დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 10, 2015

ლოებმა და ოჟიემ კუბიცა შეაქეს

WRC champions Loeb and Ogier praise Kubica's Monte Carlo Rally pace
10 თებერვალი
რალის მსოფლიო ჩემპიონები, სებასტიან ლოები და სებასტიან ოჟიე მონტე კარლოს რალის შემდეგ, განსაკუთრებით რობერტ კუბიცას აქებენ. ფორმულა ერთის ყოფილი მრბოლი, მოგებული სპეცმონაკვეთებით, ლოების შემდეგ მეორე იყო. არადა რბოლის პირველივე დღეს, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
პოლონელ მრბოლს პირველივე სპეცმონაკვეთზე შეცდომა მოუვიდა და გზის მიღმა გადავიდა, შემდეგ მონაკვეთებზე კი მის „ფორდ ფიესტაზე“ ელექტრონიკა გაჭირვეულდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. მაგრამ პრობლემის გამოსწორების შემდეგ, რამდენიმე მონაკვეთზე საუკეთესო დრო აჩვენა. ყველაზე მეტად კი თავი ყველაზე გრძელ მონაკვეთზე გამოიჩინა, რომელზეც უახლოეს მდევარს 33 წამით აჯობა.
„მან შესანიშნავი რბოლა ჩაატარა. ბევრ მონაკვეთზე ძალიან სწრაფი იყო და დაამტკიცა, რომ ბრძოლა შეუძლია. თუმცა ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით - ის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლია“, - განაცხადა ოჟიემ, ვინც გასულ სეზონში, „ფოლკსვაგენთან“ ერთად, ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ლოები ამბობს, რომ კუბიცა ტოლს არაფერს უდებდა ოჟიეს, როცა მათ ერთმანეთის მიყოლებით, მსგავს პირობებში უწევდათ ასპარეზობა. ამის საშუალებას ძირითად რბოლას გამოთიშულ მრბოლებს, რალი2-ის სპორტული რეგლამენტი აძლევს. ასეთ მრბოლებს, ტრასაზე ლიდერების წინ გასვლის უფლება ეძლევათ, როცა გზა ხარისხიანია.
„რობერტი კარგად გამოვიდა. მე მისით აღფრთოვანებული დავრჩი. ის ახლოს იყო სებთან (ოჟიესთან) და არაერთი კარგი დრო დააფიქსირა“, - ამბობს მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, რომელსაც კუბიცასავით, რალი2-ის წესებით რბოლის გაგრძელებამ მოუწია და ყველაზე მეტი სპეცმონაკვეთი მოიგო.
თავად კუბიცა თავისი გამოსვლით გაოცებული დარჩა - ვინმეს ორი-სამი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ მონტე კარლოში ასეთი სწრაფი ვიქნებოდი, ვერაფრით დავიჯერებდიო. საბოლოოდ, კუბიცასთვის რბოლა ბოლოსწინა მონაკვეთზე დასრულდა მას შემდეგ, რაც დაზიანებულმა მუხრუჭმა შეცდომა დააშვებინა - ის კედელს დაეჯახა და ფინიშს ვეღარ მიაღწია. „ძალიან გამიკვირდა, რადგან ხუნდები და დისკოები გამოვცვალეთ. რემონტის შემდეგ, მუხრუჭებმა ცოტა ბოლი გაუშვა, მაგრამ ასე იცის ხოლმე. მაგრამ როცა გრძელი დაღმართი დავასრულე, მუხრუჭის პედალი ჩავარდა. შესანელებლად მხოლოდ ხელის მუხრუჭის გამოყენება შევძელი, მაგრამ საქმეს ვერ ვუშველე“, - ყვება კუბიცა.

No comments:

Post a Comment