დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 3, 2013

განახლებული „ლენდ როვერ დისქავერი“

2014 Land Rover Discovery Facelift Revealed
3 სექტემბერი
ახლანდელი „ლენდ როვერ დისქავერი“ ბაზარზე 2004 წლიდანაა. ოღონდ, თუ ადრე მას ზოგიერთ (მათ შორის ამერიკულ) ბაზარზე LR3 ერქვა, 2009 წლიდან LR4-ის სახელით იყიდება. თუმცა, სახელის ცვლილება ახალი თაობის გამოშვებას არ მოჰყოლია. და ცხრა წლის შემდეგაც, ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ უმნიშვნელო განახლებით გვთავაზობს.
ჯერ ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ ინტერნეტით განახლებული „რეინჯ როვერ ევოუკი“ (რომელიც ოპციით შეიძლება 9-საფეხურიანი კოლოფით აღიჭურვოს) გაგვაცნო და უკვე „დისქავერის“ ჯერიც დადგა. შორს არაა ის დრო, როცა ბრიტანული კომპანია ახალი თაობის „დისქავერის“ გამოუშვებს და სანამ ეს მოხდება, ახლანდელ თაობას განახლება მართლა არ აწყენდა. მითუმეტეს, ის კორპორატიული სტილის შესაბამისი გახდა.
ყველაზე მეტი ცვლილება ავტომობილის წინა ნაწილშია შესამჩნევი. შეიცვალა რადიატორის ცხაური, მთავარი, გაბარიტული და სანისლე ფარები, ბამპერი. საერთო ჯამში, „დისქავერი“ გარეგნულად „რეინჯ როვერის“ სტილს დაუახლოვდა, რაც მის პრემიუმ მიმართულებას უსვამს ხაზს. იმავდროულად, ავტომობილს ყველგანმავალისთვის დამახასიათებელი, მოუხეშავი სტილიც შეუნარჩუნდა, რაც ამ ტიპის ავტომობილების მოყვარულთ განსაკუთრებით იზიდავს.
სიახლეებია ძრავების გამაშიც. უფრო სწორედ, არსებული აგრეგატებიდან ზოგიერთს მოდიფიკაცია ჩაუტარდა. მაგალითად, 3.0-ლიტრიანი დიზელი SDV6 უფრო ეკონომიური გახდა და გარემოს ნაკლები ნახშირორჟანგითაც აბინძურებს, რაშიც მასთან შეწყვილებული ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფიც ეხმარება.
უფრო კონკრეტულად კი: ძრავის სიმძლავრე 256 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 600 ნიუტონმეტრი, რაც საკმარისია იმისათვის, რომ „დისქავერიმ“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 8.8 წამში აკრიფოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ს აღწევს. კომბინირებული რეჟიმით გადაადგილებისას, ამ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 8.0 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. თანამედროვე საზომებით შეიძლება ხარჯი ცოტად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ „დისქავერი“ გაცილებით დიდი „რეინჯ როვერ სპორტის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და 2570 კილოგრამს იწონის. დაბოლოს, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა ყოველ კილომეტრზე 213 გრამია (განახლებამდე 230 გრამი იყო).
„ლენდ როვერი განახლებულ „დისქავერის“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს. მასზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, მიწოდება კი ნოემბერში დაიწყება.

No comments:

Post a Comment