დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 11, 2015

დათა ქაჯაია ETCC-ს ჩემპიონია!

11 ოქტომბერი
იტალიის ენა პერგუზას ტრეკზე დასრულდა ევროპის ტურინგის ავტომობილების თასის სეზონი და როგორც მოსალოდნელი იყო, დათა ქაჯაიამ TC2T კლასში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორივე რბოლა მან აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე ადგილზე დაასრულა, ამათგან თავის კლასში პიველი მოიგო, მეორეზე კი თავისი გუნდის შეფთან, ფრანც ენგსტლერთან დათმო. რაც მთავარია, თავისი უშუალო მეტოქეები ახლოსაც არ გაიკარა და ტრიუმფით დაასრულა თავისი პირველი ევროპული ტურინგ-სეზონი.
დათამ პირველივე რბოლაში გაინაღდა ჩემპიონის წოდება. სტარტზე ის მე-6 პოზიციაზე, ენგსტლერის უკან იდგა. დათამ სტარტზე ენგსტლერის შეცდომით კარგად ისარგებლა და ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია. რბოლის განმავლობაში, ის თანდათან წამოეწია ლიდერს, ჩეხ პეტრ ფულინს, რომელსაც ფინიშის ხაზთან, სულ რაღაც, 0.350 წამით ჩამორჩა. ამგვარად, ქართველი აბსოლუტურში მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა TC2T კლასში გაიმარჯვა, ამისათვის 20 ქულა (ორმაგი ქულების წესით) მიითვალა და ვადამდე გაინაღდა ჩემპიონის წოდება.
როგორც გამარჯვებულმა, დათამ მეორე რბოლა უკანა რიგებიდან დაიწყო. პოულზე კი მისი თურქი კონკურენტი აიტაკ ბიტერი დადგა. თუმცა პირველივე წრის შემდეგ, ლიდერობა ენგსტლერმა იგდო ხელთ. ქაჯაიამ მალე მეორე ადგილზე გადაინაცვლა და თავისი გუნდის ვეტერან შეფს შეუტია. ორჯერ შეცდომაც კი დააშვებინა, მაგრამ გერმანელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. დათა მას მხოლოდ 0.231 წამით ჩამორჩა.

ამგვარად, ქაჯაიამ სეზონის ექვს ეტაპზე, 12 რბოლიდან 9 მოიგო, 149 ქულა მოაგროვა, უახლოეს მდევარ ბიტერს 49 ქულით აჯობა და გახდა პირველი ქართველი მრბოლი, ვინც FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიერ ორგანიზებული სერიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

No comments:

Post a Comment