დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 29, 2013

„ვოლვო“ ფრანკფურტში კონცეპტუალურ „კონცეპტ C-ს“ წარადგენს

Volvo Concept C for Frankfurt debut
29 აგვისტო
„ვოლვომ“ ამ დღეებში ფოტო ტიზერებით გამოცანები შემოგვთავაზა. თან ისე, რომ კითხვის დამსმელის ვინაობა არ ვიცოდით. ტიზერზე მხოლოდ მანქანის წინა ნაწილი იყო ასახული. რა თქმა უნდა, ემბლემის გარეშე. და თუ პრესის გამოხმაურების მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოცანა ვერავინ გამოიცნო. ნუ გაგიკვირდებათ - „ვოლვოს“ ავტომობილები ადვილად ამოსაცნობი კი არის, მაგრამ კონცეპტუალური კიპე „კონცეპტ C“ სრულიად ახალ სტილშია შესრულებული, ისეთში, რომელსაც „ვოლვოს“ (უახლოეს) წარსულთან საერთო ბევრი არაფერი აქვს.
ბოლოს შვედურმა კომპანიამ ავტოსამყაროს წვალებას თავი დაანება და გვამცნო, რომ ეს ავტომობილი, სახელად „კონცეპტ C“, მისი დიზაინის ახალი შეფის, თომას ინგენლათის შემოქმედების პირველი ნაყოფია. ავტომობილი ბაზირებულია „ვოლვოს“ უახლეს პლატფორმაზე SPA (სქელეიბლ პროდაქტ არქიტექჩა) და აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც ბენზინის უახლესი ოთხცილინდრიანი ძრავია (დრაივ-E) გაერთიანებული. როგორც „ვოლვო“ ირწმუნება, თავისი მონცემებით, ეს ჰიბრიდული აგრეგატი V8 ძრავებზე გაცილებით ეფექტურია.
პლატფორმა SPA უნივერსალურია, რის სადემონსტრაციოდაც, „ვოლვო“ მალე მასზე აგებულ სამ კონცეპტუალურ ავტომობილს გვიჩვენებს. მერმისს კი სრულიად ახალ XC90-ს გაგვაცნობს, რომელიც ასევე ამ პლატფორმაზე აიგება. „კონცეპტ C“ კუპეა და ამ ტიპის ძარა კომპანიამ იმისთვის აირჩია, რომ გვიჩვენოს, თუ რა მრავალფეროვანი დანიშნულებით შეუძლია ახალი პლატფორმის გამოყენება.
ამ კონცეპტუალური ავტომობილით, „ვოლვო“ თავისი კორპორატიული სტილის ახალ წინა ნაწილს გვიჩვენებს, რომელსაც რადიატორის სრულიად ახლებური ცხაური და შუქდიოდური კომბინირებული ფარები აქვს. ინგენლათი ამბობს, რომ რადიატორის ფორმა ჯერაც შემუშავების სტადიაშია და საბოლოო ვარიანტს, XC90-ზე ვნახავთ. ის ასევე დასძენს, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, „ვოლვოს“ სახელოვან კუპე P1800-ის შთაგონებით შეიქმნა, თუმცა მასზე მაინც ვერ იტყვი, რომ რეტროა. პირიქით, ეს ახალი, სრულიად თანამედროვე სიტყვაა „ვოლვოს“ სტილში.
„კონცეპტ C“ ინტერიერიც სრულიად ახალ სტილშია შესრულებული. აქ ყურადღებას იქცევს უზარმაზარი სენსორული მონიტორი და ორიგინალური სავარძლები. სალონის გასაწყობად უხვადაა გამოყენებული ტყავი, ხე და შუშა. ყველაფერი კი ხელითაა გაკეთებული. სავარძელი მხოლოდ ორია, მათ უკან არსებულ სივრცეს კი ალბათ საბარგულის დანიშნულება აქვს, რაზეც სავარძლების უკან მოთავსებული ორი პატარა ხელჩანთაც მიგვანიშნებს.
რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, მასში 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავი და ელექტრო ძრავია გაერთიანებული. პირველს მექანიკური და ტურბო დამჭირხნი ემსახურება და ის წინა ბორბლებს ატრიალებს. ელექტრო ძრავი კი უკანა ღერძზე ზის და შესაბამისად, უკანა ბორბლებს ატრიალებს. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 600 ნიუტონმეტრი.
გამოუშვებს, თუ არა „ვოლვო“ ამ ავტომობილს? ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ინტერიერით არა. თუმცა, ექსტერიერზე იგივეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რადგან ინგენლათი გვპირდება, რომ მისი ბევრ ელემენტს მალე ახალ XC90-ზე ვიხილავთ. მისივე თქმით, „კონცეპტ C“ არ არის უბრალოდ მომავლის ავტომობილი. ეს „ვოლვოს“ ახალი პლატფორმის შესაძლებლობათა დემონსტრირებისთვის შექმნილი ავტომობილია, რომელსაც კონვეიერზე მოსახვედრად, ბევრი გადაკეთება არ დასჭირდება.

„ვოლვო“ თავის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს.

No comments:

Post a Comment