დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 4, 2014

ფილიპ შტრაიფი: შუმახერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

F1 champion Michael Schumacher 'out of danger' - reports
4 იანვარი
მიხაელ შუმახერის მეგობარი, ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ფრანგი ფილიპ შტრაიფი ირწმუნება, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც მძიმეა. ეს ინფორმაცია შტრაიფს ქირურგმა ჟერარ სელანმა მიაწოდა, ვინც ასევე შეუმახერის ოჯახის მეგობარია.
„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ იმას ვიმეორებ, რაც ჟერარ სელანმა მითხრა. მან კი თქვა, რომ მდგომარეობა ჯერაც მძიმეა, მაგრამ საბედნიეროდ, სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ის ძალიან ჯანმრთელი ადამიანია. მხოლოდ 45 წლისაა და ყოველთვის გამოირჩეოდა საუკეთესო ფიზიკური მდგომარეობით. და ეს იმის იმედს იძლევა, რომ განსაცდელს თავს დააღწევს“, - ამბობს შტრაიფი, ვინც 1989 წლის სეზონისთვის მზადებისას, ტესტების დროს მომხდარ ავარიაში დაშავდა და მას შემდეგ ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული.
შუმახერის მდგომარეობის შესახებ ბოლო ოფიციალური ინფორმაცია, მისმა პირადმა პრეს მდივანმა საბინე კემმა ოთხშაბათს გამოაქვეყნა. მაშინ მან თქვა, რომ შუმახერი კვლავაც „კრიტიკულ, თუმცა სტაბილურ“ მდგომარეობაშია. მანვე განაცხადა, რომ ახალი ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება, თუ პაციენტის მდგომარეობა შეიცვლება.
აღსანიშნავია, რომ სრიალისას შუმახერს ჩაფხუტზე ვიდეო კამერა ჰქონდა დამაგრებული და ახლა მის ჩანაწერს ადგილობრივი სამართალდამცველები სწავლობენ. მათი დაინტერესების მიზანი, მომხდარის მაქსიმალურად ზუსტი აღწერაა. მათ ასევე დაჰკითხეს მიხაელის შვილი მიკი და მისი მეგობარი, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ.
შუმის 3 იანვარს 45 წელი შეუსრულდა. მისი მკურნალობა გრენობლის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის ჰოსპიტალში მიმდინარეობს, რომლის გარეთაც, ლეგენდარული გერმანელი მრბოლის და „ფერარის“ ფანებმა მოიყარეს თავი. მათ „ფერარის“ დროშები და ტრანსპარანტები აქვთ გაშლილი, რომლებზეც მიხაელის გასამხნევებელი წარწერებია დატანილი.
ჰამბურგის (გერმანია) ჰოსპიტალ „ასკლეპიოსის“ ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი უვე კელერი ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში შუმახერი შეიძლება ორი-სამი კვირა გააჩერონ, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ კომაში თვეზე მეტ ხანსაც კი ამყოფონ: „როგორც წესი, ორი-სამი კვირაა საჭირო იმისათვის, რომ ის კომიდან გამოიყვანონ. მაგრამ შეიძლება კვირებიც კი გავიდეს, სანამ პაციენტი თვალს გაახელს. სამწუხაროდ, გამორიცხული არც ისაა, რომ ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც ვისურვებთ“.
კელერი დასძენს, რომ ძალიან კარგი სიმპტომოა თუნდაც ის, რომ შუმახერის მდგომარეობა ახლა სტაბილურობის ფაზაშია. საერთოდ, ასეთი ტრავმების დროს, ყველაზე კრიტიკული, პირველი სამი-ოთხი დღეა, როცა შეშუპების და წნევის მატებაა მოსალოდნელი. „და როცა ეს დღეები ჩაივლის, შეიძლება ცოტა ამოვისუნთქოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები უკან დარჩა. ამ დროს ძნელი სათქმელია, რომ პაციენტი გადარჩა. და თუ გადარჩა, რა მდგომარეობაში იქნება. თუ პაციენტის მდგომარეობა კვლავაც სტაბილურად დარჩა, ეს ექიმებს იმის საშუალებას მისცემს, რომ თანდათან შეამცირონ იმ საშუალებათა გამოყენება, რომლების მიზანიც შიდა წნევის შემცირებაა. და ბოლოს, მისი კომიდან გამოყვანის დროც დადგება“.
პარიზელი ნეიროქირურგი, პროფესორი ფილიპ დეკი ამბობს, რომ სამკვირიანი ვადა კრიტიკულია. და თუ ამ დროის შემდეგ, პაციენტს გაუმჯობესება არ დაეტყო, მაშინ მისი პროგნოზი გაუარესდება. თუმცა, ის იმედს გამოთქვამს, რომ შუმახერის შემთხვევაში ასე არ მოხდება.

No comments:

Post a Comment