დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 15, 2014

„მერსედესი“ - გუნდური მითითებების გარეშე

Motor racing-Mercedes team mates free to race each other
15 მარტი
საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, „მერსედესმა“ თავის პილოტებთან მოითათბირა და გადაწყდა, რომ ორივეს ერთმანეთთან ბრძოლის უფლება მიეცა. ამგვარად, გუნდმა ნიკო როსბერგს და ლუის ჰამილტონს ნდობა გამოუცხადა იმ კუთხით, რომ ისინი ერთმანეთთან ბრძლას, გუნდის ინტერესებს არ შესწირავენ.
„ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ლუისსა და ჩემს შორის ბრძოლებს იხილავთ. ეს მნიშვნელოვანია ტელეკომპანიებისთვის და ყველასთვის, ვინც რბოლებს უცქერს. ასევე მთელი გუნდისთვისაც“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც სტარტზე მესამე პოზიციას დაიკავებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანთთან გიჟურ პაექრობას არ ვაპირებთ, რადგან ორივე „მერსედესის“ პილოტები ვართ და აქ იმისთვის ვართ, რომ მას წარმატების მოპოვებაში დავეხმაროთ. მთავარია, რაღაც ზღვარი დავსახოთ. ჩვენ ვიცით, რას უნდა ველოდოთ და შესაბამისადაც ვიმოქმედებთ“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც რბოლას პოულიდან დაიწყებს.
გერმანული საჯინიბო სეზონს გამოკვეთილი ფავორიტის რანგში იწყებს და ჰამილტონს და როსბერგს, ჩემპიონობისთვის უშეღავათო ურთიერთპაექრობას უწინასწარმეტყველებენ. მეორე მხრივ, გუნდურ მითითებებს ყოველთვის ნგატიური გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, როგორც მაგალითად, მალაიზიის შარშანდელ რბოლაში მოხდა.
მაშინ „მერსედესმა“ და „რედ ბულმა“ (შესაბამისად) ნიკო როსბერგს და სებასტიან ფეტელს საწვავის დასაზოგად ტემპის დაგდება სთხოვეს, რამაც მათ თანაგუნდელებთან პაექრობის საშუალება არ მისცა. როსბერგმა მითითება შეასრულა, ფეტელმა კი თანაგუნდელ მარკ ვებერს გაასწრო და ფინიშთანაც პირველი მივიდა.
სხვათა შორის, ამჯერად საწვავის ეკონომია გაცილებით აქტუალური თემაა, ვიდრე გასულ სეზონში. ამის მიზეზი ისაა, რომ თითო რბოლაზე ყოველ პილოტს მხოლოდ 100 კილოგრამი საწვავის გამოყენების უფლება აქვს. გასულ სეზონში კი ლიმიტი 150-160 კილოგრამის ფარგლებში იყო. მელბურნის ალბერტ პარკის ტრეკი კი ისეთია, რომ საწვავის დაზოგვა საკმაოდ რთული იქნება.
სამქიმიანების მოტორსპორტის დირექტორი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ პილოტებთან ერთად, ბევრი ვარიანტი განიხილა. მაგალითად, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ვინც პირველ მოსახვევში პირველი შევა, პრიორიტეტიც მას მიენიჭოს, მაგრამ საბოლოოდ, ყველა შეზღუდვაზე უარი თქვეს.
„ჩვენ ასე არ მოვიქცევით. საუბრისას შევთანხმდით, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტები სხვა გუნდები არიან. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როგორც გუნდი, ძლიერად ვიასპარეზებთ. ამის მერე, სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, როგორ გამოვიყენოთ მანქანები. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთ რბოლაში ერთი ტაქტიკა გვქონდეს, მეორეში კი - სხვა“, - ამბობს ვოლფი.

No comments:

Post a Comment