დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 23, 2013

„ოპელ მონცა კონცეპტი“ - ახალი სტილი და ახალი მომავალი

Opel Monza Concept Paves the Styling Path for Future Production Models
23 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ოპელის სტენდის მთავარი ვარსკვლავი, კონცეპტუალური „მონცა“ იყო, რომელმაც გერმანული კომპანიის ახალ სტილსაც უნდა მისცეს დასაბამი და ახალ ავტომობილსაც, რომლის სახელითაც ერთ დროს პოპულარულ სპორტულ ავტომობილს უშვებდა. კონცეპტუალური „მონცას“ ძარა უფრო ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ (სპორტული უნივერსალი) სტილისაა, ვიდრე კუპესი. მაგრამ მის სტილს არც ეს განსაზღვრავს და არც დიდი ზომის, ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილის კარები, რომლების აწევითაც, მთელი სალონი იხსნება. კონცეპტუალური ავტომობილის იერს მისი რადიატორის ბადე და მის ორივე ზედა კიდეში მოთავსებული ფარებია.
კონცეპტუალურ „მონცას“ ახლანდელი სტილიდან, ბუმერანგის ფორმებში შესრულებული ზოგიერთი დეტალიც ახასიათებს. ოღონდ, „ბუმერანგების“ ფორმები უფრო დახვეწილია და ხაზგასმული. რადიატორს ზედა ნაწილს ქრომირებული ზოლი კვეთს, რომელსაც კომპანიის ლოგო ამშვენებს. ფარების ქვემოთ ორი დიდი ჰაერის ამღებია მოთავსებული, თუმცა ისინი ალბათ სერიულ ავტომობილებზე ან დაპატარავდება, ან საერთოდ გაქრება.
ავტომობილის სტილი, „ოპელის“ დიზაინის შეფ მარკ ადამსის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მისი განსაზღვრებით, ახალი სტილის ფილოსოფია შეიძლება დახასიათდეს, როგორც „სკულპტურული ოსტატობისა და გერმანული სიზსტის შერწყმა“. ოფიციალურ რელიზში, „ოპელს“ ამ კონცეპტის დასახასიათებლად ასეთი ხატოვანი შედარება აქვს აღწერილი: „კონცეპტუალური „მონცა“ ისევეა გამოქანდაკებული, როგორც ოკეანის ტალღებისგან ნაპირი“.
კონცეპტუალური „ოპელ მონცას“ გაბარიტებია: სიგრძე 4 690 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 310 მილიმეტრი. სამწუხაროდ, სხვა სიგანე და ბაზა არ გამოქვეყნებულა. სალონის სტრუქტურა, სერიული „ოპელების“ ანალოგიურ სტრუქტურებზე 150 მილიმეტრით დაბლაა განლაგებული, რისი წყალობითაც, სიმძიმის ცენტრმაც დაიწია. სიდაბლის მიუხედავად, „მონცას“ ფართო სალონი და დიდი საბარგული (500 ლიტრი) აქვს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინტერიერში გამოყენებული უახლესი, შუქდიოდური პროექცირების ტექნოლოგია. მისი მთავარი თვისება ისაა, რომ პროეცირების ერთ ზედაპირს იყენებს. სხვათა შორის, სწორედ პირველი „მონცა“ იყო ის ავტომობილი, რომელზეც 35 წლის წინ პირველად გამოიყენეს შუქდიოდური ტექნოლოგია. 18 ცალი შუქდიოდური პროექტორი მრავალფუნქციურ და ადაპტირებად დისპლეის ქმნის. მისი მართვა ხმოვანი სიგნლით და საჭის რგოლზე განლაგებული გადასართავებითაა შესაძლებელი. სხვათა შორის, ეს ტექნოლოგია პირველად დედოფალ ელიზაბეთის იუბილეს დროს გამოუყენებიათ და „ოპელმა“ მისი საავტომობილო მრეწველობაში დანერგვა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. მოკლედ, ფრანკფურტში „მონცასთან“ ერთად, ამ ტექნოლოგიის მსოფლიო პრემიერა შედგა.
კონცეპტუალურ „მონცას“ მოდულური აგებულება აქვს, რაც მასზე სხვადასხვა ტიპის ძალური დანადგარების გამოყენების საშუალებას, ბევრი გადაკეთების გარეშე იძლევა. ფრანკფურტში წარდგენილ ავტომობილს ელექტრო ძრავი ამოძრავებს, ავტომობილის სვლის სიშორის გასაზრდელად კი მას შეკუმშულ აირზე მომუშავე შიდაწვის ძრავი ემსახურება. ესაა სრულიად ახალი, სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი SIDI ტურბო ძრავი, რომელიც ეკონომიურიცაა და ატმოსფეროშიც მცირე რაოდენობით CO2-ს გამოჰყოფს.
რა თქმა უნდა, ძრავს საწვავად ბენზინის გამოყენებაც შეუძლია. ამ შემთხვევაში, მისი სიმძლავრე 114 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 166 ნიუტონმეტრი (1 800-დან 4 700 ბრ/წთ-მდე დიაპაზონში). სხვათა შორის, ამ ძრავით და მასთან დაკავშირებულ სრულიად ახალ, 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისიით აღჭურვილ პატარა საქალაქო ავტომობილ „ადამს“ მალე შესთავაზებენ მყიდველს.
დაბოლოს შეგახსენებთ, რომ „ოპელი“ „მონცას“ სახელით სპორტულ ავტომობილს 1977 წლიდან უშვებდა. ის ავტომობილი ბაზარზე 1986 წლამდე დარჩა და პოპულარობით სარგებლობდა. ეს იყო სხარტი, მსუბუქი, ექვსცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი სპორტსმენი. „ოპელის“ განმარტებით, ახალი კონცეპტუალური „მონცა“, თავისი წინამორბედის სულისკვეთებას გააგრძელებს.

No comments:

Post a Comment