დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 17, 2015

„GTE სპორტ კონცეპტი“ – „გოლფი“ სხვა სამყაროდან

VW Brings Awesome Golf GTE Sport Concept To Frankfurt, Because Why Not
17 სექტემბერი
„ფოლკსვაგენი“ სახალხო ავტომობილის მწარმოებლად დაიბადა. იყო დრო, როცა ხელმისაწვდომ ავტომობილებს, ფართო მასებისთვის უშვებდა და ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე, გაყიდვების რეკორდებს ხსნიდა. ჯერ „ხოჭო“, შემდეგ კი „გოლფი“, მართლა „ხალხის“ ავტომობილები იყო, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით.
მაგრამ გავიდა დრო და გერმანულმა კომპანიამ სახე იცვალა. „გოლფი“ ნახევრად პრემიუმ ავტომობილია, ის და ახალი „ხოჭო“ კი უკვე დიდი ხანია, აღარ არიან ხელმისაწვდომი ავტომობილები. „გოლფი“ ჯერაც ბლომად იყიდება, მაგრამ კონკურენტები მეზობელი კიოლნიდან (ფორდი) და რიუსელსჰაიმიდან (ოპელი) და სხვებიც, სულ უფრო მეტად და წარმატებით ავიწროებენ. მათაც ნახევრად პრემიუმ მიმართულება აქვთ, მაგრამ მაინც ავიწროებენ.
„ფოლკსვაგენი“ კი „გოლფის“ ბაზაზე უკვე ნამდვილ სუპერ ავტომობილებსაც კი ქმნის. ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურად და ისევ ჰეჩბეკის ფორმით, მაგრამ აგებულებით და აეროდინამიკით ნამდვილი სუპერებია. ამის მაგალითად, „GTE სპორტ კონცეპტიც“ გამოდგება, რომელიც ვოლფსბურგელებმა ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინეს. სხვათა შორის, ეს ავტომობილი პირველად ვორთერზეეს ტურზე გამოჩნდა, თუმცა ფრანკფურტი სულ სხვაა...
მაგრამ „GTE სპორტ კონცეპტი“ ჩვეულებრივი სუპერ ავტომობილი არაა. მისი მწარმოებელი ამბობს, რომ მისი საშუალებით, თავის მომავალს გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, ბევრს ასეთი გარეგნობის ავტომობილი აღაფრთოვანებს - რატომაც არა. მაგრამ ვოლფსბურგელთა მომავალი არა მის გარეგნობაშია, არამედ აღჭურვილობაში. კონცეპტუალური ავტომობილი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვა, რომელსაც ეკონომიურობის და მცირე გამონაბოლქვის გარდა, სუპერ ავტომობილის შესაფერისი მახასიათებლებიც აქვს.
კერძოდ, ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია „პოლოს“ ვერსია R WRC-ს 1.6-ლიტრიანი TSI, რომელიც 299 ცხენის ძალას ავითარებს და ორი ელექტრო ძრავი. აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 670 ნიუტონმეტრი. ბენზინის ძრავთან, ორქუროიანი გადაბმულობით, 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომლიდანაც მამოძრავებელი ძალა, ოთხივე წამყვან ბორბალს უნაწილდება.
ამ ავლა-დიდებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ს აღწევს. მხოლოდ ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგიით, კონცეპტს 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. კომბინრებული რეჟიმით მუშაობისას კი ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 2.0 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.
ავტომობილის მზიდი სტრუქტურა და ძარა, თავისი აეროდინამიკური ელემენტებით, მეტწილად კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული, რაც სიმსუბუქის გარდა (შესაბამისი მონაცემები არ გამოქვეყნებულა) მაღალ სიმტკიცესაც განაპირობებს. ეს კი უჩვეულო „გოლფის“ შესაშურ მანევრულობასა და დინამიურობას უზრუნველყოფს. სალონში მხოლოდ ორი სარბოლო ყაიდის სავარძელი მოთავსდა. პილოტის სამუშაო ადგილი კი ნამდვილი კოკპიტია.
რა თქმა უნდა, ამ მონსტრის წარმოებას ვოლფსბურგში არ გეგმავენ. თუმცა, როგორც კომპანია გვპირდება, კონცეპტში გამოყენებულ პლაგ-ჰიბრიდულ სისტემას სულ სხვა მომავალი აქვს.

No comments:

Post a Comment