დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 4, 2014

ახალი „ჰიუნდაი სონატა“ - ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერი

New 2015 Hyundai Sonata Teased, Puts On a More Serious Face
4 მარტი
„ჰიუნდაი“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, საშუალო ზომის სედან „სონატას“ დებიუტისთვის ემზადება. ტრადიციულად, პირველად თავის სიახლეს სამხრეთ კორეაში წარადგენს, შემდეგ კი აპრილში ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ნიუ იორკის ავტო შოუ უმასპინძლებს.
რატომ აირჩია კორეულმა კომპანიამ საპრემიეროდ ამერიკა და თანაც მისი არცთუ ყველაზე დიდი გამოფენა და არა ევროპა, სადაც დღეს ჟენევის მოტორ შოუ იწყება? გასაკვირი არაფერია - ამერიკაში „სონატა“ „ჰიუნდაის“ ბესტ სელერია. მეექვსე თაობის „სონტა“ იქ 2009 წელს გამოჩნდა და მაშინვე ამერიკის ბაზარზე კორეული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. პირველ წელს გაყიდვები 200 000 ცალს გასცდა, შემდეგ კი 230 605-მდე გაიზარდა და პიკის შემდეგაც, გაყიდვების მაჩვენებელი 200 000-ზე ზევითაა შენარჩუნებული.
„ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ ახალი „სონატას“ ბაზარზე გამოსვლით, წინა თაობის სედანის მიღწევებს თუ არ გააუმჯობესებს, გაიმეორებს მაინც. ამის საბაბს კი პრაქტიკულად ყველა კომპონენტში გაუმჯობესებული ავტომობილი იძლევა. ამ გაუმჯობესებათა დახმარებით, „სონატა“ კიდევ უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს საშუალო ზომის ისეთ პოპულარულ სედანებს, როგორებიცაა „ფორდ ფიუჟნი“, „ტოიოტა ქემრი“ და „ნისან ალტიმა“.
ახალი ავტომობილი, „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილ „თხიერი სკულპტურა2-შია“ შესრულებული და როგორც ფოტო ტიზერიდან ჩანს, გარეგნობით პრემიუმ სედან „ჯენეზისს“ ჰგავს. მსგავსება განსაკუთრებით რადიატორის პრაქტიკულად ერთნაირ ცხაურში შეინიშნება. და ეს მსგავსება არცაა გასაკვირი, რადგან „სონატა“ ის ავტომობილია, რომელმაც თავის დროზე, საფუძველი მოუმზადა ბაზარზე „ჯენეზისის“ გამოსვლას.
მართალია, კორეულ კომპანიას ჯერ ინტერიერის ფოტო არ გაუვრცელებია, თუმცა რელიზში მასაც გვიხასიათებს: „მისი ინტერიერის დიზაინი პრემიუმ სტილის ექსტერიერს შეესაბამება. აქ ნახავთ თანმიმდევრულად დამუშავებული დიზაინის მქონე დეტალებს, რომლებშიც გათვალისწინებულია ერგონომიკის და ინტუიტიური მართვის ასპექტები. ჰორიზონტალურად დამუშავებული კაბინა სტაბილურობის შეგრძნებას აღძრავს. დიზაინზე მორგებული მასალები და შესრულების უმაღლესი დონე, „სონატას“ პრემიუმ იმიჯს კიდევ უფრო ამყარებს“.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, სალონში შემცირებულია სხვადასხვა დანიშნულების სისტემების მართვის საშუალებათა რიცხვი. ბევრ ფუნქციას შეითავსებს სენსორული ეკრანი, რომელიც მულტიმედიურის გარდა, სანავიგაციო და კავშირის დანიშნულებასაც შეასრულებს. „ჰიუნდაის“ განმარტებით, ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს მძღოლის ყურადღების გაფანტვა.
დაკიდევ, „ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ მაქსიმალური ყურადღება უსაფრთხოებას დაეთმო. სწორედ ამ მიზნით, პლატფორმაში გამოყენებული ფოლადის 51 პროცენტი სპეციალური მარკის, უმაღლესი სიმტკიცის ფოლადია. გარდა ამისა, წინა მოდელთან შედარებით, ახლის პლატფორმა ათჯერ მეტ ისეთ ელემენტს შეიცავს, რომელშიც წებოვანი სტრუქტურაა გამოყენებული. ყოველივეს შედეგად, ახალი „სონტას“ კონსტრუქციას, გრეხვით დატვირთვებზე თითქმის 40 პროცენტით მეტი წინაღობა გააჩნია. კომპანიის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მცირე კუთხით შეჯახებისას, ახალი „სონატა“IIHS-სგან დადებით შეფასებას მიიღებს.

No comments:

Post a Comment