში დამკვიდრებული კერს-ის პრინციპით მუშაობს და შიდაწვის V12-ცილინდრიან ძრავთანაა ინტეგრირებული.
შიდაწვის ძრავი 6.3-ლიტრიანია და მისი პიკური სიმძლავრე 800 ცხენის ძალას აღწევს (9000 ბრ/წთ-ზე). რაც შეეხება ელექტროძრავს, მისი სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა. ამგვარად, „ლაფერარის“ მაქსიმალური სიმძლავრე 963 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 900 ნიუტონმეტრს აღწევს. ეს მაშინ, როდსაც ორივე ძრავი ტანდემში მუშაობს.
ამ აგრეგატის წყალობით, „ლაფერარის“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად სამ წამზე ნაკლები ჰყოფნის, ადგილიდან 300 კმ/სთ სიჩქარეს კი 15 წამში აღწევს. რაც სეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის „მხოლოდ“ 350 კმ/სთ-ია, რაც მთავარი კონკურენტის - „ლამბორგინის“ ექსკლუზიურ „ვენენოს“ მაქსიმალურ სიჩქარეზე ოდნავ ნაკლებია.
ორიოდ სიტყვა ელემენტების ბლოკზე: ის 62 კილოგრამს იწონის და ავტომობილის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. ამგვარად, ის ხელს უწყობს სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევას და ბორბლებს შორის წონის განაწილებას. ცნობისათვის, წინა ბორბლებზე ავრომობილის წონის 41 პროცენტი მოდის, უკანებზე კი - 59. რაც შეეხება „ლაფერარის“ წონას, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულმა სისტემამ 140 კილოგრამით დაამძიმა, ის თავისი კლასისთვის მაინც მსუბუქწონოსანია - 1255 კილოგრამს იწონის.
დიზაინზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ ავტომობილი ნაირ-ნაირი ელერონებით და სხვა აეროდინამიკური ელემენტებით გადატვირთულია. თუმცა მთავარი ისაა, რომ ყველა ამ ელემენტს მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია გააჩნია და ისინი აეროდინამიკურ მილში მრავალდღიანი ჩაბერვის შედეგად გაჩნდა. თუმცა, „ლაფერარისთვის“ თვალის შეეჩვევასთან ერთად, მისი განუმეორებელი სილამაზეც თანდათან აღქმადი ხდება.
დაბოლოს, „ფერარი“ თავის ახალ შედევრს მხოლოდ 499 ცალს დაამზადებს. თითოეული მათგანი 1.3 მილიონი ევრო ეღირება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment