დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 26, 2015

სერბული კომპანიის ამბიციური გეგმები

26 დეკემბერი
სერბეთში მუშაობა დაიწყო ახალმა საავტომობილო კომპანიამ, სახელად „აქოსმა“, რომელიც კომპაქტური და უგზოობის, ასევე სუპერ ავტომობილების წარმოებას გეგმავს. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, სერბული კომპანია თავის პირველ ავტომობილებს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს.
კომპანია „აქოსი“, სერბმა დიზაინერმა, საშა მილოვანშევიჩმა დააარსა, ვინც ადრე სხვადასხვა დიდ საავტომობილო კომპანიაში მუშაობდა. მან თავის კომპანიაში გერმანელი, ბრიტანელი და იტალიელი ინჟინრები და დიზაინერები, ასევე ბელგრადის უნივერსიტეტის თანამშრომლები მიიწვია.
სერბულ კომპანიას შვიდი მოდელის გამოშვება აქვს დაგეგმილი. მათ შორის უნდა იყოს კომპაქტური „აქოს 25“, მასზე მაღალი კლასის „ვალე 45“, კუპე „ზულუ 60“, ასევე ორ და ოთხკარიანი „აქოს ფასტბეკი“, ორადგილიანი სპორტული ავტომობილი „აქოს ხავიერი“, უგზოობის „პეია 4XL ოფროუდი“ და სუპერ ავტომობილი PM.
„აქოს 25-ის“ სიგრძე 3850 მილიმეტრი იქნება, წონა 940 კილოგრამი. ის აღიჭურვება 1.2-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 95 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ ძრავით ავტომობილს მოკრძალებული მახასიათებლები ექნება. კერძოდ, ადგილიდან ასის აკრეფას 9.5 წამს მოანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 185 კმ/სთ ექნება.
„ვალე 45“ უფრო დდ ავტომობილად არის ჩაფიქრებული. მისი სიგრძე ოთხ მეტრზე მეტი იქნება, წონა კი 1050 კილოგრამს მიაღწევს. ამ ავტომობილს 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი მოემსახურება, 180 ცხენის ძალით. მისი წყალობით, ავტომობილი ადგილიდან ასის მიღწევას 6.0 წამს მოანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 235 კმ/სთ იქნება.
„ზულუ 60“ სპორტული ავტომობილია, ჩასაჯდომი ფორმულით 2+2. მას ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზე ააგებენ. მას მამოძრავებელ ძალას, 2.4-ლიტრიანი V6 ძრავი მიანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 270 ცხენის ძალაა. მისი დახმარებით, სპორტქარი ასს დაახლოებით ხუთ წამში მიაღწევს, მისი მაქსიმუმი კი საათში 260 კილომეტრი იქნება.
„აქოს ფასტბეკის“ სიგრძე 4790 მილიმეტრი უნდა იყოს, წონა კი 1600 კილოგრამს მიაღწევს. მას მბიძგველ ძალას 3.2-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი აგრეგატი მიანჭებს, რომლის სიმძლავრეც 370 ცხენის ძალა იქნება. მისი დახმარებით, 0-100 კმ/სთ-მდე ავტომობილის აჩქარება 5.5 წამში მოესწრება, მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ უნდა იყოს.
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოდელი, სპორტული „აქოს ხავიერია“ უნდა იყოს. მის კაპოტქვეშ 4.7-ლიტრიანი V10 ძრავი განლაგდება, რომლის სიმძლავრეც 505 ცხენის ძალას მიაღწევს. მისი დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასს 3.5 წამში აკრეფს, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ იქნება.
დაბოლოს, უგზბის ავტომობილის შესახებ. „პეია 4XL ოფროუდის“ სიგრძე 4660 მილიმეტრი უნდა იყოს, წონა კი 1800 კილოგრამი. ის 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 330 ცხენის ძალას მიაღწევს. ეს ავტომობილი ადგილიდან ასის მიღწევას დაახლოებით შვიდ წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ უნდა იყოს.

რაც შეეხება სუპერ ავტომობილ PM-ს, მის შესახებ სერბული კომპანია ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს.

No comments:

Post a Comment