დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 27, 2013

„ლექსუსის“ კონცეპტუალური ქროსოვერი LF-NX - ბასრი როგორც სამართებელი

Lexus Sharpens up Frankfurt Motor Show with LF-NX Crossover Concept
27 სექტემბერი
რა თქმა უნდა, ამ კონცეპტუალური ავტომობილის ბასრ ფორმებს, „ლექსუსის“ დიზაინის სტილი - L-სრულყოფილება განაპირობებს. შესაძლოა, იაპონური პრემიუმ კომპანიის ეს კონცეპტი თავისი მომხიბვლელობით არ გამოირჩევა, მაგრამ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, სპეციალისტების და დამთვალიერებლის ყურადღება მაინც მიიქცია და მწარმოებლისთვისაც მთავარი სწორედ ეს იყო.
კონცეპტუალური ქროსოვერის გარეგნობას თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ბევრი დეტალის ფორმა, ლათინურ ასო L-ის მსგავსია. სწორედ ამაში გამოიხატება „L-სრულყოფილება“. ეს კი კომპანიის დასახელების პირველი ასოა. მოკლედ, იაპონური კომპანიის მარკეტოლოგებმა მარტივად აირჩიეს სტილის შთაგონების წყარო და რის საშუალებასაც მისი ფორმა აძლევდა, მაქსიმალურად შეურიეს ავტომობილის ფორმებს. საბოლოოდ ორიგინალური, მაგრამ საკმაოდ მახინჯი ქმნილება მიიღეს.
ისე, საინტერესოა იქნება, უსაქმო კაცი რომ დასვათ და დაათვლევინოთ, კონცეპტუალური LF-NX-ის დიზაინში რამდენ L-ს იპოვნის. ალბათ სადაო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იოლი საქმე არ უნდა იყოს. ისე კი, სტილის შეფასებისას აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ ფაქტს, რომ ავტომობილს ძალიან აგრესიული გარეგნობა აქვს. იქნებ, ასეთი თამამი გამომეტყველებით, „ლექსუსი“ ახალგაზრდა მყიდველის მოზიდვას იმედოვნებს...
რაც შეეხება ინტერიერს, აქ აგრესიას ნაკლებად იგრძნობთ, მაგრამ სამაგიეროდ, კონცეპტუალური ავტომობილებისათვის დამახასიათებელი ფუტურიზმი იგრძნობა. ამ სახით, სალონი კონვეიერზე ვერანაირად ვერ მოხვდება. სალონს მაღალი გვირაბი პრაქტიკულად ორ კოკპიტად ჰყოფს. ცენტრალური კონსოლის გაფორმება, ფანტასტიკის თემაზე გადაღებული ფილმის კოსმომფრენის, ან მომავლის ავტომობილის ინტერიერს გაგახსენებთ. ცისფერი განათება ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო გაგიძლიერებთ.
კონცეპტუალური LF-NX საშუალო ზომის ქროსოვერია. სიგრძეს 4 640 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 700 მილიმეტრი. ამგვარად, ის ქროსოვერ RX-ზე პატარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოსვლის შემთხვევაში, კონკურენციას „ბეემვეს“ X3-ს და „აუდის“ Q5-ს გაუწევს.
კაპოტის ქვეშ ჰიბრიდული სისტემაა მოთავსებული, რომელშიც 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი და ელექტრო ძრავი შედის. ამ სისტემის მახასიათებლები „ლექსუსს“ არ გამოუქვეყნებია და ამ ეტაპზე, ეს არცაა მთავარი, რადგან კონცეპტუალური ავტომობილი, კომპანიის სტილის განვითარების მიმართულების საჩვენებლად შეიქმნა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ LF-NX-ს მწვანე შუქიც აუნთონ.

No comments:

Post a Comment