დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 24, 2013

„სუზუკი“ ქროსოვერ „SX4 S-ქროსის“ კარგ გაყიდვებს მოელის

Suzuki hopes for sales boost from SX4 S-Cross
24 ივლისი
„სუზუკი“ იმედოვნებს, რომ უახლეს კომპაქტურ ქროსოვერ „SX4 S-ქროსის“ გაყიდვების დაწყება, ევროპაში კომპანიის საქმეს გააუმჯობესებს. ამ ავტომობილის წარმოება უკვე დაწყებულია და იაპონურმა კომპანიამ დილერებისთვის მისი მიწოდებაც დაიწყო, გაყიდვები კი მოგვიანებით აიღებს სტარტს.

„SX4 S-ქროსის“ სიგრძე 4 300 მილიმეტრია და ის 165 მილიმეტრით გრძელია SX4-ზე, რომელსაც ნაწილობრივ ცვლის. ნაწილობრივ იმიტომ, რომ: „სუზუკიმ“ განაცხადა, მისმა ინჟინრებმა სწორედ SX4-ის შემცვლელის შესაქმნელად დაიწყეს მუშაობა, მაგრამ მანქანის დაპროექტების პროცესში გაირკვა, რომ თუ ავტომობილი გაბარიტებში არ მოიმატებდა, მაშინ მომხმარებლის სურვილს არ გაითვალისწინებდნენ. გაბარიტების გაზრდის შემთხვევაში კი ავტომობილი უფრო მაღალ სეგმენტში გადადიოდა.
ასეც მოხდა. იაპონური კომპანია SX4-ს ერთბაშად ორი მოდელით შეცვლის. მათგან ერთი სწორედ „SX4 S-ქროსია“, მეორე კი სუბკომპაქტური ქროსოვერი იქნება, რომელიც 2015 წელს გამოვა. პირველი კონკურენციას „ნისანის“ პოპულარულ „ქაშკაის“ გაუწევს, მეორე კი - ასევე „ნისანის“ პატარა „ჯუკს“.
ცოტა ხნის წინ, „სუზუკი იუროპის“ შეფმა ტაკანორი სუზუკიმ გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კომპანიის მარკეტოლოგთა ვარაუდით, „SX4 S-ქროსის“ გაყიდვები, SX4-სას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, რადგან მას ქროსოვერის უკეთესი თვისებებიც აქვს და უფრო დიდიცაა. კერძოდ, „SX4 S-ქროსის“ საბარგულის მოცულობა 430 ლიტრია, SX4-ისა კი მხოლოდ 270.
ახალი ავტომობილი ბენზინის და დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომელსაც იაპონურ კომპანიას „ფიატი“ მიაწვდის. სხვათა შორის, სწორედ ეს ძრავები გახდა იმის მიზეზი, რომ „სუზუკის“ პარტნიორული ურთიერთობა ჩაეშალა „ფოლკსვაგენთან“ (უფრო იმას გადაურჩა, რომ მისი მორიგი ლუკმა გამხდარიყო). „SX4 S-ქროსის“ ეკიპირებაში ასევე „სუზუკის“ მიერ შემუშავებული სისტემა (სრულ ამძრავიანი) „ოლგრიპ“ შევა
„SX4 S-ქროსს“ იაპონური კომპანიის უნგრული ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ასევე ძველ SX4-ს, „სვიფტს“ და „სპლეშს“ აწარმოებს. ახალი ავტომობილის საწყისი ფასი გერმანიაში 19 490 ევროა.

ცნობისათვის, წლის პირველ ნახევარში „სუზუკიმ“ ევროპასა და ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში მყოფ ქვეყნებში მხოლოდ 77 224 ავტომობილი გაჰყიდა, რაც 10 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს იმ დროს, როცა აღნიშნულ რეგიონსა და ქვეყნებში გაყიდვები 7 პროცენტით არის შემცირებული. თუმცა, ამის მიუხედავად, ამავე ბაზრებზე კომპანიამ 1.2-პროცენტიანი წილი შეინარჩუნა.

No comments:

Post a Comment