დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 25, 2014

ქართული ჯავშნოსნის წარმატება საუდის არაბეთში

25 სექტემბერი
საქართველოს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ შემუშავებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დახურულ ტენდერში წარმატებით მონაწილეობს. მართალია, სატენდრო კომისია საბოლოო შედეგებს ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოაცხადებს, თუმცა ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ქართულმა ჯავშნოსანმა წარმატებას მიაღწია და აი, რატომ:

ტენდერის პირობების შესაბამისად, მას უკვე გავლილი აქვს 800 კილომეტრი, მათ შორის, საერთო სარგებლობის გზებსა და ქვიშიანი უდაბნოს უგზოობის პირობებში, მაღალ სიჩქარესა და მკვეთრ აღმართებზე, რთული წინაღობების გადალახვაში და სხვა. ტესტები ძალიან მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის პირობებში ტარდებოდა. და ასეთ პირობებში, ტენდერის ცხრა მონაწილიდან ფინალურ ეტაპამდე მხოლოდ ორმა მიაღწია, რომელთა შორისაც, „დელტას“ ჯავშნოსნის გარდა, მეორე ამერიკული კომპანია „ლენკო არმორდ ვიიქლზის“ მანქანაა. ეს კომპანია სამხედრო და საპოლიციო დაჯავშნული მანქანების წარმოებითაა განთქმული.
„დელტას“ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშნოსანი, რომელსაც ჯერ სახელ შერჩეული არ აქვს, პირველი ქართული ჯავშანმანქანის, „დიდგორის“ ბაზაზეა შემუშავებული, რომელიც თავის მხრივ, მძიმე პიკაპ „ფორდ F550-ის“ შასიზეა აწყობილი. მისი დიზაინი კი ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ხელმძღვანელობით არის შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილე ჯავშნოსნების უმეტესობა სწორედ „ფორდ F550-ის“ შასიზეა დამზადებული.
უნდა ითქვას, რომ „დელტამ“ ტენდერის შესახებ ინფორმაცია გვიან მიიღო, თუმცა უცხოელი პარტნიორის დახმარებით, მის დაწყებამდე შეძლო „დიდგორის“ ბაზაზე საევაკუაციო ჯავშნოსნის შემუშავება. ტენდერის პირობების შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძრავის ეფექტურ გაგრილებას, ქვიშაში გამავლობას, საკაცეების განლაგების მოხერხებულობას და სხვა. ამ პირობების დასაკმაყოფილებლად, „დიდგორს“ მოდიფიკაცია ჩაუტარდა - აღიჭურვა კონდიციონერით, გაუგანიერდა უკანა კარი და ა.შ. ქართული საევაკუაციო ჯავშნოსნის მთავარი ღირსება, მისი დაბალი ფასია.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო „დელტასთან“ მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს. თუმცა, ტენდერის საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე, ქართული ჯავშნოსნის „დიდი გასეირნება“ არაბულ უდაბნოში, უკვე შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან „დელტას“ პროდუქციით დაინტერესება უკვე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ეგვიპტემ, გამოხატა.

No comments:

Post a Comment