დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 18, 2013

„ლარაკი ეპიტომი“ – 1 750-ცხენიანი მონსტრი მაროკოდან

Laraki Motors Epitome Concept is $2M and 1,750 hp that we didn't see coming
18 აგვისტო
მაროკოელი დიზაინერი აბდესალამ ლარაკი ცნობილია თავისი ძვირფასი იახტებით, თუმცა მისმა კომპანია „ლარაკი მოტორსმა“ სუპერ ავტომობილის შემუშავებაც სცადა და რაც გამოუვიდა, კალიფორნიაში, პებლ ბიჩის (მონტერეი) ელეგანტურობის კონკურსზე გაიტანა. ავტომობილის სახელია „ლარაკი ეპიტომი“ და ის პებლ ბიჩის ფესტივალის ნამდვილი სენსაცია გახდა.
კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, „შევროლე კორვეტ C6-ის“ შასიზეა ბაზირებული. შესაბამისად, მასზე ძრავი წინ მდებარეობს, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. „ეპიტომის“ ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტითაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა 1 270 კილოგრამია. მაროკოელი დიზაინერის კონცეპტი სუპერ ავტომობილისთვისაც კი უჩვეულოდ აგრესიულ სტილშია შესრულებული. მაგრამ რაც მთავარია, ორიგინალურია.
უჩვეულოდ აგრესიული ფორმების გარდა, „ეპიტომს“ წარმოუდგენლად მძლავრი ძრავიც გამოარჩევს - „შეცროლეს“ 7.0-ლიტრიანი V8 ძირეულად შეიცვალა და ის 1 200 ცხენის ძალამდე გაძლიერდა. თუმცა, იმავე ძრავს გაცილებით მეტის, 1750 ცხენის ძალის მოცემა შეუძლია, თუ მას საკვებად მაღალი ოქტანობის ბენზინს მიაწვდით. და ეს სიტუაცია ავტომობილის შემქმნელებს გათვალისწინებული აქვთ. მათ ავტომობილი ორ ავზით აღჭურვეს. ერთში რეგულარი ისხმება, მეორე კი 110 ოქტანობის საწვავისთვისაა განკუთვნილი. და თუ ძრავი ორივე საწვავის ნარევს მიიღებს, მაქსიმალურ სიმძლავრესაც მაშინ მოგცემთ. ამისთვის საკმარისია შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერა და ამ დროს, ძრავის მართვის ელექტრონიკა სხვა პროგრამით ამუშავდება და ორივე ავზიდან საწვავის მიღებასაც თავადვე უზრუნველყოფს.
ეს საოცარი ავტომობილი აფრიკიდან, ძალიან ძვირი - 2 მილიონი დოლარი ღირს. რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ პებლ ბიჩის ვიზიტორებისთვის და მონაწილეებისთვის ჯიბის ფულია - ისინი ხომ იქვე მოწყობილ რარიტეტულ ავტომობილებში თვალის დაუხამხამებლად იხდიან ათეულობით მილიონს. ახლა მთავარი ისაა, რომ „ლარაკიმ“ თავისი მხეცის პოტენციური მყიდველი, მისი დინამიკური მახასიათებლებითაც მოხიბლოს, რომლებიც ჯერ არ გამოუქვეყნებია.

No comments:

Post a Comment