დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 4, 2013

„რედ ბული“ ან ბლეფობს, ან კრიზისშია

Red Bull bluffing or struggling as new season looms
4 მარტი
დასრულდა წინასასეზონო ტესტები. ორი კვირაც და მელბურნის ალბერტ პარკის ტრეკზე ფ1-ის ბოლიდები აგუგუნდებიან. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, ვინ იბრძოლებს გამარჯვებებისთვის და ვის ექნება საჩემპიონო პრეტენზიები. ტესტებმა ამ კითხვებს ნაწილობრივ გასცა პასუხები, მაგრამ ეს პასუხები არადამაჯერებლად მოჩანს, რადგან ტესტებზე ყველა მანქანის სრულყოფას ცდილობს და არავინაა დაინტერესებული საუკეთესო დროის დაფიქსირებით.
ყველაზე ხშირად, შანსების მიმოხილვისას, „მერსედესს“ და „რედ ბულს“ ახსენებენ. პირველს იმის გამო, რომ ტესტებზე ყველაზე სწრაფი მისი მანქანა იყო. მეორე კი იმის გამო, რომ ერთთავად ჩრდილში იყო მოქცეული. ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ წითელ ხარებს თავიანთი რეალური შესაძლებლობა არ უჩვენებიათ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამის სპეციალურად დაფარვა არაფერს იძლევა...
სამქიმიანების სისწრაფეს მათი თითქმის ყველა მეტოქე აღიარებს.
„რედ ბულის“ ჰელმუტ მარკოს თქმით, „მერსედესის“ მანქანა, როგორც მინიმუმ, კვალიფიკაციაზე სწრაფი იქნება. „ჩვენ ისინი სერიოზულ მეტოქედ უნდა განვიხილოთ“, - ამბობს მარკო. „მაკლარენის“ სემ მაიკლი კი დასძენს, რომ ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი ყველანაირ სიტუაციაში სწრაფები არიან.
რაც შეეხება „რედ ბულს“, ავსტრიულ საჯინიბოს ბოლო ტესტებზე პრობლემები ჰქონდა. სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ მანქანაზე ზოგიერთი ცვლილების განხორციელება გართულდა. სიტუაციას განსაკუთრებით საბურავების ფაქტორი ართულებს. მარკ ვებერის თქმით, გუნდს კიდევ რამდენიმე კვირის ტესტები ესაჭიროება, მაგრამ ამის საშუალება აღარ აქვს. ფეტელი კი დასძენს, რომ ახალი ნაწილები ისე ვერ მუშაობს, როგორც ინჟინრები იმედოვნებდნენ.
არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ „რედ ბული“ ბლეფობს. მაგალითად, ფელიპე მასა ამბობს, რომ „რედ ბული“ ყოველთვის თავის მოკატუნებას ცდილობს. როსბერგი კი არ აკონკრეტებს, თუმცა მასაც მიაჩნია, რომ ზოგი გუნდი ბლეფობს. თვით „რედ ბულის“ მფლობელი დიტრიხ მატეშიცი აღიარებს, რომ ყველაფერი წესრიგში ვერაა. მილიარდერის თქმით, მთავარ სირთულეს საბურავები ქმნის, თუმცა ეს ყველა გუნდს მეტნაკლებად ეხება. მისი მარჯვენა ხელი მარკო დასძენს, რომ ყველაფერი გეგმის შესაბამისად ვერ შესრულდა და ახლა მიღებული მონაცემების ანალიზის დროა.
მაგრამ გამოცემა „სპიდ უიკის“ ტექნიკური ექსპერტი გერი ანდერსონი ამბობს: „მე ისევ დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მანქანა „რედ ბულისაა“. ამავე დროს, „მერსედესმა“ სასიამოვნოდ გაგვაოცა. მათ გარდა, „ლოტუსსაც“ მოწინავეთა შორის ველი. თუმცა, მათ საიმედობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. რაც შეეხება „მაკლარენს“, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი“.

და რა მდგომარეობაშია „ფერარი“? ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ F138 შარშანდელ მანქანაზე ორასჯერ უკეთესია. ტესტ პილოტი მარკ ჟენე მას კვერს უკრავს. მისი თქმით, ამ სეზონშიც გამარჯვებისთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ალონსო მანქანით კმაყოფილიაო. ჩვენ იქ ვართ, სადაც ვგეგმავდით, მაგრამ არ ვიცით, სხვები რა დონეზე არიანო.
დაბოლოს, „ლოტუსზე“. კიმი რაიკონენი ახლახანს საჭმლით მოწამლულა, თუმცა ამან მისი სატესტო პროგრამა ვერ შეაფერხა. ის დარწმუნებულია, რომ გუნდების განლაგება არ შეიცვლება. ის დარწმუნებულია, რომ წინ დაძაბული ბრძოლები ელის და დროებს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება. ამაში მას სრულად ეთანხმება „მაკლარენის“ სპორტული დირექტორი სემ მაიკლი.

No comments:

Post a Comment