Ferrari to decide on 2014 focus switch - Massa
14 აგვისტო
ჯერ ამ სეზონის ნახევარი მიიწურა, მაგრამ ერთ-ერთი
აქტუალური საკითხი უკვე არის მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება. რადიკალურად
შეცვლილი ტექნიკური რეგლამენტის გამო, მანქანები და მათი აღჭურვილობაც ძლიერ
იცვლება. ის მანქანები, რომლებითაც გუნდები ახლა ასპარეზობენ, გამოუსადეგარი გახდება.
და იმაზე, თუ როგორ დაიწყებენ მომავალ სეზონს, ბევრად იქნება დამოკიდებული გუნდების
შემდგომი განვითარება.
აქტუალურია კითხვა - ახლანდელი მანქანის სრულყოფაზე
მუშაობის გაგრძელება სჯობს, თუ მთელი ტექნიკური და საინჟინრო რესურსის მომავალი
სეზონისთვის მზადებისთვის მობილიზება უფრო გამართლებულია? „მერსედესი“ გვპირდება,
რომ გადაწყვეტილებას სპასა და მონცას რბოლების შემდეგ მიიღებს, რომლებზეც მანქანას
ახალი დეტალებით აღჭურვავს. და როგორც ჩანს, მსგავსი გეგმა აქვს „ფერარისაც“,
რომელიც სეზონის ევროპული ნაწილის დასრულების შემდეგ, მთლიანად მომავალი
სეზონისთვის მზადებაზე გადაერთვება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს მისი
ბრაზილიელი მრბოლი ფელიპე მასა, ვისაც მარანელოელებთან კონტრაქტი ამ სეზონის
მიწურულს დაუმთავრდება და მის გაგრძელებას ეშურება.
„ჩვენ უკვე ვფიქრობთ მომავალ სეზონზე. მაგრამ ახალი
მანქანის მზადების დაწყება ჯერ პრიორიტეტული არაა. როდის მივიღებთ
გადაწყვეტილებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბევრი რამ იცვლება და ამას
მუშაობის ადრე დაწყება სჭირდება. ჩვენთან უკვე საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს ახალ
მანქანაზე. მაგრამ იმავდროულად, იმაზეც ვზრუნავთ, რომ შემდგომ რბოლებში
კონკურენტუნარიანები ვიყოთ. უახლოეს ეტაპებზე გამოჩნდება, აქვს აზრი ამ მანქანის
განვითარებას, თუ სჯობს, მთელი რესურსი ახალ მანქანას მოვახმაროთ“, - გამოცემა
„ტოტალრეისთან“ საუბრისას ამბობს მასა.
ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც, „ფერარი“ მთლიანად
ახალ მანქანაზე გადართვისგან თავს იკავებს ისაა, რომ ფერნანდო ალონსოს ჯერაც აქვს
ჩემპიონობის შანსი. ის ლიდერ სებასტიან ფეტელს 40 ქულით ჩამორჩება. ორი ქულით
მასზე წინ კიმი რაიკონენია. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ესპანელს მესამე ტიტულის
შანსი დაკარგული აქვს. მაგრამ თუ ბელგიისა და იტალიის რბოლების შემდეგ, სიტუაცია
არ გაუმჯობესდა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ „ფერარი“ წლევანდელი მანქანის
სრულყოფას შეწყვეტს და ახლის შემუშავებაზე გადაერთვება.
No comments:
Post a Comment