დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 1, 2015

კონცეპტი „მაითი დეკ“ – „სუზუკის“ სიახლე ტოკიოსთვის

Suzuki Unveils The Mighty Deck Concept Ahead Of Its Official Debut
1 ოქტომბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის, რამდენიმე კონცეპტუალური სიახლე მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, მინი ავტომობილი „მაითი დეკია“. ამ კონცეპტში გაერთიანებულია როგორც ჰეჩბეკი, ასევე პიკაპიც და თუ გნებავთ, პლიაჟის ავტომობილიც. ის თავისი კოხტა გარეგნობით და მინიმალისტურად შესრულებული სალონით გამოირჩევა. და რაც მთავარია, იაპონიაში მეტად პოპულარულ, ეგრეთ წოდებული კეი ქარების სეგმენტს განეკუთვნება.
„მაითი დეკს“ აქვს 2+2 ტიპის ინტერიერი, რბილი სახურავი და ღია უკანა ნაწილი, რომელიც პიკაპის საბარგულს მოგაგონებთ. ეს სეგმენტი, პატარა გემის გემბანის სტილშია შესრულებული და ავტომობილის სახელში სიტყვა „დეკ“ სწორედ ამას აღნიშნავს. ამ მხრივ, ის „სუზუკის“ პოპულარულ კომერციულ ავტომობილს, „მაითი ბოის“ გაგახსენებთ, რომელიც 1980-იან წლებში გამოდიოდა.
კონცეპტუალური ავტომობილის საბარგო სეგმენტი ისეა მოწყობილი, რომ მისი გამოყენება, არაერთი დანიშნულებით არის შესაძლებელი. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მართალია, ეს სეგმენტი მცირეა, მაგრამ მისი მოწყობა ისე შეიძლება, რომ ის არაერთ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოგადგეთ. საბარგულის გარდა, ის შეიძლება გამოიყენოთ ასევე დასასვენებლადაც. ოღონდ, „სუზუკი“ არ განმარტავს, კონკრეტულად როგორ.
ასეა თუ ისე, პატარა ავტომობილი, „სიტროენის“ მიერ ფრანკფურტში ახლახანს წარდგენილ კონცეპტ „კაქტუს M-ს“ მოგაგონებთ. რა თქმა უნდა, არა გარეგნობით. და არც გაბარიტებით. ორივე ერთდროულად საქალაქო ავტომობილიცაა, უგზოობისაც და საპლიაჟო-გასართობიც. ამასთან, „მაითი დეკი“ ჯუჯა პიკაპის მოვალეობასაც არ ითაკილებს.
კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3 395 მილიმეტრი, სიგანე 1 475 მილიმეტრი და სიმაღლე 1 540 მილიმეტრი. ის აღჭურვილია სამცილინდრიანი 658 კუბურსანტიმეტრიანი ტურბო ძრავით, რომელსაც ასისტენტობას ელექტრო ძრავი უწევს. მათი ძალა წინა ბორბლებს მიეწოდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არაა მისი მოცულობა. ნებისმიერ შემთხვევაში, სიმძლავრე ის პარამეტრი არაა, რომლითაც ამ პატარა ავტომობილის შეფასება იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment