დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 2, 2013

ვებერმა ფეტელი პოულზე არ მიუშვა

Motor racing-Webber keeps Vettel off Abu Dhabi pole
2 ნოემბერი
ახლა, როცა სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეოთხე ტიტული უკვე გაინაღდა, შეიძლება ითქვას, რომ მარკ ვებერის ჯერი დადგა - ავსტრალიელი მალე დატოვებს „რედ ბულს“, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურა და ახლა ავსტრიული საჯინიბოს ჯერია, სამაგიერო გადაუხადოს. თუმცა, კვალიფიკაციაში ვებერის გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ წითელი ხარები სენტიმენტურ ხასიათზე არიან და თავიანთ პილოტს საკადრის გაცილებას უწყობენ.

მოკლედ, ვებერმა ერთი ნაბიჯით აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელს, ვისაც შანსი აქვს, ზედიზედ მეშვიდე რბოლა მოიგოს და ამით მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეოროს და ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ის რევერანსების ხასიათზე დადგა. ასეა თუ ისე, ავსტრალიელმა თავია კარიერაში მეცამეტე, ბოლო სამ რბოლაში კი მეორე პოული მოიპოვა. თანაც, ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც იას მარინას ტრეკის წრე 1:40-ზე ნაკლებში გაიარა.
„მარკმა შესანიშნავად გაიარა ეს ერთი წრე და ვულოცავ ამ გამარჯვებას. მე ცოტა უკეთად შემეძლო გავლა, მაგრამ არ ვიცი, ეს საკმარისი იქნებოდა, თუ არა. მან უშეცდომოდ იასპარეზა“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც რადიოთი თავისიანებს აცნობა, პირველივე მოსახვევში დავკარგეთ პოულიო.
მეორე რიგში „მერსედესის“ პილოტები დადგებიან. მათგან მესამე დრო ნიკო როსბერგს აქვს, ჰამილტონმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წრეზე მანქანა მოუცურდა, მაინც მეოთხე შედეგის ჩვენება შეძლო. აღსანიშნავია, რომ აქამდე ემირატებში რბოლის წინა ოთხი პოული მხოლოდ ფეტელს და ჰამილტონს ჰქონდათ მოპოვებული.
ხელი მოეცარა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც ათეულში შესვლაც ვერ შეძლო. „ფერარის“ ჯერ კიდევ პრაქტიკაზე ჰქონდა პრობლემა, რომელმაც როგორც ჩანს, კვალიფიკაციაშიც იჩინა თავი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ათეულში შესვლა ვერ მოახერხა. მეორე სექტორში, მეათე დრო მისმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამ აჩვენა, რომელმაც საბოლოოდ, სტარტზე მერვე ადგილის დაკავების უფლება მოიპოვა.
მეხუთე დრო ჰქონდა კიმი რაიკონენს, მაგრამ კვალიფიკაციის შემდეგ, სტიუარდებმა აღმოაჩინეს, რომ მისი „ლოტუსის“ ძირის წინა ნაწილი არ შეესაბამება რეგლამენტს, რის გამოც, ფინელის შედეგები გააუქმეს და ის პელოტონის კუდში გაამწესეს. სხვათა შორის, მსგავსი დარღვევა რომენ გროჟანს უნგრეთში აღმოუჩინეს, მაგრამ მაშინ სტიუარდებმა „ლოტუსის“ განმარტება - ძირი კერბზე დაზიანდაო, სარწმუნოდ მიიჩნიეს. „ლოტუსმა“ ისევ იგივე ახსნა სცადა, მაგრამ ამჯერად ამაოდ.

აბუ დაბის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:39.957
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:40.075
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:40.419
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:40.501
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:40.542
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:40.576
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:40.997
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:41.015
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:41.068
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:41.111
- - - - - - - - - -
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               1:41.093
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:41.133
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:41.200
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)           1:41.279
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:41.395
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:41.447
- - - - - - - - - -
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:41.999
18. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:42.051
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:43.252
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:43.398
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:43.528
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:44.198

No comments:

Post a Comment