დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 13, 2013

ალონსო ქულების რეკორდსმენია

Points record gives Alonso something to celebrate
13 ოქტომბერი
ფერნანდო ალონსომ ზედიზედ მეორედ გაუშვა ხელიდან მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულის მოპოვების შანსი, მაგრამ ერთი მიღწევით მაინც ინუგეშებს თავს - იაპონიის დიდ პრიზზე მოპოვებული 12 ქულის წყალობით, ფორმულა ერთის კარიერაში მოპოვებული ქულების მიხედვით, ის რეკორდსმენი გახდა. ესპანელმა მრბოლმა თვით მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის მაჩვენებელი გააუმჯობესა.
სუზუკას რბოლის შემდეგ, სებასტიან ფეტელი ალონსოს 90 ქულას უგებს. დარჩენილ ოთხ რბოლაში მაქსიმუმ 100 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ ფეტელს ამ ოთხ ეტაპზე ერთი მეხუთე ადგილიც ეყოფა იმისათვის, რომ ზედიზედ მეოთხედ დაეუფლოს ტიტულს. საერთოდ რომ ვერ შეძლოს ქულის აღება, ალონსოს მაინც ყველა რბოლის მოგება მართებს, რაც მისივე თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
სამაგიეროდ, ნანდოს კარიერის მონაგარმა 1 571 ქულა შეადგინა, რაც ხუთით მეტია შუმახერის მიღწევაზე. თუმცა ალონსოს მიღწევა მაინც ვერაა სრულფასოვანი, რადგან შუმახერის ეპოქაში გაცილებით ნაკლები ქულები იწერებოდა, ახლანდელი სისტემა კი 2010 წელს შემოიღეს. ამ სისტემის შესაბამისად, გამარჯვებისთვის 25 ქულა იწერება, როცა შუმის დროს, მოგების ფასი მხოლოდ 10 ქულა იყო (ახლანდელი მე-5 ადგილის ფასი). გარდა ამისა, ახლა სეზონში გაცილებით მეტი რბოლა იმართება.
ყველაფრის მიუხედავად, ალონსო საკუთარმა მიღწევამ მაინც გაახარა. „დღეს მითხრეს, რომ ფ1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა დამიგროვდა. ეს ძალიან კარგია და თავს ბედნიერად ვგრძნობ - ფ1-ში ყველაზე მეტი ქულა რაღაცას ნიშნავს. მალე ყველას დაავიწყდება, რომ ოდესღაც ქულათა სისტემა სხვანაირი იყო და ჩემს მიღწევასაც აუცილებლად გააუმჯობესებენ. ჰოდა, ახლა ჩემი ჯერია იმისათვის, რომ ეს მიღწევა აღვნიშნო“, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.

ცნობისათვის, შუმახერს თავის კარიერაში, ფ1-ის 91 რბოლა აქვს მოგებული, ალონსოს კი - 32. გერმანელის ანგარიშზე შვიდი ტიტულია, ესპანელისა კი - მხოლოდ ორი. თუმცა, სუზუკაზე დაკავებული მე-4 ადგილით, ალონსომ უფრო მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე შუმახერი მოგებისთვის ღებულობდა...

No comments:

Post a Comment