დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 9, 2015

„პორშემ“ ახალი „კაიმანი“ წარმოგვიდგინა

Porsche Reveals New Cayman GT4 with 380HP
9 თებერვალი
ჟენევურ პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე, „პორშემ“ თავის კუპე „კაიმანის“ ვერსია GT4 გაგვაცნო. ეს ავტომობილი იმითაა საყურადღებო, რომ მის მზიდ სტრუქტურაში, უფრო მაღალი კლასის, თანაც სატრეკო 911 GT3-ის შასის კომპონენტებია გამოყენებული და „911 კარერა S-ის“  3.8-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი. როგორც „პორშე“ აცხადებს, ვერსია GT4 ყველაზე მძლავრი „კაიმანია“.
ძრავის სიმძლავრე 400-დან 385 ცხენის ძალამდე შეამცირეს (უფრო მაღალი კლასის 911 კარერა S-თან პარიტეტის დასაცავად). მასთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელიც დინამიკურ საყრდენებზეა განლაგებული. ასეთი ტანდემის დახმარებით, „კაიმან GT4-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.4 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 295 კილომეტრს აღწევს.
როგორც „პორშე“ აცხადებს, „კაიმან GT4-ს“ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთსა და 40 წამში აქვს გავლილი, რითაც ის 997 GT3-ის და „მერსედეს-ბენც SLS AMG-ს“ დონეზეა და ძალიან ახლოსაა „ლექსუს LFA-სა“ (7:38.5) და „991 კარერა S-თან“ (7:37.9). გარდა ამისა, ავტომობილი საკმაოდ მოკრძალებული ხარჯითაც გამოირჩევა - 100 კილომეტრის გასავლელად მას 10.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შესახებ ინფორმაციას „პორშე“ არ აქვეყნებს.
როგორც გერმანული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, „კაიმან GT4“ სტანდარტულ „კაიმანთან“ შედარებით, გზის საფართან 30 მილიმეტრით ახლოსაა. ავტომობილი უფრო მძლავრი მუხრუჭებით აღიჭურვა, რომლებიც მას ისევ სატრეკო 911 GT3-ისგან „გადაუნერგეს“. ოპციის სახით კი მყიდველს კარბონ-კერამიკულ მუხრუჭებსაც შესთავაზებენ. 
„კაიმან GT4“ სტანდარტული კუპესგან გარეგნულადაც განსხვავდება. პირველ რიგში, ეს აეროდინამიკური ელემენტების დამსახურებაა. მაგალითად, შეცვლილი ძრავის კაპოტი, რომელსაც ჰაერის გამომშვები ღრიჭო აქვს. უკან კი ზორბა, ფიქსირებული ანტი ფრთა განლაგდა. ახალია წინა ბამპერი, რომლის სტრუქტურაშიც დიდი ზომის ჰაერის ამღები ლაყუჩები და სპოილერი მოთავსდა. უკან კი ავტომობილს დიფუზორი და მასში მოთავსებული წყვილი გამოსაბოლქვი აქვს. სიახლეა ინტერიერშიც, სადაც ტყავით და ალკანტარით გაწყობილი ახალი სავარძლები და სპორტული საჭის რგოლი დაგხვდებათ.
„კაიმან GT4“ გერმანიაში გაყიდვაში მარტიდან გამოვა, მას შემდეგ, რაც ჟენევის მოტორ შოოუზე წარდგება. იქ ის 85 779 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment