დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 21, 2013

„ჰიუნდაი სონატა ჰაიბრიდს“ აპეტიტი და ფასი მოაკლდა

2013 Hyundai Sonata Gains Updated Hybrid System Yielding Better MPG, Costs $200 Less
21 თებერვალი
„ჰიუნდაიმ“ თავისი პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილი - „სონატა“ განაახლა. ავტომობილში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ბენზინის ძრავიანი ჰიბრიდული დანადგარი, რომლის ეფექტურობაც 6 პროცენტით გაიზარდა. ასევე გაუმჯობესდა ელემენტების ბლოკის მახასიათებლები, რისი წყალობითაც, მარტო ელექტროძრავით ავტომობილის გადაადგილებისას, მისი სვლის სიშორე გაიზარდა.
ყველა სიკეთესთან ერთად, მოდერნიზაციის შემდეგ, ავტომობილის ფასიც შემცირდა. სულ რაღაც, 200 დოლარით, მაგრამ როდესაც უკეთეს პროდუქტს დაბალ ფასში გთავაზობენ, ეს კონკურენტებთან უპირატესობას გაძლევს. ამიერიდან, ჰიბრიდული „სონატას“ საბაზო ვერსიის ფასი 25 650 დოლარია, ტოპ ვერსიისა კი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით დამზადდება - 30 550 დოლარი. ოღონდ, ამ ფასებში არ შედის მიწოდების 795 დოლარი.
იმ ცვლილებათა შორის, რომლებმაც „სონატას“ ეფექტურობა გააუმჯობესა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჰიბრიდული დანადგარის სრულყოფაა. გაიზარდა მისი ლითიუმ პოლიმერული ელემენტების ბლოკის ტევადობა (47 კილოვატსაათი). კვლავ 35 კილოვატიანია ძირითადი ელექტროძრავი. „ჰიუნდაის“ ინჟინრებმა ასევე შეცვალეს გადაბმის ქუროს კონსტრუქცია და მისი კონტროლის სისტემა. გადაკეთდა დროსელის სისტემა, ოპტიმიზაცია ჩაუტარდა მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემას. გადაკეთდა 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რის შედეგადაც, მასში ხახუნი და შესაბამისად, სიმძლავრის დანაკარგები შემცირებულია.
ჰიბრიდულ სისტემაში შედის სერია თეტას მეორე თაობის ოთხცილინდრიანი 2.4-ლიტრიანი ძრავი, რომელიც ატკინსონის ციკლით მუშაობს. ცნობისათვის, ატკინსონის ციკლით მომუშავე თანამედროვე ძრავის თავისებურება ისაა, რომ სარქველების განსხვავებული გახსნის და დახურვის ფაზების წყალობით, მათში შეკუმშვის ტაქტი შემოკლებულია, გაფართოებისა კი - გაზრდილია. ამ ძრავის და მთლიანად ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე უცვლელი დარჩა - 206 ცხენის ძალაა. სამაგიეროდ, მარტო ელექტროძღავით გადაადგილებისას, ავტომობილის სიჩქარე 121 კმ/სთ-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება განახლებული ავტომობილის საწვავის ხარჯს, ქალაქში, მაგისტრალსა და შერეული ციკლით მოძრაობისას, 6, 3 და 6 პროცენტითაა შემცირებული. შესაბამისად, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 6.53, 5.88 და 6.19 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.

No comments:

Post a Comment