დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 18, 2014

„ალფა რომეო“ უკანა ამძრავიანი ხდება

Alfa Romeo plots rear-drive model line-up and new engines
18 მაისი
„ალფა რომეო“ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს. უკვე მერამდენედ. ეს ალბათ ბოლო ცდაა, რის შემდეგაც ან დასასრული იქნება, ან „ფიატს“ მისი სხვისთვის (ფოლკსვაგენისთვის) მიყიდვა მოუწევს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ხვედრი მილანურ კომპანიას არ ელის, რადგან „ფიატ კრაისლერის“ ჯგუფმა დეტალურად გააზრებული გეგმა შეიმუშავა, რომელიც „ალფას“ თვისობრივად განსხვავებულ, გერმანულ პრემიუმ კომპანიების მეტოქე ბრენდად გადააქცევს.
ახალი გეგმის მიხედვით, „ალფა რომეო“ უახლოეს ხუთ წელიწადში რვა ახალ და განახლებულ ავტომობილს გამოუშვებს. ამასთან ახალ, უკანა და სრულ ამძრავიან მოდულურ პლატფორმებს შეიმუშავებს. მიჩიგანში, ინვესტორთა წინაშე გამოსვლისას, „ალფა რომეოს“ მთავარმა აღმასრულებელმა ჰარალდ ჯეი უესტერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, მყიდველს „თავის კლასში საუკეთესო უკანა და სრულ ამძრავიან არქიტექტურებს შესთავაზებს“.
ამჟამად „ალფა რომეოს“ გამა მხოლოდ ოთხ ავტომობილს მოიცავს. ესენია სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „მიტო“, კომპაქტური ჰეჩბეკი „ჯულიეტა“, კომპაქტური კუპე 4C და მისი ღია ვერსია „4C სპაიდერი“. მომავალი წლის მიწურულს, გამა საშუალო ზომის სედან „ჯულიათი“ შეივსება, რომელიც კონკურენციას „ბეემვეს“ მე-3 სერიას გაუწევს. ამის შემდეგ, შეწყდება წინა ამძრავიანი „მიტოს“ წარმოება. სამაგიეროდ, ბაზარზე რამდენიმე ახალი ავტომობილი გამოვა. „ჯულიას“ მისი უნივერსალის ძარიანი ვერსია, სრულგაბარიტიანი სედანი, უგზოობის ორი ავტომობილი, ასევე პატარა სპორტული ავტომობილი შეუერთდბა.
„ალფას“ მომავალი ავტომობილების მყიდველს, ხუთ ძრავს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამათგან სამი ბენზინისა იქნება, ორი კი - დიზელის. ბენზინის ძრავებიდან ორი ოთხცილინდრიანი უნდა იყოს, მესამე კი - ექვსიანი. დიზელის ძრავებიდან ერთი ოთხცილინდრიანია, მეორე კი - ექვსიანი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმაზე, ეს ძრავები ატმოსფერული უნდა იყოს, თუ ტურბო, ან მექანიკური დამჭირხნებით აღიჭურვება. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ ყველაზე მძლავრი ძრავი ბენზინის ექვსცილინდრიანი უნდა იყოს - 500 ცხენის ძალით.
ახალი გეგმის პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ ისეთი ავტომობილები, როგორებიცაა „ბრერა“, „ალფა 159“ და „სპაიდერი“, მოწყვეტილია კომპანიის ისტორიული ტრადიციებისგან და დნმ-ისგან. ეს ავტომობილები დროის დაკარგვად ჩაითვალა, რამაც გერმანულ კომპანიებს, წლების განმავლობაში, „ალფასთან“ „ფენომენალური უპირატესობის“ მოპოვების საშუალება მისცა. კომპანიის განმარტებით, „ალფას“ ისტორიული დნმ-ა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: „ინოვაციური ძრავები, ავტომობილის წონის იდეალური, 50/50-ზე განაწილება ღერძებს შორის, უნიკალური ტექნიკური გადაწყვეტები, სიმძლავრის და წონის იდეალური ფარდობა და რა თქმა უნდა, მკაფიოდ იტალიური დიზაინი“. მილანური კომპანია აცხადებს, რომ ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როცა ბაზარზე „ალფა რომეო 4C“ გამოვიდა.

No comments:

Post a Comment