დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 10, 2013

„ფორდი“ ახალ „კას“ ევროპაში 2015 წლიდან გაჰყიდის

Ford plans to launch new Ka in Europe in 2015
10 დეკემბერი
„ფორდი“ ევროპის ბაზარზე ახალი „კას“ შეტანას აპირებს, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც ახლახანს, ბრაზილიაში წარადგინა. ხუთკარიანი ჰეჩბეკი იმ სამკარიან „კას“ შეცვლის, რომელსაც ცისფერი ოვალი ევროპაში 2008 წლიდან ჰყიდის. ევროპაში ახალი „კას“ შეტანა, „ფორდ ოფ იუროპის“ და მთლიანად ამერიკული კომპანიის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ევროპის ბაზარზე, ყველა გლობალური მოდელის შეტანას გულისხმობს. ამან დირბორნელთა ევროპული შტოს მოგებიან საქმიანობაზე გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.
ამავე სტრატეგიის შესაბამისად, ევროპაში მალე დაიწყება უახლესი „მუსტანგის“, დიდი ზომის უგზოობის მოდელ „ეჯის“ და სუბკომპაქტურ ქროსოვერ „ეკოსპორტის“ გაყიდვები. ყველა ჩამოთვლილი ავტომობილი, „ფორდმა“ ახლახანს ბარსელონაში, თავის 2 500 ევროპელ დილერს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.
„რთული საბაზრო სიტუაციის მიუხედავად, „ფორდი“ ბაზარზე ახალი პროდუქტების შეტანას გააგრძელებს, რაც ჩვენს კომპანიას მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. „მუსტანგის“, „ეჯის“ და კონცეპტუალური „კას“ შემოტანით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ, რომ ჩვენი მიზანი, ევროპული პროგრამის ახალი მოდელებით გამდიდრებაა“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ მთავარი აღმასრულებელი სტივენ ოდელი.
კონცეპტუალური „კა“ ბაზირებულია გლობალურ B პლატფორმაზე, რომელსაც „ფორდი“ თავის პოპულარულ მოდელ „ფიესტაზე“ იყენებს. ეს ავტომობილი ბრაზილიაშია შემუშავებული. ის „ფიესტაზე“ პატარაა და მასზე იაფიც ღირს. პატარა ავტომობილი „ფორდის“ ახალ გლობალურ სტილშია შესრულებული, რომელიც ამერიკული კომპანიის ავტომობილებს, პრემიუმის მსგავს შესახედაობას ანიჭებს.
ახალი „კას“ ევროპაში შეტანის პარალელურად, „ფორდი“ დაასრულებს „ფიატთან“ თანამშრომლობას, რომელიც ახლანდელი „კას“ იტალიური კომპანიის მოდელ 500-ის პლატფორმაზე წარმოებაში აისახა. სამკარიან „კას“ პოლონეთის ქალაქ ტიშიში უშვებენ, რომელიც „ფიატს“ ეკუთვნის და რომელიც ასევე „ფიატ 500-საც“ აწარმოებს.
საინტერესოა, რომ ამ წლის პირველ ათ თვეში, „ფორდ კას“ გაყიდვები 18 პროცენტით, 40 000-მდე დაეცა. „ფორდმა“ პატარა „კას“ წარმოება 1996 წელს დაიწყო და მას შემდეგ, 1.8 მილიონი ცალი გაჰყიდა. გაყიდვების შემცირების მიუხედავად, ამერიკული კომპანია იმედვნბს, რომ ახალი „კას“ ბაზარზე გამოტანით, პოზიციებს დაიბრუნებს. ამის იმედს კი პატარა ავტომობილების გლობალური ბაზრის 35-პროცენტიანი ზრდის პროგნოზი აძლევს. შარშან მთელს მსოფლიოში ამ კლასის დაახლოებით 4.0 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, 2017 წელს კი ამავე კლასის ავტომობილების გაყიდვების მოცულობა 6.2 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
„ფორდი“ აცხადებს, რომ „კას“ ეკიპირებაში ისეთი სისტემები შედის, რომლებიც ჩვეულებრივ, უფრო დიდ ავტომობილებზე გვხვდება. ასეთია მაგალითად „მაიფორდ დოკ“, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ტელეფონები სალონშივე დაამაგრონ, შეინახონ და დამუხტონ. სისტემა SYNC ხმოვანი მართვის საშუალებას იძლევა, სისტემა AppLink კი სხვადასხვა გასართობი მოწყობილობის და ტელეფონების გამოყენების საშუალებას იძლევა ისე, რომ ხელები საჭის რგოლს თვალები გზას არ მოაცილოთ.

No comments:

Post a Comment