დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 13, 2013

ათი ქულა ზედიზედ მეოთხე ტიტულამდე

Motor racing-Vettel wins in Japan but no title yet
13 ოქტომბერი
მართალია, სებასტიან ფეტელმა იაპონიის დიდი პრიზის რბოლისას, პელოტონის სათავეში მხოლოდ 11 წრე გაატარა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაეკავებინა. და ახლა ათი ქულაღა სჭირდება, რათა ზედიზედ მეოთხე ტიტული ინდოეთშივე გაინაღდოს. 26 წლის გერმანელმა, იაპონიაში ბოლო ხუთ სეზონში მეოთხე, ამ სეზონის განვლილ 15 ეტაპზე მეცხრე, ზედიზედ მეხუთე და კარიერაში 35-ე რბოლა მოიგო.
„იჩიბან, იჩიბან (პირველი, პირველი)“ - რადიოთი თავისიანებს იაპონურად შესძახა ფეტელმა, რომელსაც ამჯერად თანაგუნდელ მარკ ვებერის დასამარცხებლად, განსხვავებული სტრატეგია დასჭირდა. ისე კი, მარტო ვებერთან არ მოუწია ბრძოლამ სტარტიდანვე საწინაურებული რომენ გროჟანის დამარცხებაც საკმაოდ გაუჭრდა. ფეტელმა ქება არ დაიშურა თავისი ტექნიკური პერსონალისადმი, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.
ფერნანდო ალონსოს ახლა ფეტელთან უფსკრული - 90 ქულა აშორებს და თავადაც აღიარებს, ტიტულზე ოცნებაც კი გამორიცხული არისო. მან რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, მაგრამ სამაგიეროდ, კარიერაში მოპოვებული ქულებით, ფ1-ის აბსოლუტური ლიდერი გახდა და ამ მაჩვენებლით, თვით მიხაელ შუმახერიც კი ჩამოიტოვა. მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შუმახერის ეპოქაში, გამარჯვებისთვის 25 ქულა არ იწერებოდა...
გროჟანმა თავის კარიერაში ალბათ საუკეთესო რბოლა ჩაატარა. ფ1-ის რბოლაში გამარჯვებასთან ასე ახლოს ის ადრე არასდროს ყოფილა. და ეს შესანიშნავი სტარტის წყალობით შესძლო - სტარტზევე ერთბაშად სამ მეტოქეს - ორივე „რედ ბულს“ და ლუის ჰამილტონს აუარა გვერდი. ამათგან ჰამილტონს მოსახვევში ოდნავ შეყოვნება მოუხდა, ზედმეტად შენელებულს კი ფეტელთან უმნიშვნელო კონტაქტმა, მანქანის ძირი და მარჯვენა უკანა ბორბალი დაუზიანა. მოკლედ, ბრიტანელისთვის რბოლა პირველივე წრეზე დასრულდა.
გროჟანმა კი, რომ იტყვიან შეუბერა და ერთხანს ისე კარგადაც, რომ კაცი იფიქრებდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს დაიკავებსო. მაგრამ ორ „რედ ბულთან“ პაექრობამ ფრანგი ბოლოს მაინც გატეხა და ის მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რბოლის გმირის წოდება დაიმსახურა (გამარჯვებული ფეტელი არ ითვლება).
როგორც რბოლის შემდგომ გაირკვა, ვებერსაც ორსტოპიანი სტრატეგა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პირველი ადრე შეასრულა, რადგან რეზინის პირველი კომპლექტი არ გამოადგა. მოკლედ, ორიდან სამსტოპიან სტრატეგიაზე გადაიყვანეს, რომელთაგან ბოლო ფინიშამდე ათი წრით ადრე შეასრულა. ბოლოსწინა წრეზე კი გროჟანი ჩამოიტოვა, რაშიც შედარებით ახალი საბურავები გამოადგა.

იაპონიის დიდი პრიზი
სუზუკა, დისტანცია 307.471 კმ (5.807 კმ, 53 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:26:49.301
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     +00:07.129
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 00:09.910
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:45.605
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        00:47.325
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                00:51.615
7. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 01:11.630
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   01:12.023
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              01:20.821
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                         01:29.263
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          01:38.572
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)           1 წრე
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1 წრე
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           1 წრე
15. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1 წრე
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)   1 წრე
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1 წრე
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                    1 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)        46 წრე
გ. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      53 წრე
გ. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   53 წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 297 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 207; 3. კიმი რაიკონენი - 177; 4. ლუის ჰამილტონი - 161; 5. მარკ ვებერი - 148; 6. ნიკო როსბერგი - 126; 7. ფელიპე მასა - 90; 8. რომენ გროჟანი - 87; 9. ჯენსონ ბატონი - 60; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 39; 11. პოლ დი რესტა - 36; 12. ადრიან სუტილი - 26; 13. სერხიო პერესი - 23; 14. დანიელ რიკიარდო - 18; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 16. ესტებან გუტიერესი - 6; 17. პასტორ მალდონადო - 1; 18. ვალტერი ბოტასი - 0; 19. ჟიულ ბიანკი - 0; 20. შარლ პიკი - 0; 21. გიედო ვან დერ გარდე - 0; 22. მაქს ჩილტონი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბულ-რენო - 445 ქულა; 2. ფერარი - 297; 3. მერსედესი - 287; 4. ლოტუს-რენო - 264; 5. მაკლარენ-მერსედესი - 83; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 62; 7. ზაუბერ-ფერარი - 45; 8. ტორო როსო-ფერარი - 31; 9. უილიამს-რენო - 1; 10. მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment