დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 24, 2013

„სიტროენ C-ელისე“ - სარბოლი ავტომობილი სებასტიან ლოებისთვის

Citroën C-Elysée WTCC is Sebastien Loeb's New 380HP Ride
24 ივლისი
ეს არის ავტომობილი, რომლითაც მომავალ სეზონში, ლეგენდარული სებასტიან ლოები ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონისთვის ის მისმა უცვლელმა პარტნიორმა, ფრანგულმა კომპანია „სიტროენმა“, თავის მოდელ „C-ელისეს“ ბაზაზე მოამზადა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფრანგული კომპანია აღნიშნულ სერიაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ლოებთან ერთად, თუ მოსამზადებელი სამუშაო შეუფერხებლად წარიმართება, ეს ტანდემი კვლავ ძალიან ძლიერი ძალა იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლოებმა და „სიტროენის“ ნათესავმა „პეჟომ“ ახლახანს პირველივე ცდაზე, რეკორდით დაიპყრეს პაიკს პიკის ურთულესი რბოლა.
„სერიული „C-ელისეს“ ბაზაზე სარბოლი ავტომობილის შექმნა კარგად მიანიშნებს ჩვენს მონდომებას, რბოლები ჩვენი კომერციული საქმიანობის წარმატებულობისთვის გამოვიყენოთ. WTCC-ს ეტაპები ლათინურ ამერიკაში, მაროკოში, ჩინეთსა და რუსეთში ტარდება, სრიის კალენდარი გლობალურია და ეს კარგი საბაბია იმისათვის, რომ „C-ელისე“ გამოვიყენოთ, ავტომობილი, რომელიც ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია“, - ამბობს „სიტროენის“ მთავარი აღმასრულებელი ფრედერიკ ბანსეტი.
ჯერჯერობით, ფრანგულმა კომპანიამ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის მხოლოდ ესკიზები გამოაქვეყნა. მას პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. ესკიზების მიხედვით კი ახლავე შეიძლება იმის თქმა (ესკიზებიც რომ არა, სხვანაირად მაინც წარმოუდგენელი იქნებოდა), რომ ავტომობილი მნიშვნელოვნად არის გაგანიერებული და აღჭურვილია სხვადასხვა აეროდინამიკური ელემენტებით. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებსაც მამოძრავებელ ძალას 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი ამარაგებს. ეს ზუსტად ის ძრავია, რომელსაც „სიტროენი“DS3 WRC-ზე იყენებს. ოღონდ, ამჯერად მისი სიმძლავრე 380 ცხენის ძალაა (80 ცხ.ძ-თი მეტი), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 400 ნიუტონმეტრი.
ძრავთან ორდისკოიანი ქუროს დახმარებით, კომპანია „სადევის“ წარმოების 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. დისკოების ფრიქციული ზედაპირი კარბონის კომპოზიტის ფენითაა დაფარული. კარბონითვეა დამზადებული ავტომობილის ძარა, შასი კი ფოლადის სტრუქტურას წარმოადგენს. საერთო ჯამში, პილოტთან ერთად, ავტომობილის წონა 1100 კილოგრამია.

„სიტროენი“ გვატყობინებს, რომ სარბოლ ავტომობილს უკვე დაწყებული აქვს სატესტო ფაზა.

No comments:

Post a Comment