დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 21, 2014

„პულსარი“ - „ნისანის“ ახალი ევროპული ბესტ სელერი?

Nissan Reveals New Pulsar Compact Hatch to Fight Focus, Megane and Golf
21 მაისი
„ნისანი“ ევროპის ბაზარზე ძველ სახელ „პულსარს“ აბრუნებს, რათა ყველაზე პოპულარულ, C-სეგმენტში აღიდგინოს პოზიციები და ამ სეგმენტის ისეთ აღიარებულ ლიდერებს წაართვას ბაზრის წილი, როგორებიცაა მსოფლიო ბესტ სელერი „ფორდ ფოკუსი“, „რენო მეგანი“, „ოპელ ასტრა“ და რა თქმა უნდა, „ფოლკსვაგენ გოლფი“. ახალი „პულსარი“ უკვე მივიწყებული „ალმერას“ პირდაპირი შთამომავალია, რომლის წარმოებაც 2006 წელს შეწყდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ სახელით ავტომობილები კვლავაც იყიდება ავსტრალიაში და ზოგ სხვა ქვეყანაშიც.
ახალი ავტომობილი იმავე მოდულურ CMF პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც ქროსოვერები, „ქაშკაი“ და „X-ტრეილი“. მისი ბაზა 2 700 მილიმეტრია, ანუ იმდენივე, რამდენიც მისივე კლასის „ტიიდას“ და „სილფის“ აქვს. „პულსარის“ სიგრძე 4 385 მილიმეტრია, რაც 90 მილიმეტრით მეტია „ტიიდას“ სიგრძეზე და 115 მილიმეტრით მეტი მეშვიდე თაობის „ფოლკსვაგენ გოლფის“ სიგრძეზე. იაპონური კომპანიის ცნობით, „პულსარი“ თავის კლასში ყველაზე დიდ სივრცეს სთავაზობს უკანა სავარძლის მგზავრებს. ამ მხრივ, ის უფრო მაღალი, D-სეგმენტის ავტომობილების დონეზეა.
პლატფორმის გარდა, ხუთკარიანი ჰეჩბეკი გარეგნობის მხრივაც ახლოსაა ზემოთ ნახსენებ ქროსოვერებთან. მისი მთავარი ამოსაცნობი ნიშანია V-ს ფორმის რადატორი. იაპონურ კომპანიას ჯერ თავისი სიახლის ინტერიერი არ წარმოუდგენია, თუმცა გვპირდება, რომ სალონში პრემიუმ გარემოა, რასაც მაღალი ხარისხის მასალები, დახვეწილი დიზაინი და შესრულების მაღალი დონე განაპირობებს.
„პულსარის“ ძრავების გამაში სამი აგრეგატი შევა. მათგან ორი ბენზინზე მუშაობს, ერთი კი - დიზელზე. ესენია: ბენზინის 1.2-ლიტრიანი DIG-T ტურბო, რომლის სიმძლავრეც 115 ცხენის ძალაა, დიზელის 1.5-ლიტრიანი dCi, 110 ცხენის ძალით და ბენზინის 1.6-ლიტრიანი DIG-T ტურბო, რომელიც 190 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება ტრანსმისიას, მყიდველის სურვილისამებრ, ძრავს ან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, ან უსაფეხურო ვარიატორი (Xტრონიკი).
„პულსარი“ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების პაკეტ „ნისან შილდით“ აღიჭურვება, რომელშიც რამდენიმე სისტემაა გაერთიანებული. ესენია წინასწარი საგანგებო დამუხრუჭების, მოძრავი ობიექტების დაფიქსირების, ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელი და უხილავი წერტილების საკონტროლო სისტემები. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია მეორე თაობის მულტიმედიურ სისტემა „ნისანკონექტით“, რომელიც მობილურ მოწყობილობებთან სინქრონიზაციის უნარით და მრავალფეროვანი თანდართული რეჟიმით გამოირჩევა.

ჰეჩბეკ „პულსარს“ იაპონური კომპანიის ბარსელონას ქარხანა გამოუშვებს. მისი პრემიერა პარიზის მოტორ შლუზე გაიმართება და გაყიდვებიც ამის შემდეგ დაიწყება.

No comments:

Post a Comment