დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 18, 2014

ფ1-ის სამგზის ჩემპიონი სერ ჯეკ ბრებჰემი გარდაიცვალა

Three-time world champion Sir Jack Brabham dies
18 მაისი
გოლდ ქოუსტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ფორმულა ერთის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ავსტრალიელი სერ ჯეკ ბრებჰემი. ის ფ1-ის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, საკუთარი გუნდის მანქანით მოიპოვა.
ჯონ არტურ ბრებჰემი, შემოკლებით ჯეკ ბრებჰემი, სიდნეის შემოგარენში, 1926 წლის 2 აპრილს დაიბადა. ძრავებით და ავტომობილებით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა, 15 წლისამ სწავლას თავი დაანება და გარაჟში დაიწყო მუშაობა. პარალელურად, მექანიკურ ინჟინერიას სწავლობდა. მას შემდეგ, რაც ავსტრალიის სამეფო სამხედრო ავიაციაში იმსახურა, ბრებჰემმა 1948 წელს რბოლებში გამოსვლა დაიწყო. ავსტრალიური ავტოსპორტის კიბეზე აღმასვლის შემდეგ, 1955 წელს ევროპას მიაშურა.
ბრებჰემი მალე დაუმეგობრდა ჯონ კუპერს, კომპანია „კუპერ ქარზის“ მფლობელს, რომლის გუნდის მანქანითაც (კუპერ T40), ფორმულა ერთში, ბრიტანეთის დიდ პრიზზე იასპარეზა. სადებიუტო რბოლა, ძრავის პრობლემების გამო ვერ დაასრულა. „კუპერში“ 1958 წლისთვის ის „კუპერის“ ძირითადი პილოტი გახდა, 1959 წელს კი მონაკოს და ბრიტანეთის დიდი პრიზები მოიგო.
თავისი პირველი ტიტული 1959 წელს, საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში მოიპოვა: აშშ-ის დიდი პრიზის ბოლო წრეზე საწვავი გამოელია, მანქანა ფინიშამდე ხელით მიაგორა და მაინც მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ტიტულისთვის საკმარისი გამოდგა. 1960 წლის სეზონში, ზედიზედ მეორე ტიტულს გაცილებით იოლად, ხუთ რბოლაში გამარჯვებით დაეუფლა. მაგრამ მომდევნო სეზონში, მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეძლო, რაც იმის ბრალი იყო, რომ „კუპერის“ მანქანა ვერ მოერგო 1.5-ლიტრიანი ძრავების რეგლამენტს.
1962 წელს ბრებჰემმა საკუთარი გუნდი შექმნა და მას სახელად საკუთარი გვარი მისცა. პირველი წლები ძალიან ძნელი გამოდგა და იყო მომენტი, როცა პილოტის კარიერის დასრულებას და მთელი ყურადღების გუნდზე გადატანას აპირებდა. მაგრამ 1964 წელს ამერიკელმა დენ გარნიმ „ბრებჰემს“ პირველი გამარჯვება მოუპოვა და სიტუაციაც უკეთესობისკენ შეიცვალა.
ორი წლის შემდეგ, რონ ტორანაკის მიერ შემუშავებული BT19-ით და „რეპკოს“ V8 ძრავით, ბრებჰემი დაუმარცხებელი იყო. საფრანგეთის 1966 წლის დიდ პრიზზე მან საკუთარი გუნდის მანქანით პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ, ზედიზედ კიდევ სამი რბოლა მოიგო და მესამე ტიტულსაც დაეუფლა.

გუნდმა შემდგომ სეზონშიც შესანიშნავად იასპარეზა, ოღონდ ამჯერად, ჯეკი ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, ტიტულის მოპოვებაში თავის ახალზელანდიელ თანაგუნდელ დენი ჰალმს დაეხმარა. ბრებჰემმა თავის კარიერაში ბოლო, მე-14 რბოლა 1970 წელს, სამხრეთ აფრიკის დიდ პრიზზე მოიპოვა. იმავე სეზონის ბოლოს კი, 44 წლისამ, კარიერა დაასრულა.

ბრებჰემმა თავისი გუნდი ბერნი ეკლსტოუნს მიჰყიდა, თავად კი ავსტრალიაში დაბრუნდა, თუმცა ავტოსპორტთან შეხებას ყოველთვის ინარჩუნებდა. 1978 წელს მან ბრიტანეთის რაინდის წოდება მიიღო - ის ფ1-ის პირველი ჩემპიონია, ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად. კარგა ხანს, ისტორიული ავტომობილების რბოლა-გარბენებში მონაწილეობდა და ამ საქმეს 2005 წელს დაანება თავი, როცა ჯანმრთელობა ამის საშუალებას აღარ აძლევდა.

ავტომრბოლის კარიერას გაჰყვა მისი სამივე ვაჟი - ჯეფი, გერი და დევიდი, რომლებმაც სხვადასხვა დონეზე მიაღწიეს წარმატებებს, დევიდმა ფ1-საც მიაღწია, თუმცა აუტსაიდერის ხვედრი ერგო და მალევე დატოვა დიდი პრიზების ცირკი. მრბოლები არიან ჯეკის შვილიშვილები - მეტიუ და სემი.

No comments:

Post a Comment