დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 19, 2013

„უილიამს FW35“ - ახალი მანქანა, მაღალი მიზნები

Williams last out with new car but aiming high
19 თებერვალი

ბოლო გუნდი, რომელმაც ახალი სეზონისთვის განკუთვნილი სარბოლი ავტომობილი გაგვაცნო, „უილიამსია“. ბრიტანულმა გუნდმა FW35-ის პრეზენტაცია ბარსელონას სარბოლ ტრეკზე, ტესტების მეორე სერიის დაწყებამდე, საქმიან ვითარებაში ჩაატარა. ეს სწორედ ის ტრასაა, რომელზეც გასულ სეზონში, ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ სახელოვან გუნდს ნანატრი გამარჯვება მოუპოვა.

„უილიამსის“ ტექნიკური დირექტორი მაიკ კაფლენი ამბობს, რომ ახალი მანქანა გაცილებით დახვეწილია, ვიდრე მისი წინამორბედი FW34. რეგლამენტის უცვლელობამ, ინჟინრებს სწორედ შარშანდელი მანქანის სრულყოფის საშუალება მისცა.
ოპტიმისტურ განწყობაზეა „უილიამსის“ მეპატრონე ფრენკ უილიამსი, ვის გუნდსაც, კონსტრუქტორთა თასი ცხრაჯერ აქვს მოპოვებული და ამ მხრივ, მეორე ყველაზე წარმატებულია (ფერარის შემდეგ) ფ1-ის ისტორიაში: „ავსტრალიამდე მოვიცადოთ და მერე უფრო ზუსტად გვეცოდინება მანქანის შესაძლებლობები. თუმცა, მე მჯერა, რომ ის შარშანდელზე გაცილებით უკეთესია. ის მანქანა კი მართლა ძალიან კონკურენტუნარიანი იყო. იმედი მაქვს, რომ ამ მანქანით, ჩვენ საუკეთესო შედეგებისთვის ბრძოლას შევძლებთ“.
ახალ სეზონში, მალდონადოს ახალი პარტნიორი ეყოლება ფინელი ვალტერი ბოტასის სახით, ვინც გასულ სეზონში სარეზერვო პილოტი იყო და პრაქტიკებზე მანქანის ტესტირების საშუალებაც ეძლეოდა ხოლმე. სარეზერვო პილოტის ადგილზე, ახალ სეზონში სუზი ვოლფი იქნება, ვინც „უილიამსის“ თანამფლობელისა და იმავდროულად, „მერსედესის“ აღმასრულებელ დირექტორ ტოტო ვოლფის მეუღლეა. სხვათა შორის, ვოლფმა პირველმა გაატარა ახალი ბოლიდი.
ფრენკ უილიამსის თქმით, მანქანა 80 პროცენტით განახლებულია. ახალია გადაცემათა კოლოფი, უკანა საკიდარი, რადიატორები, ძირი, გამოსაბოლქვები, ცხვირი და მანქანის ტანი. გუნდი ირწმუნება, რომ მანქანამ წონაში მნიშვნელოვნად მოიკლო და რეგლამენტირებულ წონამდე დასამძიმებლად, ბალასტს გამოიყენებენ, რაც მანქანის მომართვისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მანქანის გამძლეობას - მარტო კოლოფმა სასტენდო ტესტებისას 3200 კილომეტრის ექვივალენტური სამუშაო შეასრულა.
მალდონადო არ მალავს, რომ მისი მიზანია, რომ „უილიამსს“ მოწინავეთა შორის დაბრუნებაში დაეხმაროს. სხვათა შორის, არდადგების დროს ვენესუელელი პილოტი დაქორწინდა. ამასთან, რბოლების დროს, მას ახალი სარბოლო ინჟინერი ეყოლება.

No comments:

Post a Comment