დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 3, 2014

ჩეხეთში ფერდინანდ პორშე დღესაც იგნორირებულია

Porsche Founder’s Legacy Hits Nazi Past in Czech Hometown
3 მარტი
ადამიანი, რომელმაც პირველი ჰიბრიდული ავტომობილი ჯერ კიდევ 100 წლის წინათ შექმნა და რომელმაც სახალხო ავტომობილი, „ფოლკსვაგენ ბიტლი“ შექმნა და რომლითაც საფუძვლიანად ამაყობს საავტომობილო გერმანია და ავსტრია, კვლავაც იგნორირებულია ქალაქში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. და ეს ქალაქი, უფრო სწორედ სოფელი, არც გერმანულია და არც ავსტრიული. ის ჩეხეთში, პრაღიდან ჩრდილოაღმოსავლეთით, 110 კილომეტრში მდებარეობს. მას ვრატისლავიცე ჰქვია.
საქმე ისაა, რომ ამ სოფლის მაცხოვრებლებს არ სურთ, მათი დასახლება, გერმანიის ნაცისტური პარტიის წევრთან ასოცირდებოდეს. მითუმეტეს, რომ ლეგენდარული ინჟინერი ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო. კომუნისტური რეჟიმის დროს, პორშე მიუღებელი პირი იყო არამხოლოდ ნაცისტობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ის კაპიტალისტური ცხოვრების წესის სიმბოლოდ ითვლებოდა.
მას შემდეგ, რაც ჩეხეთმა სოციალისტურ ჭაობს თავი დააღწია, მუნიციპალიტეტმა სახლში, სადაც პორშე დაიბადა და გაიზარდა, მინი მუზეუმის მოწყობა სცადა, მაგრამ ისევ ამაოდ. მიზეზი - მისი ნაცისტური წარსული გახდა...
„ხმამაღლა არავინ ამბობს, რომ პორშე აქ დაიბადა. მისი საინჟინრო კარიერა ძალიან საინტერესოა და მან ისტორიაში კვალი დატოვა“, - ამბობს მილან ბუმბა, ვრატისლავიცეს მცხოვრები, ვინც პორშეს ენთუზიასტია და 1980-იანი წლებიდან ყველაფერს აგროვებს, რაც დიდი ინჟინრის სახელს უკავშირდება. თანაც, ის ყოველთვის ცდილობდა, ქალაქისა და პორშეს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ყველას გაეგო.
ბუმბას ენთუზიაზმის წყალობით, ვრატისლავიცეში (ამ ქალაქს 1875 წელს, როცა პორშე დაიბადა, მაფერსდორფი ეწოდებოდა) მაისში მუზეუმი გაიხსნება, სადაც 25 ცალ კერძო ავტომობილს გამოფენენ, რომლებიც პორშეს სახელს უკავშირდება. არადა, ქალაქში შარშან ზარალით დაიხურა გამოფენა, რომელიც ასევე პორშეს უკავშირდებოდა. მიზეზი ისევ ისაა, რაც ადრე - ადგილობრივები ლეგენდარულ ინჟინერს SS-ის წევრობას არ პატიობენ. სხვათა შორის, გამოფენას ავტომობილები კომპანია „პორშემ“ საკუთარი მუზაუმიდან ათხოვა, მაგრამ ისინი მალევე უკან გაიხმო...
ფერდინანდ პორშე 18 წლის იყო, როცა თავისი მშობლიური ქალაქი დატოვა და ვენაში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. იქ ის საუნივერსიტეტო ლექციებს ფარულად ესწრებოდა. 1901 წელს, კომპანია „ლოჰნერ-პორშე მიქსტესთვის“ ბენზინ-ელექტრული ჰიბრიდული ავტომობილი შეიმუშავა. 1906 წელს კი, იმავე კომპანიისთვის, ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სარბოლი ავტომობილი, „პრინც ჰენრი“ შეიმუშავა.
ძარის მწარმოებელ „იაკობ ლოჰნერსა“ და ავტოკომპანია „აუსტრო-დაიმლერში“ მუშაობის შემდეგ, 1931 წელს ფერდინანდმა შტუტგარტში საკუთარი საინჟინრო კომპანია ჩამოაყალიბა, რომელმაც საფუძველი სპორტული ავტომობილების მწარმოებელ, მისივე გვარის მატარებელ კომპანიას დაუდო.
პორშე ნაცისტური პარტიის და ჰიტლერის შუტცშტაფელის (იგივე SS-ის) წევრი 1937 წელს გახდა, რაც გერმანიისთვის სახალხო ავტომობილის შემუშავების კონტრაქტს უკავშირდებოდა (სხვანაირად ამ კონტრაქტს ვერ მიიღებდა). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პორშე საფრანგეთში დააპატიმრეს, თუმცა 20 თვის შემდეგ, ყოველგვარი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს. დიდი ინჟინერი 1951 წელს გარდაიცვალა.
რაც შეეხება ბუმბას, 1982 წელს მან სატუნინგო კომპანია „კარმან-გიას“ მიერ სპორტულ ყაიდაზე გადაკეთებული „ხოჭო“ შეიძინა. სწორედ ამ ავტომობილმა გააღვიძა მისი ინტერესი გერმანული ავტო ინჟინერიის მიმართ, რამაც საბოლოოდ იქამდე მიიყვანა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ ამ ფენომენის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მისი თანაქალაქელი ყოფილა. ბუმბა ახლა 53 წლისაა და ის ავტობუსის მძღოლია...

No comments:

Post a Comment