დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 19, 2014

კონცეპტუალური „ინტრადო“ – „ჰიუნდაის“ მომავალი

Hyundai Intrado concept previews design future
19 მარტი
ახალი დიზაინი, მეორე თაობის წყალბადის ფიჭური ელემენტები და მსუბუქი მასალებით აწყობილი სტრუქტურა - ეს ყველაფერი „ჰიუნდაიმ“ ერთ კონცეპტუალურ ავტომობილში განხორციელა, რომელსაც სახელად „ინტრადო“ უწოდა და ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იყო. თანაც, ეს პირველი ავტომობილია, რომელიც კორეული კომპანიის დიზაინის ახალი ახალი შეფის, სახელოვანი პეტერ შრაიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
კუპე ქროსოვერი, დიზაინის ახალი ფილოსოფიის შესაბამისად შეიქმნა. ამ ფილოსოფიის მთავარი დამახასიათებელი თვისება „მინიმალისტური სიმარტივეა“, რომელიც ფუნქციონალობასთან ერთად, „ჰიუნდაის“ მომავლის ავტომობილების მთავარი თავისებურება გახდება. ცნობისათვის, კონცეპტუალური „ინტრადო“ „ჰიუნდაის“ ევროპული ტექნიკური ცენტრის (რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს) ნამუშევარია.
შრაიერის თქმით, ავტომობილის პროექტირება „შიგნდან გარეთ განვითარდა, რისი მთავარი მიზანიც, ავტომობილის მძღოლის ირგვლივ მოწყობა იყო“. მისი თქმით, ავტომობილის შემუშავებისას გამოყენებული ამ პრინციპის ამოცანას, საუკეთესო ერგონომიულობის და მართვადბის მიღწევა წარმოადგენდა. ამასთან, ავტომობილი მრავალმხრივი დანიშნულებითაც უნდა გამოირჩეოდეს. კერძოდ, უნდა შეეფერებოდეს ცხოვრების აქტიურ სტილს და უნა იყოს საკმაოდ კომპაქტური ქალაქში მარტივად სარგებლობისთვის და იოლი პარკირებისთვის. ოღონდ, არავითარი კომპრომისი კომფორტის ასპექტში.
„ინტრადოს“ მზიდი სტრუქტურა კარბონის ბოჭკოსა და პლასტიკის კომპოზიტითაა დამზადებული და სიმსუბუქის გარდა, სიმტკიცითაც გამოირჩევა. ფოლადის და კომპოზიტისგან დამზადბული ცალკეული ელემენტები ეპოქსიდს გამოყენებით იკვრება და მონოკოკურ შასის ქმნის, რომელიც ფოლადის ექვივალენტურ შასიზე 70 პროცენტით მსუბუქია და ორჯერ მტკიცე. მასალებისა და მათი გამოყენების ტექნოლოგიის შემუშავებაში, „ჰიუნდაის“ პარტნიორობას კორეული კომპანიები - „ჰიუსუნი“ და „ლოტე ქემიკალი“ უწევდნენ. მათი პარტნიორობის მთავარი შედეგი კი ისაა, რომ ეს ტექნოლოგია მალე მასობრივ წარმოებაში დაინერგება.
ავტომობილს სამოძრაო ძალით „ჰიუდაის“ სპეციალისტების მიერ შემუშავებული, მეორე თაობის წყალბადის ფიჭური ელემენტები და ელექტროძრავი უზრუნველყოფს. აგრეგატი და ელემენტების ბლოკი, რომელშიც ელექტრო ენერგიის გამომუშავება ხდება, მანქანის წინა ნაწილშია მოთავსებული. ძრავი წინა ბორბლებს ატრიალებს. რაც შეეხება საწვავს, თხევადი წყალბადი მანქანის უკან მოთავსებულ ორ მაღალი წნევის ავზში ინახება. ფიჭურ ელემენტებში გამომუშავებული ენერგიის დასაგროვებლად გამოყენებულია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომელიც მძღოლის სავარძლის ქვეშ არის განლაგებული. მისი ტევადობა 36 კილოვატსაათია. ჟენევაში „ჰიუნდაის“ კონცეპტუალური ავტომობილის წონა, სვლის სიშორე და სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.
სალონში მხოლოდ ოთხი სავარძელია მოთავსებული. მინიმალისტური მიდგომა აქაც აშკარაა და ამაში ინჟინრებს თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები დაეხმრა. კერძოდ კი სენსორული ეკრანი, რომელიც მართვის ფუნქციებსაც ითავსებს და ამგვარად, ცენტრალურ კონსოლს მაქსიმალურად ამარტივებს. რაც შეეხება გარეგნობას, აქ „ახალი“ ფორმები გამოჩნდა, რომელთაგან ბევრი ალბათ სერიულ ავტომობილებზე ვერ გადაინაცვლებს, მაგრამ აქ მთავარი ელემენტი რადიატორის ცხაურის ფორმაა, რომელიც ალბათ კორპორატიულ სტილ „თხიერი სკულპტურის“ შემდგომი განვითარების მთავარი სახე გახდება.
„ჰიუნდაის“ ევროპული შტოს დიზაინის შეფი თომას ბიურკლე ამბობს, რომ კონცეპტუალური „ინტრადოს“ მისია, ახალგაზრდა თაობის მყიდველის მოზიდვაა, კატეგორიისა, რომელიც ცხოვრების აქტიური, სპონტანური და გამოწვევებით აღსავსე სტილით ცხოვრობს. „ასეთები თანამედროვე ავტოინდუსტრიას, როგორიც ის ახლაა, სკეპტიკურად უცქერენ, მაგრამ უმალ გაითავისებენ პროდუქციას, რომელიც ფუნქციური სიკოხტავით გამოირჩევა და არა უბრალოდ, დეკორატიული ფორმებით“.
შესანიშნავი ფორმულირებაა!

No comments:

Post a Comment