დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 9, 2014

„ფორდს“ ევროპაში ახალი შეფი ჰყავს

Ford appoints new boss for Europe, Middle East and Africa
9 ნოემბერი
ამიერიდან, „ფორდის“ ევროპულ, ახლოაღმოსავლურ და აფრიკულ საქმეებს ჯიმ ფარლი (ფოტოზე) გაუძღვება. ამ პოსტზე ის სტივენ ოდელს შეცვლის, ვინც თავის მხრივ, „ფორდის“ გლობალური გაყიდვების და მარკეტინგის შეფის თანამდებობას, დაიკავებს, რომელზეც აქამდე სწორედ ფარლი მუშაობდა. გარდა ამისა, ფარლი პრემიუმ ბრენდ „ლინკოლნსაც“ ედგა სათავეში, თუმცა ახლახანს ამ პოსტზე ის კუმარ გალჰოტრამ შეცვალა.
ეს პირველი დიდი გადაადგილებაა, რომელიც ცისფერი ოვალის უმაღლეს მმართველობაში, მთავარი აღმასრულებლის პოსტზე მარკ ფილდსის მოსვლის შემდეგ ხდება. ცნობისათვის, ფილდსმა „ფორდის“ ხელმძღვანელის პოსტზე ამ ზაფხულს ალან მიულალი შეცვალა. უნდა ითქვას, რომ „ფორდის“ გლობალურ ბიზნესში ყველაზე პრობლემური სწორედ ევროპული შტოა, თუმცა ოდელის ხელმძღვანელობით, „ფორდ ოფ იუროპი“ თანდათან ახერხებს კრიზისიდან თავის დაღწევას.
ახალ თანამდებობაზე, 52 წლის ფარლის მთავარი მიზანი, ევროპული შტოს მოგებაზე გადაყვანაა. როგორც ამერიკული კომპანია აცხადებს, ევროპულ ბაზარზე მოგებაზე გადასვლაში მას ახალ პროდუქციაზე უპრეცედენტო აქცენტირება დაეხმარება. ამასთან, კომპანია ხარჯების შემდგომ შეკვეცას და წარმოების ოპტიმიზაციას გეგმავს, რისი მიზანიც, საწარმოო სიმძლავრეების მაქსიმალურად ათვისებაა.
ფარლი „ფორდში“ 2007 წელს გადავიდა „ტოიოტადან“. მან აქცენტი ციფრულ მარკეტინგზე გააკეთა და განსაკუთრებული მნიშვნელობა სოციალურ მედიაში ახალი პროდუქტების პრემიერისწინა მარკეტინგულ კამპანიებზე გადაიტანა. ამ კამპანიებს შორის ერთ-ერთი პირველი „ფიესტა მოუვმენტ“ იყო, რომელმაც ამ სუბკომპაქტური ავტომობილის პოპულარობა, ბაზარზე დებიუტამდევე განაპირობა.
„ტოიოტაში“ ფარლიმ ძალიან სწრაფად მოიპოვა აღიარება. ის „ლექსუსს“ უძღვებოდა, მერე კი ამერიკულ ბაზარზე „საიონის“ დამკვიდრებაში ითამაშა დიდი როლი. „ფორდში“ გატარებული შედარებით მცირე პერიოდის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო კანადური, მექსიკური და სამხრეთამერიკული შტოების ხელმძღვანელობა.

No comments:

Post a Comment