დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 23, 2014

„ფორდ ფიესტა“ ბრიტანეთის ყველა დროის ბესტ სელერია

Ford Fiesta Is the Best Selling Car of All Time in Britain
23 ივლისი
„ფორდს“ ბრიტანული საავტომობილო ბაზრის უდიდესი წილი ეკუთვნის. მისი ორი მოდელი - „ფიესტა“ და „ფოკუსი“, ალბიონზე უკვე მრავალი წელია, გაყიდვებში ლიდერობისთვის ეპაექრებიან ერთმანეთს. განსაკუთრებული პოპულარობით მათ შორის „ფიესტა“ გამოირჩევა, რომელიც „ფოკუსზე“ ძველიცაა და მხოლოდ დროზე იყო დამოკიდებული, თუ როდის მოიპოვებდა ეს სუბკომპაქტური ავტომობილი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსს.
და ეს დროც დადგა! ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემებით, ბრიტანეთში „ფორდ ფიესტას“ გაყიდვებმა 4 115 000 ერთეულს მიაღწია, რაც ამ ბაზრის ახალი რეკორდია. ცისფერი ოვალის ეს პატარა ავტომობილი ბრიტანულ ბაზარზე 1976 წელს გამოჩნდა და ამ 37 წლის განმავლობაში, 27-ჯერ იყო ამ ბაზრის B-სეგმენტის ლიდერი. ამიერიდან კი რეკორდსმენიც გახდა.
საინტერესოა, რომელ ავტომობილს გადაასწრო „ფიესტამ“? კანდდატი რამდნმეა - „ფოლკსვაგენის“ „გოლფი“ და „ბიტლი“, „ტოიოტა კოროლაც“ კი, თუმცა იაპონური ავტომობილი დიდი ხანია, დაშორდა თავის წარსულს, რომელმაც პოპულარობა მოუტანა და რომლის აჩრდილსღა წარმოადგენს. თუმცა არა - არც ერთი, არც მეორე და მითუმეტეს, არც მესამე! წინა ბესტ სელერიც ცისფერი ოვალის საჯინიბოდანაა - ესაა „ფორდ ესკორტი“, ავტომობილი რომელიც „ფოკუსმა“ შეცვალა. ეს კომპაქტური ავტომობილი 1968-2000 წლებში გამოდიოდა და ბრიტანეთში 4 105 961 ცალი გაიყიდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ცისფერი ოვალის არაერთი ავტომობილი ბრიტანეთშია შემუშავებული, იქ მათ „თავისად“ თვლიან და ეს ამ ავტომობილების პოპულარობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით „ფიესტა“ გამოირჩევა, რომელიც ყველაფერთან ერთად, კომპაქტური, მანევრული და ეკონომიურია. თანაც, მომხიბლავი გარეგნობითაც გამოირჩევა.
ამერიკული კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრი დანტონში (ესექსი) მდებარეობს, სადაც „ფორდმა“ თავისი 1.0-ლიტრიანი სერია ეკობუსტის ტურბო ძრავი შეიმუშავა, რომელიც ზედიზედ სამჯერ აღიარეს წლის ძრავად. ბრიჯენდის (სამხრეთ უელსი) ძრავების ქარხანა უშვებს 1.6-ლიტრიან ეკობუსტს, რომლითაც პოპულარული „ფიესტა ST“ არის აღჭურვილი. დაგენჰემის დიზელის ცენტრში კი 1.5-ლიტრიანი TDCi დიზელის ძრავია შემუშავებული, რომლითაც ასევე „ფიესტაა“ აღჭურვილი.
„თანამედროვე „ფორდ ფიესტაში“ სტილი, ფასეულობა, დინამიურობა და არაჩვეულებრივი ტექნოლოგიებია შეხამებული, რაც მის პოპულარობას განაპირობებს. მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე 1.0-ლიტრიანი ეკობუსტია, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მოგებული. გაყიდვების მხრივ, თავის უახლოეს კონკურენტებზე ორჯერ უკეთესი მაჩვენებლები აქვს. ეს ყველაფერი კი ამ ექსტრაორდინარულ ავტომობილს კარგად ახასიათებს“, - ამბობს „ფორდ ბრიტანის“ მმართველი დირექტორი მარკ ოვენდენი.

No comments:

Post a Comment