დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 3, 2015

“SRT ტომაჰავკი“ – 2 590-ცხენისძალიანი ვირტუალური მონსტრი

SRT Tomahawk Vision Gran Turismo Boasts Up To 2,590 HP
3 ივნისი 
„კრაისლერი“ და მისი ქვე-ბრენდი SRT, ამიერიდან ვირტუალურ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-ის“ მონაწილეები არიან. ამერიკულმა კომპანიამ, პოპულარული თამაშისთვის ექსკლუზიურად, ერთადგილიანი სუპერ ავტომობილი შეიმუშავა, რომელიც ჰიბრიდული აგრეგატით „აღჭურვა“. ავტომობილის სრული სახელია „ტომაჰავკ ვიჟნ გრან ტურიზმო“ და როგორც მისი ავტორები ამბობენ, მასში ის ტექნოლოგიებია გამოყენებული, რომლებიც ავტოინდუსტრიაში  მომდევნო 20 წელიწადში დაიმკვიდრებს ადგილს.

კონცეპტუალური ავტომობილი სამი ვერსიის სახით შეიქმნა. ესენია S (ქუჩის სპეციფიკაცია), GTS-R (სარბოლო სპეციფიკაცია) და X (ექსტრემალური სპეციფიკაცია). სამივე შემთხვევაში, „ტომაჰავკი“ ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელშიც მთავარი ფართოკუთხიანი (ცილინდრების რიგებს შრის გაშლის კუთხე 144 გრადუსია) 7.0-ლიტრიანი V10 აგრეგატია, რომელიც 2,168 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის უკანა ბორბლებს უკავშირდება, წინა ბორბლებს კი პნევმატური სისტემა ატრიალებს. აგრეგატის ჯამური სიმძლავრე, ვირტუალური 2 590 ცხენის ძალაა.
„ტომაჰავკის“ დიზაინი, ახალგაზრდა ამერიკელ დიზაინერ პოლ ჰოსტეს მიერაა შემუშავებული, ვინც ბავშვობაში სწორედ „გრან ტურიზმოს“ მოყვარული ყოფილა. მან თავისი ნამუშევრით, „ფიატ კრაისლერის“ მიერ ჩატარებული კონკურსი მოიგო, რომლის პირობაც, „დოჯის“ მომავლის სუპერ ავტომობილის შემუშავება იყო.
პროექტის ავტორმა, თავისი ავტომობილისთვის, მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებაც გაითვალისწინა. მაგალითად, მანქანის გამჭვირვალე ნაწილები, როგორიცაა კოკპიტის სახურავი და ძრავის ხუფი, ძალიან თხელი, მსუბუქი და ზემტკიცე გრაფენისგან დამზადდება. ამავე მასალის აპკი გადაეკვრება საქარე შუშას, რომელზეც პილოტს, მაჩვენებლების დაფის და საკომუნიკაციო სისტემების ხილვის და მართვის საშუალება ექნება.
ავტომობილს ჰაერის ამღებების და გამომშვების მთელი სისტემა აქვს, რომლების ძირითადი დანიშნულებაც, ძრავის გაგრილება და აეროდინამიკის გაუმჯობესებაა. კარგი აეროდინამიკური მახასიათებლების მისაღწევად, ასევე სპეცალური ელემენტებიც გამოიყენეს, რომლებიც სიჩქარის და მოძრაობის რეჟიმის შესაბამისად, მუდმივად იცვლიან მდგომარეობას და დახრის კუთხეს. მათი მართვისთვის კი პნევმატური სისტემაა გამოყენებული, რაც ძალიან მაღალი დატვირთვების პირობებში, გამართულ და ზუსტ მუშაობას უზრუნველყოფს. მათი დანიშნულება, აეროდინამიკური ჩაჭიდების შექმნის გარდა, მუხრუჭების დამხმარე სისტემის მოვალეობის შესრულებაცაა. გარდა ამისა, სწრაფი აჩქარებისას, მათ დამატებითი ჩაჭიდების ძალის შექმნაც შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, სამი ვერსიიდან ყველაზე მძლავრი და სწრაფი, X-ვერსიაა, რომლის შემთხვევაშიც, 752-კილოგრამიანი სუპერ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე... 650 კმ/სთ-ს აღწევს. შედარებით „ადამიანური“ მაჩვენებელი აქვს სარბოლო ვერსიას, რომლის 1137 ცხენის ძალის დახმარებითაც, 482 კმ/სთ-ს მიაღწევთ. ქუჩაში კი 792 ცხენის ძალა და 402 კმ/სთ-ც გეყოფათ.
დაბოლოს, პროექტის ავტორებმა, უყურადღებოდ არც ამ მონსტრის პილოტი დატოვეს, რომელსაც ამდენი ცხენის ძალის გამკლავების გარდა, წარმოუდგენლად მაღალი გადატვირთვის პირობებშიც „მოუწევს“ საჭის მართვა. ის სპეცალური კომბინეზონით შეიმოსება, რომელიც ამ გადატვირთვების გარდა, ღმერთმა ნუ ქნას და, ავარიის შემთხვევაშიც დაიცავს.

ახალი ვირტუალური ავტომობილი, „გრან ტურიზმო 6-ის“ მომხმარებლებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ხელმისაწვდომი. ოღონდ, ჯერ მხოლოდ ყველაზე სუსტი ვერსიის გადმოწერას შეძლებთ. უფრო მძლავრი ვერსიების შერჩევის საშუალებას კი თამაში დაოსტატების კვალობაზე მოგცემთ.

No comments:

Post a Comment