დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 5, 2013

პირველი ოფიციალური ინფორმაცია გრძელბაზიან „რეინჯ როვერ L-ზე“

2014 Range Rover L Extended Wheelbase Revealed
5 ნოემბერი
„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით გრძელბაზიანი „რეინჯ როვერ L-ის“ ფოტოები და ინფორმაციის მცირე ულუფა გაავრცელა. ამ ბორბლებიანი აპარტამენტის შესაქმნელად, ბრიტანული კომპანიის ინჟინრებმა მეოთხე თაობის „რეინჯი“ 200 მილიმეტრით დააგრძელეს, რისი წყალობითაც, სალონში უკანა მგზავრების ფეხებისთვის ადგილის სიგრძე 140 მილიმეტრით გაიზარდა. ამ ავტომობილის ეგრეთ წოდებული ულტრა-ექსკლუზიური ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექ“, დუბაის მოტორ შოუზეა წარდგენილი, რომელიც დღეს გაიხსნა. ისე კი, „რეინჯ როვერ L-ის“ მსოფლიო პრემიერა მალე ერთდროულად ლოს ანჯელესისა და გუანჯოუს (ჩინეთი) მოტორ შოუებზე გაიმართება.
ეს პირველი გრძელბაზიანი ავტომობილია, რომელიც „ლენდ როვერმა“ ბოლო ოც წელიწადში გამოუშვა. ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილს მყიდველს შესრულების რამდენიმე დონით შესთავაზებს. ესენია „ვოგი“, „ვოგ SE“, „ავტობაიოგრაფი“ და „ავტობაიოგრაფი ბლექ“, რომელიც ყველაზე მდიდრულია და ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილის პირველი ჩვენება პრაქტიკულად ერთდროულად სამ გამოფენაზე ეწყობა, იმას ნიშნავს, რომ „ლენდ როვერი“ ამ ბაზრებს გრძელბაზიანი „რეინჯისთვის“ პრიორიტეტულად მოიაზრებს.
გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ სიგრძე 5200 მილიმეტრამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ავტომობილს საბაზო ვერსიისგან სტილისტური თავისებურებებიც გამოარჩევს, რომლებმაც „რეინჯს“ უფრო მდიდრული იერი მიანიჭეს. სიგრძეში ზრდას, ავტომობილის 80 კილოგრამით დამძიმება მოჰყვა და მისმა წონამ 2.4 ტონას მიაღწია. 315 ლიტრით გაიზარდა საბარგულის მოცულობა, რომელიც სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, 2 345 ლიტრს აღწევს.
სიახლეები სალონშიცაა. ყველაზე მეტად ეს „ავტობაიოგრაფი ბლექს“ ეხება, რომელიც ფაქტობრივად, უგზოობის ლიმუზინია. ამ ავტომობილის უკანა სავარძლები ისევე ინდივიდუალურად რეგულირდება, როგორც წინები. მათ აქვთ ინდივიდულური კლიმატ კონტროლი, მულტიმედიური სისტემები 10.2-დუიმიანი სენსორული მონიტორებით, სავარძლებს აქვს მასაჟორები. სავარძლებს შორის მოთავსებულია მინი მაცივარი, წინა სავარძლების უკანა ნაწილზე კი დასაკეცი მაგიდებია დამონტაჟებული. ლაპარაკიც არაა იმაზე, რომ სალონი უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ხის მასალითაა გაფორმებული.
გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ ძრავების გამაში ჯერჯერობით ორი აგრეგატია შესული. ესენია ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8 ტურბინით, რომლის სიმძლავრეც 510 ცხენის ძალაა და 4.4-ლიტრიანი V8 დიზელი 339 ცხენის ძალით. პირველი ძრავის შემთხვევაში, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 5.5 წამი ჰყოფნის.

No comments:

Post a Comment