დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 26, 2013

ფეტელი პირველი უნგრული გამარჯვებისთვის ემზადება

Vettel leads Red Bull one-two in Hungary practice
26 ივლისი
მუხრუჭების პრობლემების მიუხედავად, სებასტიან ფეტელმა უნგრული რბოლის პირველ პრაქტიკაზე მაინც საუკეთესო დრო აჩვენა. მან 0.259 წამით აჯობა თანაგუნდელ მარკ ვებერს, რომელიც მომავალი სეზონიდან, ლე მანის სერიაში, „პორშეს“ სარბოლი პროტოტიპით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ „რედ ბულის“ პილოტებმა შეძლეს ჰუნგარორინგის ერთი წრის წუთსა და 23 წამზე ნაკლებში გავლა. თუმცაღა, მეოთხე დროის მქონე ფერნანდო ალონსო ფეტელს მხოლოდ 0.376 წამით ჩამორჩა. მესამე დრო კიმი რაიკონენს ჰქონდა.
მრბოლებს ძლიერ სიცხეში მოუწიათ ასპარეზობამ - ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი იყო, ასფალტი კი 44 გრადუსამდეც კი გაცხელდა. ამის მიუხედავად, „რედ ბულის“ პილოტები „პირელის“ ახალი საბურავებით კმაყოფილები დარჩნენ.
ფეტელმა სამი კვირის წინ პირველად მოიგო გერმანიის დიდი პრიზი. მორიგი რბოლა, რომელშიც ჯერ არ გაუმარჯვია, უნგრულია. და რა თქმა უნდა, ბუდაპეშტშიც გასამარჯვებლად იბრძოლებს. მითუმეტეს, გამარჯვება კიდევ ერთი ნაბიჯით მიაახლოებს ზედიზედ მეოთხე ტიტულთან. უნგრეთში გასამარჯვებლად კი დიდი მნიშვნელობა ექნება კვალიფიკაციაში კარგი დროის ჩვენებას. კვალიფიკაციაში ფეტელის ყველაზე სერიოზული მეტოქეები კი „მერსედესის“ პილოტები იქნებიან, რომლებმაც პირველ პრაქტიკაზე თავი ვერაფრით გამოიჩინეს - ნიკო როსბერგი მერვე დროს დასჯერდა, ლუის ჰამილტონი კი მე-13 იყო.
აღსანიშნავია, რომ „მერსედესისთვის“ ახალი საბურავები პრობლემას წარმოადგენს, რადგან გერმანულ გუნდს მისი ტესტირების უფლება ჩამოერთვა. სრულიად უცხო რეზინით კი სამქიმიანებმა პელოტონის შუაში გადაინაცვლეს. კვალიფიკაცია აჩვენებს, ტესტების გამოტოვება გუნდს რამდენად ძვირად დაუჯდება.


უნგრეთის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:22.723
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:22.982
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:23.010
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:23.099
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:23.111
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:23.370
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:23.390
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:23.531
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:23.591
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:23.911
11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:24.119
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:24.150
13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)       1:24.157
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:24.204
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:24.299
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:24.314
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:24.383
18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:24.608
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:25.827
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:26.808
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:27.617
22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია)    1:28.927

No comments:

Post a Comment