დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 21, 2014

მარკიონემ „ჯიპს“ გაყიდვების გაორმაგება დაუგეგმა

Marchionne Wants to More Than Double Jeep’s Global Sales by 2018
21 მაისი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილზის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ განვითარების გეგმაში, განსაკუთრებული ყურადღება „ჯიპს“ ეთმობა. გეგმის მიხედვით, უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული ამერიკული ბრენდის გაყიდვები, დაახლოებით უნდა გაორმაგდეს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს „ჯიპმა“ 1.9 მილიონი ავტომობილი უნდა გაჰყიდოს.
ამერიკულ-იტალიური ალიანსის მმართველი თვლის, რომ გაყიდვების ასეთი მკვეთრი ზრდის რესურსი ისეთი რეგიონების ბაზრებზეა, როგორებიცაა სამხრეთ ამერიკა და ჩინეთი. სხვათა შორის „ჯიპის“ გაყიდვები წელს 800 000-ზე მეტი იქნება, რაც მნიშვნელოვნად მეტია 2008 წლის გაყიდვების მაჩვენებელზე (497 000). შარშან „ჯიპმა“ 731 565 ცალი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
ამერიკული კომპანიის გაყიდვების ზრდის მთავარი ფაქტორი, უგზოობის უახლესი მოდელის, სუბკომპაქტური „რენეგადის“ (ფოტოზე) ბაზარზე გამოსვლა უნდა გახდეს. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე შედგა, რის შემდეგაც ის ნიუ იორკის ავტო შოუზე, ამერიკელთა წინაშეც წარსდგა. ის „ფიატის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და მისი წარმოება მალე იტალიაში, მელფის ქარხანაში დაიწყება, რომელიც ასევე „ფიატს“ ეკუთვნის. ამავე ქარხანაში გამოუშვებენ „ფიატ 500X-საც“. გარდა ამისა, „რენეგადს“ ასევე ბრაზილიაში, პერნამბუკოს ქარხანაშიც გამოუშვებენ და იქაური ავტომობილები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი.
მომავალი წლიდან, „ჯიპი“ ავტომობილების წარმოებას ჩინეთშიც დაიწყებს. იქ მისი პარტნიორი, საავტომობილო ჯგუფი „გუანჯოუ ავტომობილი“ გახდება. პირველი ავტომობილი კი, რომელსაც ცისქვეშეთში გამოუშვებენ, ისევ და ისევ, „რენეგადი“ გახდება. მას მოჰყვება უგზოობის კომპაქტური მოდელი, რომელმაც ერთდროულად ორი ავტომობილი - „კომპასი“ და „პეტრიოტი“ უნდა შეცვალოს.

No comments:

Post a Comment