დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 12, 2013

პერესი „ფორს ინდიაში“ გადავიდა

Motor racing-Perez to race for Force India
12 დეკემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ფორს ინდიამ“ მეორე პილოტად მექსიკელი სერხიო პერესი აიყვანა. ამგვარად, ინდური საჯინიბოს ბოლიდებით, ის და ნიკო ჰულკენბერგი იასპარეზებენ. პერესი იმედოვნებს, რომ „ფორს ინდიაში“გადასვლით, მის კარიერაში ახალი, მრავალწლიანი ეტაპი იწყება, რომელიც გამარჯვების მომტანი იქნება.
გუნდის შეფმა ვიჯეი მალიამ (ფოტოზე პერესთან ერთად), თავისი ახალი პილოტი მედიას ლონდონში, მექსიკის საელჩოს რეზიდენციაში წარუდგინა. 23 წლის პერესმა განაცხადა, რომ „მაკლარენიდან“ წამოსვლის შემდეგ, ის მხოლოდ წარმატებაზე ფიქრობს, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ მისი შესაძლებლობები სათანადოდ არ შეფასდა.
„მას შემდეგ, რაც მაკლარენიდან წამოვედი, აშკარა იყო, რომ საუკეთესო ვარიანტი ფორს ინდიაში გადასვლა იყო. ამ გუნდს აქვს იმის ამბიცია და უნარი, რომ უკეთესი შედეგისთვის იბრძოლოს. აქ შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ და დიდებული თანაგუნდელი მეყოლება. მოკლედ, აქ ჩემში ყველაფერი აღტაცებას იწვევს. მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკოსთან ერთად, გუნდის დაწინაურება შემიძლია“, - განაცხადა პერესმა.
ამგვარად, უადგილოდ დარჩნენ ინდური გუნდის აწ უკვე ყოფილი პილოტები - გერმანელი ადრიან სუტილი და ბრიტანელი პოლ დი რესტა. არჩევანი კი აშკარად მცირეა, რადგან ვაკანსიები მხოლოდ „ზაუბერს“, „კატერჰემს“ და „მარუსიას“ აქვთ. სუტილი ალბათ „ზაუბერში“ გადავა, დი რესტას კი ინდიქარში გადასვლა სურს, სადაც კარიერა ახლახანს დაასრულა მისმა ბიძაშვილმა დარიო ფრანკიტიმ. მისთვის მეორე ვარიანტი გერმანიის ტურინგის კლასის ჩემპიონატია (DTM).
აღსანიშნავია, რომ პერესს ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს მექსიკელი სპონსორების სახით, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სეზონში „მაკლარენის“ ბიუჯეტს 15 მილიონი ევრო შემატეს. მალია უარყოფს, რომ პერესი ფულის გამო მიიღო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი გუნდი პერიოდულად ფინანსების ნაკლებობას განიცდის. პერესი არ მალავს, რომ მასთან ერთად, „ფორს ინდიაში“ გადავა მექსიკური სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ტელმექსი“, რომელიც მისი კარიერის უცვლელი სპონსორია.
გასულ სეზონში „ფორს ინდიამ“ კონსტრუქტორთა პირველობაზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატებში ინდური საჯინიბოს საუკეთესო შედეგი, იტალიელი ჯანკარლო ფიზიკელას მიერ ბელგიის 2009 წლის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში გამარჯვება და იმავე რბოლაში მეორე ადგილის დაკავებაა. მალია თვლის, რომ ფიზიკელას წარმატებების შემდეგ, მის გუნდს ხშირად არ უმართლებდა, თუმცა ახლა ყველა წინააღმდეგობა დაძლეულია და იმედოვნებს, რომ ახალი სეზონიდან „ფორს ინდია“ აღმასვლას დაიწყებს.

გუნდები და პილოტები 2014 წლის ფორმულა 1-ში

რედ ბული
სებასტიან ფეტელი (გერმანია)
დანიელ რიკიარდო (ავსტრალია)

მერსედესი
ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)
ნიკო როსბერგი (გერმანია)

ფერარი
ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
კიმი რაიკონენი (ფინეთი)

ლოტუსი
პასტორ მალდონადო (ვენესუელა)
რომენ გროჟანი (საფრანგეთი)

მაკლარენი
ჯენსონ ბატონი (ბრიტანთი)
კევინ მაგნუსენი (დანია)

ფორს ინდია
ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)
სერხიო პერესი (მექსიკა)

ზაუბერი
ვაკანსია
ვაკანსია

ტორო როსო
ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი)
დანიილ კვიატი (რუსეთი)

უილიამსი
ვალტერი ბოტასი (ფინეთი)
ფელიპე მასა (ბრაზილია)

მარუსია
ჟიულ ბიანკი (საფრანგეთ)
ვაკანსია

კატერჰემი
ვაკანსია
ვაკანსია

No comments:

Post a Comment