დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 3, 2013

ოჟიემ ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

Ogier wins in Finland to edge towards world title
3 აგვისტო
ფრანგმა სებასტიან ოჟიემ, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ფინეთში მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ ტიტულს, რომელსაც ცხრა წელია, არავის უთმობდა მისი ლეგენდარული თანამემამულე სებასტიან ლოები. სეზონის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე, ოჟიე 90 ქულას უგებს უახლოეს მდევრებს, ფინელ თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალას და ბელგიელ ტიერი ნოივილს.
ოჟიემ ფინიშთან 36.6 წამით აჯობა ნოივილს და მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება იზეიმა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოჟიე გახდა სულ მეხუთე არასკანდინავიელი მრბოლი, ვინც ათასი ტბის რალიზე (ფინეთის რალი ამ სახელითაა ცნობილი) გამარჯვება შესძლო.
„ჩემი ოცნება იყო აქ გამარჯვება და დღეს ეს ოცნება ავისრულე. ფინეთში გამარჯვება და ამისთვის მიღებული ბლომად ქულები - ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი“, - განაცხადა ფრანგმა. მხოლოდ მესამე ადგილი ერგო სკანდინავიელ მრბოლს, მაგრამ კვარცხლბეკზე ფინელი არ ასულა - მესამე ადგილი ნორვეგელმა მადს ოსტბერგმა დაიკავა, ვისაც თითქმის ნახევარი წუით ჩამორჩა ფინელი მიკო ჰირვონენი.
აღსანიშნავია, რომ პირველი დღის შვიდი სპეცმონაკვეთის განმავლობაში, რბოლას ოთხი ლიდერი ჰყავდა. ერთ მომენტში კი მოწინავე ოთხეულს მხოლოდ 11 წამი აშორებდა. ოჟიემ გადამწყვეტ უპირატესობას რბოლის მეორე დღეს მიაღწია და ლიდერობა აღარც დაუთმია.
სამაგიეროდ, უშეღავათო პაექრობა მეორე ადგილისთვის გაჩაღდა, რომელშიც საბოლოოდ უპირატესობას „ფორდ ფიესტათი“ მოასპარეზე მრბოლებმა მიაღწიეს, რომლებმაც ბოლო სპეცმონაკვეთებზე რამდენჯერმე გაცვალეს ადგილები. ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე კი, როცა მანქანა ლოდს მოარიდა, ოსტბერგი დატრიალდა და ამ დროს დაკარგული წამები მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდა.
„წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა. შესანიშნავად ვიმუშავეთ. გუშინ დრო დავკარგე, როცა საბურავი დამიზიანდა, მაგრამ სხვა მხრივ, პრობლემები არ მქონია. რბოლის დაწყებამდე ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შედეგი მექნებოდა“, - განაცხადა ნოივილმა.

ფინეთის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)         2:43:10.400
2. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                           +00:36.600
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        00:57.600
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     01:21.600
5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                  06:08.500
6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        08:39.700
7. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი)                               11:19.200
8. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორდი)            11:41.500
9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, სიტროენი)                12:48.100
10. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)    13:42.000

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 181 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) - 91; 3. ტიერი ნოივილი - 91; 4. მიკო ჰირვონენი - 73; 5. დანიელ სორდო - 69; 6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 68; 7. მადს ოსტბერგი - 65; 8. ევგენი ნოვიკოვი - 39; 9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 37; 10. ნასერ ალ-ატია (კატარი, ფორდი) - 30...

კონსტრუქტორთა თასი
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 251 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 196; 3. კატარ M-სპორტ WRT - 112; 4. კატარ WRT - 107; 5. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 39; 6. აბუ დაბი სიტროენ ტოტალ WRT - 33; 7. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 26; 8. ლოტოს WRC ტიმ - 20...

No comments:

Post a Comment