დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 18, 2013

დომენიკალი: „ფერარიში“ ალონსოს ეპოქა ახლა იწყება

Ferrari's Alonso era only beginning - Domenicali
18 ოქტომბერი
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ გუნდში ფერნანდო ალონსოს ეპოქა მხოლოდ ახლა იწყება. ამგვარად, მან გადაფარა ის ჭორები, რომელთა შესაბამისადაც, ალონსო დაიღალა „ფერარის“ არაკონკურენტუნარიანობით, რასაც უკვე ოთხი სეზონია, ბოლო არ უჩანს და ამის გამო, „რედ ბულში“ გადასვლას, ან „მაკლარენში“ დაბრუნებას აპირებს.
დომენიკალი იხსენებს, რომ მიხაელ შუმახერსაც ოთხი სეზონი მოუწია ცდამ, სანამ „ფერარისთან“ ერთად, პირველ ტიტულს მოიგებდა. მისი ვარაუდით, ალონსოს ჩემპიონობის დრო 2014 წლის სეზონში დადგება. „ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“, - ამბობს მარანელოელთა შეფი და დასძენს, რომ „ფერარიში“ ალონსოს მიერ გატარებული წლები ძალიან ნაყოფიერია.
„მის შედეგებს სხვა კუთხით უნდა შევხედოთ და აღმოვაჩენთ, რომ ორ სეზონში მან ტიტული ბოლო რბოლაში დაკარგა. ამ ორიდან თუნდაც ერთი რომ მოგვეგო, სულ სხვა, ფანტასტიურ სურათს მივიღებდით. მოკლედ, ეს ყველაფერი რაციონალურ შეფასებას საჭიროებს. იტალიელებს და ესპანელებს რაციონალურობა ნულსა და 0.5-ს შორის გვაქვს. მესმის, რომ საუკეთესო მრბოლს, ვისაც ორი ტიტული აქვს მოპოვებული, ყოველთვის სურს, რომ თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეს, კონკურენტუნარიანი მანქანით ასპარეზობდეს და ეს ნორმალურია“, - მსჯელობს დომენიკალი.
„ფერარის“ და ალონსოს კონტრაქტი ერთმანეთთან რამდენიმე სეზონით აკავშირებს, მაგრამ სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ იტალიურ გუნდს „რედ ბულიდან“ სებასტიან ფეტელის გადაბირება სურს. თუმცა, დომენიკალის მიაჩნია, რომ ალონსო ფეტელზე უკეთესი მრბოლია: „რა თქმა უნდა, სებასტიანი შესანიშნავი მრბოლია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის სრულფასოვან მრბოლად ჩამოყალიბდა. მაგრამ მისადმი პატივისცემის მიუხედავად, ის საუკეთესო მანქანით ასპარეზობს, რომელიც ჩვენსაზე სწრაფია. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს“.
ის ამბობს, რომ „ფერარიმ“ და ალონსომ ერთად უნდა გააგრძელონ ასპარეზობა. ეს ჩვენთვის ერთობლივი გამოწვევა იქნება, რომელსაც ერთად უფრო ადვილად გავუმკლავდებითო. „ისიც ყოველთვის ამას იმეორებს და არ ვიცი, ეს ჭორები რის საფუძველზე წარმოიქმნა. ნორმალურია, რომ მისი გადაბირება სხვა გუნდებს სურთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მისი დატოვება გვსურს და კონტრაქტი ამის საშუალებას სამი სეზონის განმავლობაში მოგვცემს. ამაზე მეტი რაღა უნდა ვთქვათ?“, - დასძენს დომენიკალი და იმედოვნებს, რომ ესპანელი მათთან უფრო დიდი ხნითაც დარჩება.

No comments:

Post a Comment