დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 18, 2013

„უილიამსში“ მალდონადოს მასა შეცვლის?

Maldonado exit opens Williams door for Massa
18 ოქტომბერი
თუ პასტორ მალდონადო „უილიამსს“ დატოვებს, მაშინ ბრიტანულ გუნდში გზა ფელიპე მასას გაეხსნება - ასეთ ვერსიას ავრცელებს ბრაზილიური გაზეთი „ო ეშტადუ დე სან პაულუ“. ცნობილი რეპორტიორი ლივიუ ორიკიო ირწმუნება, რომ ამჟამად ვენესუელელი მრბოლის მენეჯერები და სპონსორები მოლაპარაკებას აწარმოებენ „უილიამსის“ ხელმძღვანელობასთან, რათა მიაღწიონ მათ შორის არსებული კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას.
28 წლის მალდონადოს პირადი სპონსორი, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA უჭერს მხარს, რომელსაც ბრიტანულ საჯინიბოსთან კონტრაქტი აკავშირებს. მალდონადოს აღარ სჯერა, რომ „უილიამსი“ ოდესმე შეძლებს მისთვის კონკურენტუნარიანი ავტომობილის მომზადებას. თავის მხრივ, „უილიამსს“ ჰაერივით ესაჭიროება ვენესუელური ნავთობ-დოლარები. მაგრამ როგორც ირკვევა, მისი ბოლიდი FW35 პრაქტიკულად არ რეაგირებს სრულყოფის პროცესზე. ამას თავად „უილიამსის“ ინჟინრებიც გაოცებულები აღიარებენ.
ამის შედეგი ისაა, რომ მალდონადოს, რომელმაც გასულ სეზონში ბარსელონაში ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო, ახლა ერთადერთი ქულის ამრაა. რა თქმა უნდა, ეს მას არ მოსწონს. თუმცა, „უილიამსის“ ერთი წევრი, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად სამხრეთამერიკელ მრბოლსაც ასახელებს.
„ის კვლავაც უამრავ შეცდომას უშვებს. კორეაში მას არაერთხელ გავუმეორეთ, მარჯვენა წინა ბორბალს მოფრთხილებოდა და შეძლებისდაგვარად, ბრძლებს მორიდებოდა. მაგრამ მან რა გააკეთა? ცოფიანივით რბოლა გააგრძელა და სამ წრეში საბურავები მოსპო“, - ყვება ინჟინერი. იაპონიაში პასტორმა ყველა გააოცა, როცა ბოლო წრის ბოლო მოსახვევში თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს გაასწრო. და ეს მხოლოდ იმისათვის, რომ მე-16 ადგილი დაეკავებინა.
„ო ეშტადუ დე სან პაულუ“ და გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ირწმუნებიან, რომ მალდონადოს „ლოტუსში“ გადასვლა სურს. აქ ნიკო ჰულკენბერგის გადაყვანა ურჩევნიათ, მაგრამ არჩევანი მათზე არაა დამოკიდებული. „ლოტუსს“ ბიუჯეტი აქვს შესავსები და ამ თემაზე, ინვესტორთა ჯგუფ „კვანტუმთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელსაც დასასრული არ უჩანს. და თუ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ მალდონადოს შანსები გაიზრდება.
PDVSA „უილიამსს“ სეზონში 35 მილიონ ევროს უხდის. მათი კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ორი წელია. ბრიტანული საჯინიბოს შეფი კლერ უილიამსი იაპონური ეტაპის წინ კარაკასში იმყოფებოდა, რათა ნავთობკომპანიასთან პრობლემები მოაგვაროს. გავრცელებული ხმებით, PDVSA მზადაა, კონტრაქტის გამოსასყიდად, არაერთი მილიონი ევრო გადაიხადოს. თუ ეს შეძლო, მაშინ მალდონადოს „ლოტუსში“ გადასვლასაც დააფინანსებს.
სხვათა შორის, მალდონადოს და მასას ერთი მენეჯერი ჰყავთ - ნიკოლას ტოდტი, ვინც FIA-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტის შვილია. ის PDVSA-ს და „უილიამსის“ მოლაპარაკებაშია ჩართული და იმედოვნებს, რომ გუნდში მასას მოწყობასაც შეძლებს. სხვათა შორის, ბრაზილიელმა მრბოლს მხარს თავისი ქვეყნის ნავთობკომპანია „პეტრობრაზი“ უჭერს მხარს, თუმცა მისი პაკეტი მხოლოდ 6 მილიონ ევროს მოიცავს. თუმცა, თუ PDVSA „უილიამსს“ გამოსასყიდ მილიონებს დაუტოვებს, ამით მასასაც ფ1-ის კარიერის გაგრძელებაში შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment