დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 3, 2013

„ფორდ მონდეო ვინიალე“ ახალი ქვე-ბრენდის პირველი მერცხალი

Ford Mondeo Vignale Study Kickstarts New Upscale Sub-Brand in Europe
3 სექტემბერი
„ფორდი“ ევროპულ ბაზარზე ახალი „მონდეოს“ გამოტანას 2015 წელს გეგმავს, თუმცა ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსია „მონდეო ვინიალეს“ ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგენს. საქმე ისაა, რომ ძარების წარმოებაზე სპეციალიზებული იტალიური კომპანიის სახელს, ამიერიდან ცისფერი ოვალი საკუთარი მიზნებისთვის, კერძოდ კი უფრო მაღალი კლასის ავტომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდისთვის გამოიყენებს.
ატელიე „გიას“ მსგავსად, „ვინიალეც“ ტურინში ბაზირებული ფირმა იყო, რომელიც საბოლოოდ ამერიკული კომპანიის ბრენდების კოლექციაში აღმოჩნდა. მაგრამ „გიას“ ნაკლებად გაუმართლა და ამჟამად მისი მოვალეობა, ცისფერი ოვალის ევროპული მოდელების ინტერიერის გაწყობაა. „ვინიალეს“ კი, როგორც ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ვებგვერდი იუწყება, გაცილებით საპატიო მისია ერგო და მისი ნამუშევრები დროგამოშვებით ჩნდებოდა ხოლმე საავტომობილო გამოფენებზე. ასე იყო 2004 წელს, როცა კონცეპტუალური „ფოკუს ვინიალეს“ სახით, მომავალი „ფოკუს კუპე კაბრიოლეტის“ წინამორბედი გვიჩვენეს. „ვინიალე“ ამერიკულმა კომპანიამ 1993 წელს თავის ჯგუფში შემავალ ბრიტანულ „ასტონ მატრინისთვისაც“ გამოიყენა - იტალიურმა ატელიემ კონცეპტუალური „ასტონ მარტინ ლაგონდა ვინიალე“ შეიმუშავა.
რაც შეეხება „მონდეო ვინიალეს“, ის გარეგნულადაც და ინტერიერითაც, პრემიუმ კლასთან უფრო ახლოსაა. „ფორდი“ თავადაც ადასტურებს, რომ ამ თითქმის მივიწყებული სახელით მონათლავს ავტომობილებს, რომლებზეც, საბაზო ვერსიებთან შედარებით, ყურადღება კომფორტსა და „მათი ფლობით სიამოვნების მიღებაზე გამახვილდება“.
მაგალითად, სტანდარტულ „მონდეოსთან“ შედარებით, მის კონცეპტუალურ ვერსია „ვინიალეზე“ რადიატორის ბადე ქრომირებულია, რაც მდიდრულობის ნიშანია. შეცვლილია ბამპერი, ქრომი სხვა დეტალებზეც გამოჩნდა, ნისლის ფარები შუქდიოდური ელემენტებითაა, ბორბლები 20-დუიმიანია, „მონდეოს“ წარწერები კი „ვინიალეთი“ შეიცვალა.
სალონი უფრო ლუქსის დონისაა. დალიანდაგებული ტყავითაა გაწყობილი სავარძლები და კარის პანელები, ასევე მაჩვენებლების დაფის ნაწილი, ცენტრალური კონსოლი და საჭის რგოლი. საბარგულში ნახავთ შესანახ სეგმენტს „ვინიალეს“ წარწერით და ამავე სახელის მქონე სამგზავრო ჩანთას. ასევე თქვენს სამსახურშია უკაბელო ინტერნეტი. „ვინიალეს“ ბრენდით გამოშვებული ავტომობილების მყიდველს დილერები სპეციალურ (კონსიერჟის სტილის) მომსახურებასაც შესთავაზებენ.
„მონდეო ვინიალეს“ სერიული ვერსიის დებიუტიც 2015 წელს შედგება. შემდეგი მოდელები, რომლების „ვინიალე“ ვერსიებსაც მყიდველს შესთავაზებენ, „S-მაქსი“ და „ეჯია“. „ფორდი“ ამ ქვე-ბრენდით თავისი მოდელების ST-ვერსიებსაც გამოუშვებს, რომელთა შორისაც, პირველი „ფოკუს ST-ს“ განახლებული ვერსია იქნება.
ამერიკული კომპანია ვარაუდობს, რომ მისი ავტომობილების მყიდველთა 10-15 პროცენტი არჩევანს სწორედ „ვინიალე“ ვერსიებზე შეაჩერებს.

No comments:

Post a Comment