დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 10, 2015

„ფორდი“ დიდ მოტორსპორტში დაბრუნებას არ ჩქარობს

Ford remains cool on global motorsport return
10 თებერვალი
„ფორდმა“ ახლახანს „ფოკუს RS“ და ახალი სუპერქარი GT გაგვაცნო, რომლებიც პირველებია იმ 12 ავტომობილიდან, რომლების გამოშვებასაც 2020 წლამდე „ფორდ პერფორმენსი“ გვპირდება. მაგრამ ეს ჯერაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკული კომპანია მალე მსოფლიო მოტორსპორტის უმაღლეს დონეზე დაბრუნდება. ცისფერი ოვალისთვის ბოლო დიდი სერია რალის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც 2012 წელს დატოვა. ცისფერი ოვალი რალიქროსის მსოფლიო სერიაში ასპარეზობს, მისი „ფიესტა“ კი საქარხნო მხარდაჭერის გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის.
სხვათა შორის, დეტროიტის მოტორ შუზე ახალი GT-ს წარდგენისას, ბევრი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ამ ავტომობილით „ფორდი“ ლე მანის რბოლაზე დაბრუნებას აპირებს. ასეც რომ არ იყოს, ახალი GT სწორედ ლე მანის 24 საათის 1966 წლის რბოლაში გამარჯვების 50 წლის იუბილეს ეძღვნება. მაგრამ როგორც ჩანს, კომპანია აჩქარებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს „ფორდის“ ევროპული, ახლო აღმოსავლური და აფრიკული შტოების პრეზიდენტი ჯიმ ფარლი.
„ჩვენ გამოწვევებს ყოველთვის ვღებულობთ, ამ ეტაპზე კი მთავარი ამოცანა, ჩვენი რესურსების საგზაო ავტომობილების შემუშავებისკენ მიმართვა წარმოადგენს. მე ვამჯობინებდი, რომ მთელი შესაძლებლობები, რაც გაგვაჩნია, რაც შეიძლება უკეთესი „ფოკუს RS-ის“ შექმნას მოვახმაროთ, ვიდრე ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ“, - ამბობს ფარლი და დასძენს:
„მოტორსპორტში ყოფნა, ხანგრძლივ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული. ამჟამად ჩვენ გვირჩევნია, „ფორდ პერფორმენსის“ პროდუქციით მივიქციოთ ხალხის ყურადღება, იმ ავტომობილებით, რომელთა ყიდვასაც ისინი შეძლებენ. მათ შესაძლოა ნახონ RS-ი და იყიდონ ST, ან თუნდაც სტანდარტული „ფოკუსი“. და სწორედ ესაა ამ ტიპის ავტომობილების დანიშნულება. ისინი გავლენას მთელს ბრენდზე ახდენენ“.
სხვათა შორის, კიოლნში (გერმანია) ახალი „ფოკუს RS-ის“ პრეზენტაციას, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდ „M-სპორტის“ შეფი, წარსულში რალის მრბოლი მალკოლმ უილსონი დაესწრო, რომელმაც მან განაცხადა, რომ იქ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო, როგორც „ფორდის“ ყოფილი პარტნიორი და მრბოლი, რომელსაც თავის დროზე, რალიში ბრიტანეთის ჩემპიონატი „ფორდ ესკორტ RS-ით“ აქვს მოგებული.

No comments:

Post a Comment