Renault COO Tavares
says he'd like to run GM or Ford
18 აგვისტო
თანამედროვე
საავტომობილო ბიზნესში, „რენოს“ პორტუგალიელი მთავარი მმართველი დირექტორი კარლოს
ტავარესი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მენჯერია. მაგრამ მას „არ გაუმართლა“,
რადგან მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონის ლეიტენანტად ყოფნა უწევს. საერთოდ, აქ
უფრო სიტყვა გაუმართლა იქნებოდა მართებული, რადგან გონის კალიბრის მენეჯერის
ხელმძღვანელად ყოფნა ბევრის მომცემია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ტავარესს ახლახანს 55
წელი შეუსრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკი უახლოვდება. არადა, მას
თავისუფლად შეუძლია მართოს დიდი კომპანიები.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“
საუბრისას, ტავარესმა აღიარა, რომ სიამოვნებით ჩაუდგებოდა სათავეში „ჯენერალ
მოტორსს“, ან „ფორდს“. რატომ ამერიკულ კომპანიებს და არა იმავე „რენოს“? საქმე ისაა,
რომ გონი თითქმის მისი ასაკისაა - 59 წლის არის. თანამდებობიდან მას არავინ
გაუშვებს. ესე იგი, თუ ფრანგულ კომპანიაში დარჩება, ტავარესს მთავარი
აღმასრულებლის პოსტი არ ეღირსება.
ამერიკულ კომპანიებს
კი სათავეში საპენსიო ასაკში მყოფი მენეჯერები უდგანან. ალან მიულალი გონზე უკეთესი
თუ არა, არაფრით ნაკლები არაა, მაგრამ უკვე 68 წლისაა და პენსიაშიც ალბათ მალე
მოუწევს გასვლა. არადა, სწორედ მიულალი არის ის ადამიანი, ვინც „ფორდს“ სერიოზული
კრიზისი აარიდა, ცისფერ ოვალში მისვლამდე კი „ბოინგი“ გამოიყვანა კრიზისიდან.
დენ აკერსონი კი 64 წლის
არის და მასაც მალე უწევს პენსია. ეს ის მენეჯერია, რომლის ხელმძღვანელობითაც, „ჯენერალ
მოტორსმა“ მის ისტორიაში არნახულ კრიზისს დააღწია თავი, თუმცა ისიც უნდა ითქვას,
რომ ამაში სახელმწიფო დაეხმარა, რომელმაც „ჯენერალ მოტორსის“ აქციების სოლიდური
პაკეტი (დროებით, კრიზისის ამოწურვამდე და ამის შემდეგ, აქციების სასურველ ფასამდე
გაძვირებამდე) შეისყიდა.
სხვათა შორის, ორივე
ამერიკულ კომპანიას, მთავარი აღმასრულებლის პოსტზე არაერთი ძლიერი კანდიდატი
საკუთარი შტატიდანვე ჰყავს. მაგალითად, ახლახანს „ფორდმა“ მთავარი მმართველის
პოსტზე 52 წლის მარკ ფილდსი დააწინაურა და სავარაუდოდ, მიულალის სწორედ ის
შეცვლის. ამ უკანასკნელმა თავისი პოსტი მომავალ წელს უნდა დატოვოს.
„ჯენერალ მოტორსიც“
აცხადებს, რომ მმართველის პოსტზე საკუთარი მენეჯერების დაწინაურება ურჩევნია,
თუმცა იმასაც აღიარებს, რომ კომპანია მუდმივად აკვირდება უმაღლესი კატეგორიის
მენეჯერების ბაზარს, სადაც ყოველთვის შეიძლება ძლიერი პიროვნების გადაბირება. ამ
ეტაპზე, გენერლებს ოთხი ისეთი მენეჯერი ჰყავთ, რომლებსაც აკერსონის პოტენციურ შემცვლელად
განიხილავენ. მათ შორის არიან ჩრდილოამერიკული შტოს პრეზიდენტი მარკ რეუსი (49 წლის)
და გლობალური პროდუქტის განვითარების შეფი მერი ბარა (51 წლის).
აღსანიშნავია, რომ
ტავარესი „რენოში“ 31 წლის წინ მივიდა და თავიდან იქ ტესტ-დრაივის ჯგუფის ინჟინრად
მუშაობდა. პორტუგალიელი მენეჯერი ამბობს, რომ ამერიკულ კომპანიებში გადასვლის
სურვილი ამბიციამ გამოათქმევინა, თუმცა დასძენს, რომ თუ ფრანგულ კომპანიაში
დარჩება, არც ამით დაკარგავს ბევრს.
მთავარი
აღმასრულებლების გადაბირებაზე სპეციალიზებული შუამავალი კომპანიების ანალიტიკოსები
ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, საავტომობილო კომპანიების უმეტესობას იმ ასაკის და ისეთი
დონის სპეციალისტები უძღვებიან, რომ ძნელი წარმოსადგენია, ისინი თანამდებობის
გარეშე ვინმემ დატოვოს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტავარესი დიდი ავტორიტეტია,
რომლის გადაბირებასაც ბევრი ისურვებდა.
საავტომობილო
ინდუსტრიის ისტორიკოსი და „ფორდის“ ყოფილი მენეჯერი ჯონ ვოლკონოვიჩი იხსენებს
ისტორიას, როდესაც „ფორდმა“ მსოფლიო ლიდერის პოზიცია დაკარგა. 1920 წელს, ცისფერი
ოვალის ერთ-ერთმა წამყვანმა მენეჯერმა, დანიური წარმოშობის „ბიგ ბილ“ კნუდსენმა,
ჰენრი ფორდთან კონფლიქტის გამო, „ფორდი“ დატოვა და „შევროლეში“ გადავიდა, რომელიც
მისი გარჯის შედეგად, მალე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბრენდი (რომელიც ჯენერალ
მოტორსის ოჯახის წევრი იყო) გახდა.
No comments:
Post a Comment