დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 26, 2014

ავტოსპორტი სპორტი არ არის?

26 დეკემბერი
პირველ რიგში, ავტოსპორტული სამყარო გულითადად ულოცავს ქართველ სპორტსმენებს იმ წარმატებებს, რომლებიც ყველას გვახარებს. მათ თავიანთი გარჯით და შრომისმოყვარეობით, უთუოდ დაიმსახურეს ის ჯილდოები, რომლებიც სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცათ. იმედია, მომავალ სეზონებში მათ შორის საუკეთესოს არჩევა კიდევ უფრო გაძნელდება, რაც მათი მიღწევების შედეგი იქნება.

დათა ქაჯაია ნურბურგრინგის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე
კარგია და სასიხარულო, მაგრამ როდესაც გაიგებ, რომ ამ საერთოსპორტულ ფორუმზე საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენლებს არ იწვევენ, გული დაგწყდება. ამ დროს წარმოიდგენ, რომ იქ, „ზევით“, ვიღაცას არაფრად ადარდებს ის, რომ ადამიანები მთელი წლის განმავლობაში შრომობენ, დღეს და ღამეს ასწორებენ, ვარჯიშობენ, რბოლებში მონაწილეობენ, უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც, მათს სახელზე, კვარცხლბეკის თავზე საქართველოს დროშა აღიმართება და ქართული ჰიმნი ჟღერს ხოლმე. აქ კი, „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, ამ ყველაფერს, უბრალოდ, იგნორირებას უკეთებენ. რატომ?
საინფორმაციო საშუალებებით ვგებულობთ, რომ თურმე არაოლიმპიურ სახეობათა წარმომადგენლებიც დაუფასებიათ, მათ შორის საუკეთესოც კი აურჩევიათ. ეს იმ დროს, როცა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ჟან ტოდტი პირადად იწვევს ჩვენი ავტოსპორტის ხელმძღვანელობას.
ეს იმ დროს, როცა ყოველი შემდგომი ავტოსპორტული სეზონი წინაზე წარმატებული და უკეთესია. ჯერ ერთი, რეგულარულად მაღალ დონეზე ტარდება საქართველოს ჩემპიონატი ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებში. სხვათა შორის, მათში რეგულარულად მონაწილეობენ უცხოელი (ირანელები, უკრაინელები, რუსები, გერმანელები და ფინელებიც კი) მრბოლები. წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ერთ ეტაპს ისტანბულის ფ1-ის ტრეკმაც კი უმასპინძლა!
ჩვენი სპორტსმენებიც სულ უფრო ხშირად გადიან საერთაშორისო ასპარეზზე. მათგან ყველაზე გამორჩეულები, დათა ქაჯაია და შოთა აფხაზავა არიან. ქაჯაიას კლას „ლეჯენდსში“ უკვე სამი სეზონია (სხვადასხვა სერიებში), ევროპაში ბადალი არ ჰყავს, აფხაზავა კი „ლამბორგინის“ მონო სერიის რბოლებში, რეგუარულად ადიოდა კვარცხლბეკის სხვადასხვა (მათ შორის, უმაღლეს) საფეხურზე. ქართველ მრბოლებს, ევროპელებთან ერთად, უკვე რეგულარულად იწვევენ აბუ დაბის ახალგაზრდა პილოტების მომზადების კურსებზე...
მომავალი სეზონიდან ქართული ავტოსპორტი მასობრივად ჩაერთვება საერთაშრისო სერიაში (იმავე „ლეჯენდსის“ კლასში), რომლის ეტაპებიც, რუსთავის და ისტანბულის გარდა, რიგასა (ლატვია) და პიარნუშიც (ესტონეთი) გაიმართება. ასევე იგეგმება ფორმულა 4-ის საერთაშორისო სერიაში ჩართვა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მაგრამ სპორტის სამინისტრო ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ვერ ამჩნევს.
ძალიან სამწუხაროა...

No comments:

Post a Comment