დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 7, 2015

არაბული ქვიშის უდაბნოს მრბოლი 100 000 დოლარად

Arabian Sand Racer From Zarooq Priced At $100,000
7 დეკემბერი
ემირატულმა კომპანია „ზარუქმა“ თავისი უგზოობის ექსტრემალური ავტომობილის, „სენდ რეისერის“ შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნა. სპეციალურად ამ მიზნით ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე ითქვა, რომ ყველგანმავალის შესაშური თვისებების გარდა, „ქვიშის მრბოლი“ მაღალი კლასის სედანისთვის დამახასიათებელი კომფორტულობითაც გამოირჩევა. და მაინც, მისი ადგილი ქალაქში არაა, ის გაუვალ გზებზე, განსაკუთრებით კი ქვიშიან უდაბნოში ექსტრემალური მართვით სიამოვნების მისაღებადაა შექმნილი.
„ზარუქ სენდ რეისერის“ ოფიციალური პრემიერა იანვარში იგეგმება, მაგრამ თუ წარმოების დაწყება გადაიდო, პრემიერაც უფრო გვიან ჩატარდება. კომპანიის მოტორსპორტის დირექტორ მოჰამედ ალ ქადის თქმით, პირველი ავტომობილის შასი უკვე დამზადდა და მასზე ძრავიც დამონტაჟდა. ავტომობილი ელექტრო გაყვანლობითაც აღიჭურვა. დამზადებულია ძარის ცალკეული ელემენტების ყალიბ/მატრიცები.
„ზარუქის“ მმართველი დირექტორი ბრუნო ლაფიტი ამბობს, რომ „სენდ რეისერი“ სარბოლო ავტომობილი კი არის, თუმცა მასზე საგზაო სერტიფიკატიც არის გაცემული. კომფორტის მხრივ, ის კომფორტზე თანამედროვე მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობა კომპანია „კამპოს რეისინგმა“ მიიღო, რომლის სპეცალისტებმაც, „სენდ რეისერის“ სარბოლოდ მომართვაზე იმუშავეს.
უდაბნოს სარბოლო ავტომობილის შასის უმეტესი ნაწილი, ძარა და ინტერიერი, მეტწილად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. სალონში კომფორტული სარბოლო ყაიდის სავარძლები განლაგდა. აქვე არის სამოქალაქო ავტომობილის შესაფერისი ინფოტაინმენტ სისტემა. ავტომობილს რა თქმა უნდა, აქვს სათადარიგო სრულფასოვანი ბორბალი. ის LED ფარებით აღიჭურვა. მოკლედ, ამ ავტომობილს აქვს ყველაფერი იმისათვის, რათა უდაბნოში (ან თუნდაც უბრალოდ, გრუნტზე) თავზეხელაღებული მართვის შემდეგ, მასზევე ამხედრებული დაბრუნდეთ შინ.
მყიდველს შეუძლია, არჩევანი ფორსირების ორი ხარისხის მქონე ძრავს შორის გააკეთოს. ერთის სიმძლავრე 400, მეორისა კი 500 ცხენის ძალაა. „სენდ რეისერი“ აღჭურვილია ოფროუდერის დინამიური საკიდარით, სარბოლო ყაიდის, 6-სფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომლის საფეხურებიც საჭის რგოლზე მოთავსებული ნიჩბებით იცვლება, ოფროუდის ბორბლებით და საბურავებით, ასევე სარბოლო გამოსაბოლქვით და FIA-ს სპეცალური პაკეტით. მუხრუჭებს 240-მილიმეტრიანი დისკოები ემსახურება.
„სენდ რეისერის“ სიგრძე 4 200 მილიმეტრია, სიგანე - 2 084 მილიმეტრი. ის დაახლოებით 1000 კილოგრამს იწონის და ეს წონა, უკანა და წინა ბორბლებს შორის, 60/40 პროპორციით არის გადანაწილებული. წამყვანი მხოლოდ უკანა ბორბლებია, რაც ამ ტიპის ავტომობილისთვის ცოტა უცნაურია. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ „პეჟომ“ წლევანდელ დაკარზე სწორედ ასეთი, უკანა ამძრავიანი ავტომობილით იასპარეზა, გასაკვირიც აღარაფერი დარჩება. „სენდ რეისერის“ მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს.
საინტერესოა, რომ „ზარუქი“ დუბაის მახლობლად, უდაბნოში უგზოობის ტრეკს ამზადებს, რომელიც სწორედ ქვიშაში რბოლებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი ავტომობილის საორიენტაციო ფასი კი 100 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment