დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 14, 2013

დარიო ფრანკიტიმ კარიერა დაასრულა

Motor racing-Franchitti announces retirement
14 ნოემბერი
ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულმა, შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ თავისი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სახელოვანმა მრბოლმა, თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ექიმების რჩევა დაასახელა. ერთი თვის წინ, ჰიუსტონში რბოლის მიწურულს მომხდარი მძიმე ავარიის შედეგად, ფრანკიტიმ ხერხემლის და თავის ტვინის სერიოზული ტრავმები მიიღო, ასევე მარჯვენა ფეხის ტერფი და ნეკნები მოიტეხა.
„ექიმებმა, ვინც თავსა და ხერხემალზე მკურნელობდა, მირჩიეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ სარბოლო კარიერას დავასრულებ. მათ გასაგებად ამიხსნეს, რომ რბოლებში მონაწილეობის შემთხვევაში, რისკები ძალიან დიდი იქნება და ჩემს ხანგრძლივ კეთილდღეობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ამ რჩევის გათვალისწინებით, მე სხვა არჩევანი არ მქონდა გარდა იმისა, რომ გავჩერებულიყავი“, - განაცხადა 40 წლის ფრანკიტიმ.
მისი ავარია 6 ოქტომბერს მოხდა. რბოლის ბოლო წრეზე, ფრანკიტის ბოლიდი მაღალ სიჩქარეზე, მოსახვევში წინ მიმავალი ტაკუმა სატოს მანქანას ბორბალი-ბორბალზე შეეჯახა. წამში შოტლანდიელის მანქანა ჰაერში აფრიალდა და ბეტონის დამცავი კედლის ზემოთ აღმართული ბადე მოსხიპა. თან ჰაერში რამდენიმე პირუეტიც შეასრულა და ტრასაზე პრაქტიკულად დაშლილი დაენარცხა. ფრანკიტის გარდა, ავარიის შედეგად 13 მაყურებელი და ტრასის ერთი თანამშრომელიც დაზიანდა. სატო ტრავმას გადაურჩა.
„რბოლებს ჩემი ცხოვრების 30 წელი მივუძღვენი და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ძალიან ძნელად მისაღები იყო. კარტ-ის და ინდიქარ-ის სერიებში გატარებული დრო დაუვიწყარია. აქ უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ეს დრო ჩემთვის ცხოვრების ბოლომდე სასიამოვნოდ მოსაგონარი იქნება“, - ამბობს ფრანკიტი, ვისაც ინდ 500-ში სამჯერ გამარჯვების გარდა, ინდიქარ-ის ტიტული ოთხჯერ აქვს მოპოვებული.
ფრანკიტი ინდიქარ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მრბოლია. მხოლოდ სამ მრბოლს აქვს ინდი 500 სამზე მეტჯერ მოგებული. ესენი არიან ეიჯეი ფოიტი, ალ ანსერ უფროსი და რიკ მირზი. სულ ეს ლეგენდარული რბოლა მინიმუმ სამჯერ მხოლოდ ათ პილოტს აქვს მოგებული. ფრანკიტიმ ეს 2007, 2010 და 2012 წლებში შეძლო. ინდიქარ-ის ტიტულების მხრივ, დარიო მეორე ყველაზე წარმტებული მრბოლია. მასზე მეტჯერ სერიის ჩემპიონი მხოლოდ ფოიტი გახდა. სულ ფრანკიტის კარტ-ის (ჩემპ ქარ-ის) და ინდიქარ-ის 265 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და 31 მოიგო. ორივე სერიის რბოლებში კვარცხლბეკზე 89-ჯერ ავიდა, პოულიდან კი სტარტი 34-ჯერ აიღო. მხოლოდ ხუთი პილოტია, ვისაც ერთ სეზონში ინდი 500 და ინდიქარ-ის ტიტული ერთზე მეტად აქვს მოგებული.
„დარიო ფრანკიტი მოტორსპორტის ლეგენდაა და ის პადოკში და ტრიბუნებზეც ყველას ძალიან დაგვაკლდება. მან ჩვენ გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და ძალიან მწყდება გული, რომ მომავალი სეზონიდან მის გარეშე მოგვიწევს ასპარეზობა. მას უამრავი მიღწევა აქვს იმისათვის, რომ მოკლედ ჩამოთვლა შეიძლებოდეს“, - ნათქვამია მის გუნდ „ტარჯეტ ჩიპ განასი რეისინგის“ განცხადებაში.
ფრანკიტის სპორტიდან წასვლას გამოეხმაურა მისი მეგობარი ჯენსონ ბატონი, რომელმაც ეს ამბავი ოსტინში გაიგო, სადაც ამ უქმეებზე სეზონის ბოლოსწინა ეტაპზე იასპარეზებს. „დარიო ჩემთვის ბავშვობიდან მისაბაძი მაგალითი იყო. ის სპორტის ნამდვილი ლეგენდაა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრს მიაღწია, შესანიშნავი პიროვნებაცაა. ძალიან ვწუხვარ, რომ კარიერის დასრულება უწევს, რადგან ჯერაც საკმაოდ ახალგაზრდაა იმისათვის, რომ თავის მიღწევათა სია გააგრძელოს. თუმცა, რადგან წასვლა გადაწყვიტა, ესე იგი, სხვა გზა არც ჰქონდა“, - ამბობს ბატონი.
დარიო ფრანკიტი 2001 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავ ეშლი ჯადზე დაქორწინდა, რომელიც ინდი 500-ზე მის სამივე გამარჯვებას დაესწრო. სამწუხაროდ, ამ წლის დასაწყისში მათ დაშორება გადაწყვიტეს. 

No comments:

Post a Comment