Decision to stop developing 2013 car 'difficult'
- Rosberg
11 აგვისტო
ჰამილტონის გამარჯვება უნგრეთში |
როგორც იქნა, „მერსედეს-ბენცმა“ შეძლო იმდენად
განვითარება, რომ „რედ ბულს“ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს და თუ ასეთი ტემპით
გააგრძელებს წინსვლას, სეზონის მიწურულს შესაძლოა სებასტიან ფეტელს და წითელ
ხარებს ტიტულის მოცილედაც მოევლინოს. მაგრამ ახლა ის დროა, როცა გუნდბმა უნდა
გადაწყვიტონ, მანქანის სრულყოფაზე მუშაობის გაგრძელება სჯობს, თუ მთელი ძალების მომავალი
სეზონისთვის მოსამზადებლად გადასროლა.
ნიკო როსბერგი თვლის, რომ ეს ძალიან რთულად
გადასაწყვეტი დილემაა. ერთის მხრივ, მას მიაჩნია, რომ ამ სეზონში სამქიმიანები უფრო
მეტი გამარჯვებისთვისღა თუ იბრძოლებენ. მეორე მხრივ, ახლოვდება მომავალი სეზონი,
რომელშიც სრულიად ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. შესაბამისად, მანქანები, ძრავები
და თითქმის ყველაფერი, სრულიად განსხვავებული იქნება. ამიტომ, გუნდებს მისთვის
კარგად მომზადება მართებთ.
გერმანელმა მრბოლმა ამ სეზონში უკვე ორი რბოლა
მოიგო, მისმა ბრიტანელმა თანაგუნდელმა ლუის ჰამილტონმა კი - მხოლოდ ერთი. ორივემ რამდენიმე
პოულითაც ისახელა თავი. და თუ ადრე კვალიფიკაციაში აშკარა უპირატესობის რბოლაში
გამარჯვებამდე მიყვანა არ გამოსდიოდათ, ახლა ესეც აღარაა პრობლემა. მოკლედ, ნიკოს
წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მოიქცევა მისი გუნდი - გააგრძელებს ახლანდელი
მანქანის სრულყოფის პროცესს, თუ მთელ თავის შესაძლებლობებს ახალი მანქანის
შემუშავებას მოახმარს.
გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას,
როსბერგმა განაცხადა, რომ მართალია, „მერსედესის“ მანქანა ამ ეტაპზე მოწინავეთა
შორისაა, მაგრამ ტიტულის შანსი მაინც მინიმალურია: „რამდენიმე წარმატება გვქონდა.
სამწუხაროდ, საბურავების გამო, საკმარისი სტაბილურობა არ გვაქვს. და მაინც,
უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ. ჩვენი მიზანი კი იქ ყოფნაა, სადაც სებასტიანია“.
სეზონის ნახევრის შემდეგ, ფეტელს უახლოეს მდევარ
კიმი რაიკონენთან 38 ქულა აშორებს, ჰამილტონი კი ლიდერს 48 ქულით ჩამორჩება.
გაცილებით შორს - 88 ქულაშია როსბერგი. ბელგიასა და იტალიაში გამოჩნდება, შეძლებს
თუ არა გერმანული საჯინიბო აღებული ტემპის შენარჩუნებას.
„რთული საკითხია. ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა,
როცა იცი, რომ საუკეთესო მანქანას მართავ და გრძნობ, რომ პოულისთვის და
გამარჯვებისთვის ბრძოლა შეგიძლია. ეს დიდებული შეგრძნებაა. მეორე მხრივ, ჩემი
მეორე ნახევარი თვლის, რომ მომავალ სეზონში, ამ ცვლილებათა წყალობით, წარმოუდგენელი
შესაძლებლობა გვეძლევა. ამ სეზონში თვითდინებასაც რომ მივენდოთ, რამდენიმე წარმატებული
რბოლა მაინც გვექნება“, - დასძენს როსბერგი.
აშკარაა, რომ როსბერგს ურჩევნია, თუ „მერსედესი“
ყურადღებას მომავალი სეზონისთვის მზადებაზე გადაიტანს. და ამას გუნდის შეფი როს
ბრაუნიც არ გამორიცხავს: „სპასა და მონცაზე ჩვენ გარკვეული სიახლეები გვექნება. რა
შედეგებს მოგვცემს ეს სიახლეები, ჩვენი გადაწყვეტილება სწორედ ამაზე იქნება
დამოკიდებული“.
No comments:
Post a Comment