დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 25, 2013

დიდი ნაბიჯი ზედიზედ მეოთხე ტიტულისკენ

Motor racing-Vettel stretches lead with Belgian victory
25 აგვისტო
სებასტიან ფეტელის გადამკიდე, მალე ალბათ ყველა გუნდი, მათ შორის „რედ ბულიც“, მომავალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ფეტელს რა ენაღვლება, ზედიზედ მეოთხე ტიტული პრაქტიკულად ჯიბეში აქვს. მისი ლიდერობა იმდენად მტკიცეა, რომ ერთი წაბორძიკებაც კი ვერ შეარყევს მის სიმყარეს. მოკლედ, ამ საფუძვლიანი ვარაუდების ერთი ასეთი ბეჭედი მონცაზე და შეგვიძლია, ეს სეზონი დასრულებულად გამოვაცხადოთ. მერე მთავარ ინტრიგად სატრანსფერო „სილი სიზონი“ დაგვრჩება, თუმცა მისი დასრულებაც, კვანძის გახსნა მაინც, იტალიაშია მოსალოდნელი.
 

ჩემპიონატის პირველი 11 რბოლის შემდეგ, ფეტელი თავის უახლოეს მდევარს - ფერნანდო ალონსოს 46 ქულას უგებს. რა თქმა უნდა, დარჩენილ ეტაპებზე ასეთი ჩამორჩენის ამოქაჩვა უტოპია არაა, მაგრამ საეჭვოა, „ფერარიმ“ თავისი ესპანელი ლიდერი შესაფერისი მხარდაჭერით უზრუნველყოს. უბრალოდ, მარანელოელები ამ სეზონს ძალიან არასტაბილურად ატარებენ და რაც მთავარია, ისინი ისეთ მეტად მნიშვნელოვან ასპექტში მოიკოჭლებენ, როგორიც კვალიფიკაციაა. მართალია, ალონსო თითქმის ყოველთვის ახერხებს სტარტზევე წინ წაწევას, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არაა.


მაგრამ თუ მას იმის საშუალება მიეცემა, რომ რბოლა წინა სამ რიგში დაიწყოს ხოლმე, მერე გაცილებით უკეთესი შედეგების იმედც შეიძლება ჰქონდეს. დაახლოებით ისე, როგორც ეს ფეტელმა სპაზე გააკეთა - სტარტი ლუის ჰამილტონის უკან აიღო და პირველივე მოსახვევის შემდეგ გაასწრო პოულის მფლობელს. სხვათა შორის, ჰამილტონმა იმ მოსახვევში შეცდომა დაუშვა, თუმცა ესეც ხომ რბოლების ნაწილია...

მოკლედ, ალონსოსთვის სპაზე მოპოვებული მეორე ადგილი, იმის მაქსიმუმია, რის საშუალებასაც მას ამ ეტაპზე მანქანა აძლევს. ჰამილტონსაც დაახლოებით მსგავსი სიტუაცია აქვს. ოღონდ, მის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა - კვალიფიკაციაში „მერსედესს“ ბადალი არ ჰყავს, რბოლაში კი მეტი კონკურენტუნარიანობა არ აწყენდა. ოღონდ, ალონსოსგან განსხვავებით, სპაზე მოპოვებული მესამე ადგილი ჰამილტონისთვის მაქსიმუმი ნამდვილად არ არის.

და მაინც, ამ შედეგითაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რაშიც ხელი კიმი რაიკონენის უიღბლობამ შეუწყო - კიმიმ ფინიშს ვერ მიაღწია, რაც მისი „ლოტუსის“ დაზიანებული მუხრუჭების „დამსახურებაა“. ბელგიური რბოლის წინ, ფინელს კლასიფიკაციაში მეორე ადგილი ეკავა, მაგრამ უქულოდ დარჩენამ ორი ადგილი დააკარგვინა. სხვათა შორის, რაიკონენის „ლოტუსზე“ წინა ბორბლების მუხრუჭები სტარტამდეც ბოლავდა, მაგრამ ნახევარი დისტანციის გავლა მაინც შეძლო. გაჩერდა კი მას შემდეგ, რაც ფელიპე მასას გასწრების შემდეგ, მოსახვევის წინ ვეღარ დაამუხრუჭა და უსაფრთხოების „ჯიბეში“ შევარდა. მოკლედ, ფინელმა მრბოლმა, 27 ქულიანი რბოლის შემდეგ, რაც რეკორდული მაჩვენებელია, უქულობის სიმწარეც გამოსცადა.


დაჯილდოების ცერემონიის წინ, მაყურებელში სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რამაც ფეტელი ძალიან გააკვირვა: „გაოცებულები ვართ, მაყურებელი უსტვენს და უკმაყოფილო შეძახილებიც გვესმის. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ“, - კვარცხლბეკზე გამართულ სახელდახელო პრესკონფერენციაზე, რომელიც დვიდ კულტჰარდს მიჰყავდა, განაცხადა ფეტელმა, თუმცა მიზეზიც მალე გაირკვა. მთელი სარბოლო უქმეების განმავლობაში, სპაზე გრინპისის აქტივისტები აქციებს აწყობდნენ. მათ მთავარი ტრიბუნის წინ უზარმაზარი ტრანსპარანტი ააფრიალეს, რომელზეც „შელის“ საპროტესტო წარწერები იყო. ერთი ტრანსპარანტი კვარცხლბეკის თავზეც ფრიალებდა. დაჯილდოების შემდეგ კი აქტივისტებმა სახურავიდან თოკებით ჩამოცოცება სცადეს და სტვენაც სწორედ ამას მოჰყვა - ფ1-ის ფანებში მათს აქტიურობას ენთუზიაზმი არ გამოუწვევია.


ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი. დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:23:42.196
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  +00:16.869
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         00:27.734
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:29.872
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     00:33.045
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               00:40.794
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:53.922
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  00:55.846
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              01:09.567
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   01:13.470
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     01:21.936
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            01:26.740
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              01:28.258
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               01:40.636
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 01:47.456
16. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1 წრე
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    2 წრე
გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             17 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         19 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       36 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:50.756, მე-40 წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 197 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 151; 3. ლუის ჰამილტონი - 139; 4. კიმი რაიკონენი - 134; 5. მარკ ვებერი - 115; 6. ნიკო როსბერგი - 96; 7. ფელიპე მასა - 67; 8. რომენ გროჟანი - 53; 9. ჯენსონ ბატონი - 47; 10. პოლ დი რესტა - 36; 11. ადრიან სუტილი - 25; 12. სერხიო პერესი - 18; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 14. დანიელ რიკიარდო - 12; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 7;
16. პასტორ მალდონადო- 1

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბულ-რენო - 312 ქულა; 2. მერსედესი - 235; 3. ფერარი - 218; 4. ლოტუს-რენო - 187; 5. მაკლარენ-მერსედესი - 65; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 61; 7. ტორო როსო-ფერარი - 25; 8. ზაუბერ-ფერარი - 7; 9. უილიამს-რენო - 1

No comments:

Post a Comment